საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით: - “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ის, ვინც არ არის საქართველოს მეგობარი, გააგრძელებს არამეგობრულ ნაბიჯებს. ამიტომ, იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესმა დაგვანახა, ვინ არის ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და ვნახეთ, რომ ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გულზე მჯიღს იცემენ ხოლმე „საქართველო, საქართველოს” სკანდირებით, ვნახეთ, რამდენად წვრილმანი პოლიტიკანები არიან, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის წინსვლას. ნაცვლად იმისა, დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის ამ სტატუსს.

მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, ყველაფერს აკეთებენ ამ პერიოდში იმისთვის, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ამ გზაზე. ჩვენ ვნახეთ მათი მცდელობები რეზოლუციების კუთხით, როგორ დაესხნენ თავს სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ტექსტს, როგორ მოხდა ძალის კონცენტრირება, რომ შიგნით აღმოჩენილი ფორმულირებები, რომლებიც პირდაპირი მოწოდებაა ევროკომისიის მიმართ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ.

ჩვენ ხელისუფლებას ახლა უწევს ძალიან რთულ პირობებში მუშაობა, ერთი მხრივ, არის ევროკავშირის დარწმუნების საკითხი და მეორე მხრივ, არის ეს ხელისშემშლელი ფაქტორები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ამ მისწრაფებას და ხელისუფლებას უწევს მუშაობა, რომ რამენაირად ეს საფრთხეები გავანეიტრალოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.