საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე: სიმბოლურია, რომ ბუქარესტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ ბუქარესტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში. ეს არის შეუქცევადი პროცესი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს. ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოზეც აისახება.

გარდა ამისა, დეკლარაციაში მნიშვნელოვანწილად ადგილი დათმობილია ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე, გაძლიერებაზე, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე და იმაზე, რომ ქვეყანას, რომელიც მუდმივად არის რუსეთიდან რისკის, საფრთხის ქვეშ, სჭირდება მეტი დახმარება, თანადგომა, რათა მშვიდობა, სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ამავე დროს, მოვახერხოთ განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ეს არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენზეც აისახება.

იცით, რომ ამ გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებს ნატო-ს წლევანდელი მადრიდის სამიტის სტრატეგიული ახალი კონცეფცია, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება იმპლემენტირებული და განხორციელებული. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალი წლების განმავლობაში, რაც შეიძლება, დროულად გვქონდეს ჯეროვანი ამბიცია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კითხვაზე, – „ბუქარესტის მინისტერიალი არის გარკვეულწილად მოსამზადებელი ეტაპი, რომ მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია მოხდეს ვილნიუსის სამიტისთვის. როგორია მომავალი წლის სამიტის მოლოდინები, რას შეიძლება ველოდოთ?“ – ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ვიდრე უკრაინაში ომია, პროგნოზების გაკეთება რთულია.

ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რაღაც პროგნოზების კეთება ძალიან რთულია. დღეს ნატო, მთლიანად ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები მიმართული არიან იმისკენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. ერთი მხრივ, ცივილურმა სამყარომ დაანახოს თავისი სიძლიერე და მეორე მხრივ, განვითარების, პროგრესის მეტი შესაძლებლობა მიეცეს. იმედი მაქვს, დღევანდელი მინისტერიალი და შემდეგი პროცესი ვილნიუსის სამიტამდე ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ამასთან, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ მადრიდის სამიტზე, გარდა სტრატეგიული კონცეფციისა, თანხმლები დოკუმენტები დამტკიცდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ საქართველოზეა გათვლილი.

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის სამიტზე, გარდა სტრატეგიული კონცეფციისა, ასევე თანხმლები დოკუმენტები დავამტკიცეთ, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ საქართველოზეა გათვლილი. ეს არის კიდევ უფრო განვითარებული და მეტი დახმარება საქართველოსთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით. რა თქმა უნდა, ამის იმპლემენტაციის თაობაზე დღეს მინისტერიალზე ვისაუბრებთ, რამეთუ მადრიდის სამიტმა ჩვენ ეს უკვე დაგვავალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრესი დაფიქსირდება დღეს და თვითონ პროცესი გაძლიერდება მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში, რაც სერიოზულად აისახება როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ისე მომავალ ევროატლანტიკურ სრულფასოვან ინტეგრაციაზე“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.