აქტუალური
ივანიშვილის რეჟიმს დიდი საზოგადოებრივი პროტესტით თუ შეაშინებ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ნონიაშვილმა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ხელისუფლებისგან არაფერი არ გამოდნება. შეუძლებელია ირაკლი კობახიძე ვაქციოთ დედა ტერეზად , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გიორგი ნონიაშვილმა პარლამენტის ბოიკოტირების თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკომიტეტო სხდომით ან სხდომაზე წარმოთქმული რიხიანი სიტყვით, ივანიშვილის რეჟიმს ვერ შეაშინებ და აუცილებელია საზოგადოებრივი პროტესტი არსებობდეს.

„გამოსავლის გზა არის მკაფიო რეალობის დასახვა. მკაფიო რეალობის დასახვა არის ის, რომ ამ ხელისუფლებისგან არაფერი არ გამოდნება. შეუძლებელია ირაკლი კობახიძე ვაქციოთ დედა ტერეზად. სჯობს, რომ ვიზრუნოთ ერთი მხრივ გაძლიერებაზე, გაძლიერება ნიშნავს, მათ შორის პარლამენტის გარეთ გაძლიერებას, საპროტესტო მუხტზე ზრუნვას. გრძელვადიანი პროტესტი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან ავტორიტარულ, კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას ზოგადად არაფრის ეშინია, გარდა იმისა, რომ საზოგადოების მუხტი იყოს მაღალი.

სხვა ვარიანტი არაა, ივანიშვილის რეჟიმს სხვა შიში არ აქვს. საკომიტეტო სხდომით ივანიშვილის რეჟიმს ვერ შეაშინებ, ვერც საკომიტეტო სხდომაზე წარმოთქმული რიხიანი სიტყვით. იმისთვის, რომ შეაშინო ან უკან დაახევინო, ან დაამარცხო არის ერთადერთი გზა, რომ დიდი საზოგადოებრივი პროტესტი არსებობდეს და ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ ამაზე ზრუნავდეს, დაკავებულია ყალბი სიმულაციით, რეალობის სიმულაციით, რომ ჯერ კიდევ რაღაც შესაძლებელია, რომ პარლამენტში მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

გიორგი ნონიაშვილმა გადაცემაში გაერთიანების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ იდეის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, გაერთიანებას ხელს უშლის რამდენიმე პრობლემა და მათ შორის არის სანდოობის ფაქტორი.

„ერთობა ლეგიტიმურია ყოველთვის, ოღონდ ერთობას უნდა აერთიანებდეს შინაარსი, თუ ფუნდამენტურად განსხვავებული შინაარსი გვაქვს ჩვენ და სხვა პარტიებს, მაშინ როგორ შეიძლება ერთნი ვიყოთ და ერთი სახე გვქონდეს ამ ყველაფერში.

როდესაც პოლიტიკური პარტიები იკრიბებიან და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ერთი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი ელექტორალური წონა ჯამდება და ეს გამოცდილება მათ შორის იმ პოლიტიკურმა პარტიებმაც მიღეს, რომლებიც დღეს ამ სამეულში მონაწილეობენ. მაგალითად „გირჩმა“ მიიღო ის გამოცდილება, რომ მხარდაჭერა განახევრდა იმ პირობებში, რომ ის დიდ ერთობაში მონაწილეობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ანუ ავტომატურად კი არ ჯამდება ხმები, არამედ პირიქით, შეიძლება შენს მხარდამჭერებს არ მოეწონოს, როდესაც იმ პოლიტიკური პარტიის გვერდით დგახარ, რომელიც შენგან ფუნდამენტურად აცდენილია.

მეორე არის სანდოობის ფაქტორი, როდესაც ჩვენ ერთობაში ვმონაწილეობთ, ჩვენ რაღაცაში ვთანხმდებით, მინიმუმ სტრატეგიაზე. ჩვენ გვქონია გამოცდილება, როდესაც ასეთ ერთობაში კეთილსინდისიერად არ მოქცეულან ადამიანები. მაგალითად, ერთობა ხომ არსებობდა პარლამენტის ბოიკოტირების თემაზე, ყველა ხომ მონაწილეობდა ამ ერთობაში? მერე იგივე „სტრატეგია აღმაშენებელმა“ რაღაც დროის შემდეგ ეს ერთობა დაარღვია და შევიდა პარლამენტში. გუშინ გიორგი ვაშაძეს ვუსმენდი და რიხიანად ამბობდა, რომ „როგორ შეიძლება ერთობის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტი არსებობდეს?“, ოღონდ ზუსტად იგივე რიხით დაარღვია ერთობა თავად და ეს ხომ ურთიერთგამომრიცხავი ამბავია“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი