აქტუალური
ჯუანშერ ბურჭულაძე: ვინც იბრძვის იდეის გამო და სწამს, რომ უკრაინაში იცავს საქართველოს ინტერესს, ყველა გმირია

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ვინც საქართველოსთვის ან მეგობარი ქვეყნისთვის იბრძვის, ჩემთვის ყველა გმირია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მზად არის, უკრაინაში დაღუპულის ოჯახის წევრებს შეხვდეს და მოუსმინოს.

ჩვენი ხელისუფლების დროს, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა თავდაცვის მინისტრი, არც ერთი დაღუპულისა და დაჭრილის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. ეს ფაქტია. რაც შეეხება უკრაინაში დაღუპულ გმირებს, ვთქვი, რომ მე მზად ვარ, ნებისმიერს, ვინც მოითხოვს შეხვედრას, ოჯახის წევრი იქნება თუ ახლობელი, შევხვდე, მივუსმინო“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, ბურჭულაძემ აღნიშნა: არ მქონია. რა თემაზე უნდა მქონოდა? სამძიმარი საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. კვალიფიკაციაც მივეცი, რომ ვინც იბრძვის იდეის გამო და ვისაც სწამს იმის, რომ იქ იცავს საქართველოს ინტერესს, ყველ გმირია. არის შემთხვევა, როდესაც ანაზღაურების სანაცვლოდ მიდიან, მსოფლიოში არის ასეთი პრაქტიკა, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი მიდის ბრძოლაში. 39 დაღუპულზე გეუბნებით, ვინც საქართველოსთვის იბრძვის ან მეგობარი ქვეყნისთვის, ჩემთვის ყველა გმირია. ფორმალური სტატუსია გმირი? ფორმალურად გმირის სტატუსი აქვთ. გმირის სტატუსი ფორმალური სტატუსია”.