საზოგადოება
კლაუს იოჰანისი: გვჯერა, რომ პარტნიორებისთვის მომავალშიც უნდა დარჩეს ნატო-ს კარი ღია, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. გვჯერა, რომ პარტნიორებისთვის მომავალშიც უნდა დარჩეს ნატო-ს კარი ღია, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც სწორედ ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს, ამ შენობაში იყო მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ რუმინითის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე განაცხადა.

იოჰანისის თქმით, ნატო უნდა დაეხმაროს ყველაზე ღირებულ პარტნიორებს, გაზარდონ თავიანთი მედეგობა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, მოგესალმოთ რუმინეთში. ნატო-ს ყოფნა აღმოსავლეთ ფლანგზე, შავი ზღვის რეგიონთან ახლოს, ძალიან დროული და შესაფერისია. ეს აგზავნის ძლიერ მესიჯს სოლიდარობის, ერთიანობისა და სტრატეგიული გადაწყვეტის შესახებ. ეს ასევე აჩვენებს, რომ ალიანსისთვის თავისუფლებისა და მშვიდობის ღირებულება საკვანძოა. ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ რუმინეთი ღირებული და აქტიური პარტნიორია, რომელიც მოკავშირეების პრინციპებს იზიარებს. ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს ალიანსის მისიებში და ჩვენს რეგიონსა და რეგიონს მიღმაც მშვიდობისა და სტაბილურობის კონტრიბუტორი ვართ. რუმინეთი ამაყია, რომ მეორედ მასპინძლობს ნატო-ს ასეთი მაღალი დონის ღონისძიებას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ. აღმოსავლეთ ფლანგის წევრი ქვეყანა პირველად მასპინძლობს მინისტერიალის დონეზე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს ნატო-სთვის და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წარმოებულმა ომმა გავლენა მოახდინა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, დააზიანა ეკონომიკა და გავლენა მოახდინა მსოფლიოს მასშტაბით საკვებ კრიზისსა და ენერგოკრიზისზე. საპასუხოდ, ჩვენი ალიანსი ერთიანად და მტკიცედ დგას, რომელმაც ისე, როგორც არასდროს ისტორიაში, მოახერხა კონსოლიდაცია და გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი თავდაცვისა და შეკავების თაობაზე, ასევე დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი და დაეხმაროს ჩვენს ყველაზე ღირებულ პარტნიორებს, გაზარდონ თავიანთი მედეგობა. ამ კონტექსტში მოლდოვა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა ასევე არიან მოწვეულები, რომ შემოუერთდნენ ერთ-ერთ სესიას. მინისტრი კულება ასევე დაესწრება საღამოს ერთ-ერთ შეხვედრას. ასევე, ხაზი მინდა, გავუსვა იმ ფაქტს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ნატო-ს ეგიდით მოლდოვის რესპუბლიკა პირველად იღებს მონაწილეობას მსგავს შეხვედრაში, მოხარული ვართ, რომ ეს პრემიერა სწორედ აქ, ბუქარესტში შედგა“, – განაცხადა იოჰანისმა.

ამასთან, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შავი ზღვა ნატო-ს ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის აღნიშნული.

„რამდენადაც 2023 წლის ლიეტუვის სამიტისთვის ვემზადებით, ჩვენი სრული პასუხისმგებლობაა, შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთობლივად მოვახდინოთ მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აღმოსავლეთ ფლანგის, მათ შორის, შავი ზღვის გაძლიერებას ეხება. შავი ზღვა ნატო-ს ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის აღნიშნული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და აქტიური მონიტორინგი გავუწიოთ რეგიონისადმი კიდევ უფრო მეტად სტრატეგიულ მიდგომებს. ამასთან, რუმინეთი ღია კარის პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერად რჩება. დარწმუნებული ვართ, რომ ფინეთი და შვედეთი, როგორც მოწვეული ქვეყნები, მალე გახდებიან წევრები. ასევე გვჯერა, რომ მომავალშიც უნდა დარჩეს ნატო-ს კარი ღია პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც სწორედ ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს, ამ შენობაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტერიალი გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ევროპის სამომავლო კონსოლიდაციისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ყველა მოქალაქის სასარგებლოდ“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.