აქტუალური
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, კარგი მმართველობის თვალსაზრისით

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. რვა წლის წინ ვიყავი აქ, როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. ჩემი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ უკეთესად გავიგო სიტუაცია თქვენს ქვეყანაში, რეგიონში, რათა გაძლიერდეს ბრწყინვალე და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, ვეწვევი პრემიერ-მინისტრს და შევხვდები პარლამენტის წევრებს. ვეწვევი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსაც, ევროკავშირის სამონიტორინგო მისიის წარმომადგენლებთან ერთად. ძალიან მადლიერი ვარ თბილი მიღებისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე, როგორც ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით. ჩვენი შეხვედრის დროს ასევე განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივები ტურიზმის თუ ვაჭრობის კუთხით. მიმოვიხილეთ რეგიონული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტი, სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ფორუმებზე. მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს წვლილს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიღწევაში. დიდი მადლობა წვლილისთვის ქაბულიდან, ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში“, – აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია არღვევს საერთაშორისო სამართალს.

„რუსეთის ბორდერიზაციისა და დაკავებების პოლიტიკა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ეს სრულიად მიუღებელი და დასაგმობია. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას დიალოგის მიმართულებით. ასევე, მივესალმებით ევროკავშირისა და გაერო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.

ამასთან, ნორვეგიელი მინისტრის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვინდა ვიხილოთ პროცესის გაგრძელება და მაღალი შეფასება მივცეთ იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციები შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ძალზე მჭიდროდ ვპარტნიორობთ ევროკავშირთან. ჩვენი ურთიერთობები ერთიან ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.