საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ მმართველი პარტიის დამსახურება.

„მოგესალმებით ყველას, ბატონო კომისარო დიდი პატივია ჩემთვის გიმასპინძლოთ საქართველოში. მინდა გულითადად მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის.

ბატონი ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ხალხის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი და მე მინდა მას, ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციის გზაზე.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია, ამასთანავე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ზედმიწევნით.

ბატონო კომისარო, თქვენ იცით, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი მთავრობის დამსახურება არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, ეს ყველაფერი ჩვენ, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვუტანეთ და ეს არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია ბოლო 10 წლის განმავლობაში, მე მინდა შეგახსენოთ ასევე ძვირფასო მეგობრებო, რომ 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით პრაქტიკულად დიქტატორული რეჟიმის, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში სადაც არავითარი რეალური ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც   თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო, სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ, პროცესი, ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო, ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ჩვენ ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.