საზოგადოება
კახა კალაძე კითხვაზე, დააყენებს თუ არა საქართველო უკრაინის მსგავსად ნატო-ში შესვლის განაცხადს: არ ვიცი, როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება, გეტყვით

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, სრული მზაობაა იმისათვის, რომ განხორციელდეს ყველა რეფორმა, რათა საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” ქვეყნის მმართველობაში 10 წელია იმყოფება, სად არის საქართველო ნატოსა და ევროკავშირში წევრობის მხრივ.

“მე მგონი, ძალიან კარგად იცით, სად ვართ ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. საქართველო არის ყველაზე მოწინავე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტატუსი არ მოგვანიჭეს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და უამრავი ახსნა-განმარტება გაკეთდა. საქართველო არის მოწინავე იმ სამ ქვეყანას შორის, რომელიც იყო წარმოდგენილი: საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სახით. რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ყველანაირი თვალსაზრისით საქართველო იყო მოწინავე, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარება, არსებული მდგომარეობა, რაც ხდება უკრაინაში ვიცით, რის გამო იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, იმ რეფორმების განხორცილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ექნება ვინმეს იმის ილუზია, რომ ორ-სამ წელიწადში შესაძლებელია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამისთვის ძალიან გრძელი გზაა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ამას თვითონ ჩვენი ევროპელი მეგობარი პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ განვახორციელოთ ყველა რეფორმა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია”,- განაცხადა კალაძემ.

მან უპასუხა შეკითხვას დააყენებს თუ არა საქართველო იმ მოთხოვნას, როგორიც ჰქონდა უკრაინას დაჩქარებული წესით ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით.

“არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება, გეტყვით. არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთულია რამეზე განმარტებების გაკეთება”,- განაცხადა კალაძემ.