აქტუალური
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2022 წლის მესამე კვარტალში 745.3 მილიონი დოლარი შეადგინა

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

მათივე ცნობით, 2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 6-ჯერ გაიზარდა და 226.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და, შესაბამისად, მისი წილი 60.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, პირველ ადგილზეა ესპანეთი – 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდიაა – 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.