სამართალი
საია: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება“

akcia_tel13საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ 13 ივნისს ინიცირებული კანონპროექტის (რომელიც ითვალისწინებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვან გადასინჯვას) რედაქცია შეიცავს როგორც ბუნდოვან, ისე ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს.

საიას აზრით, პირველ რიგში, გამოსაყოფია წინააღმდეგობა კანონპროექტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას შორის, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები. მათ შორის, დებულება, რომელიც შეიცავდა ბლანკეტურ აკრძალვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ აქციის ორგანიზებაზე და ჩანაწერი, რომელიც ერთ პირს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი. კანონპროექტის მუხლები, რომლებიც კრძალავს მანიფესტაციის გამართვას ცალკეული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში, ასევე, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ფორმულირება მაინც წარმოადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას და შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირებისას აქცენტი უნდა კეთდებოდეს შენობების შესასვლელების ბლოკირების შეზღუდვაზე და არა ფორმალურ რადიუსზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების სრულად ან ნაწილობრივ ხელახლა კანონმდებლობაში დაბრუნება წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მნიშვნელობის სრულ უგულებელყოფას, რაც საიას ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.

ასევე, აღსანიშნავია, კანონპროექტის ბუნდოვანი და პოტენციური საფრთხის მატარებელი დებულებები, მათ შორის, ნორმა, რომლის მიხედვითაც „შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება“. ამ ჩანაწერის მიხედვით, ცალსახად არ ჩანს, ვის შეიძლება მიემართებოდეს აღნიშნული ვალდებულება. ამავე ნორმის თანახმად, ბალანსის დაცვის მიზნით „შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება“. ნათელია, რომ დროისა და ადგილის შეზღუდვა წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ ეს ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, აუცილებელია შეზღუდვა იყოს კანონით განსაზღვრული, ცხადი და ნათელი. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით წესდება ვადა, 15 წუთის ოდენობით, რომლის განმავლობაშიც ორგანიზატორმა უნდა მოახდინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებაზე რეაგირება. თუმცა ცალსახად არ ჩანს, 15 წუთი ორგანიზატორს მიეცემა რეაგირების მოსახდენად, თუ კანონმდებელი 15 წუთს აწესებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და, მაგალითად, სავალი გზის გასახსნელად. თუკი კანონპროექტით გათვალისწინებული 15-წუთიანი ვადა შეეხება სავალი გზის გახსნას ან სხვაგვარი დარღვევის აღმოფხვრას, შესაძლოა, დადგეს ამ დროის გონივრულობის საკითხი. გარდა ზემოაღნიშნული დებულებებისა, ბუნდოვანია, რას გულისხმობს კანონმდებელი, როდესაც ზღუდავს ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების მიმართ „სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას“.

ზემოაღნიშნული ბუნდოვანი და საფრთხის შემცველი დებულებების ჩამონათვალი არ არის სრული და ამომწურავი. საია აგრძელებს წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას და სამართლებრივი ანალიზის მომზადებას კანონპროექტის ყველა პრობლემურ საკითხზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს საკითხის საპარლამენტო განხილვების მიმართ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა მოახდინოს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოს თითოეული დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ამ პროცესში. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებს საია მოუწოდებს, არ დაუშვან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას.