აქტუალური
გია ვოლსკი სააკაშვილზე: თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. რასაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს - თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, ბოროტული პიარ-გეგმის ნაწილია, რაც იმით უნდა დაგვირგვინდეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს და მეორე ფრონტი გაიხსნას.

მისივე განცხადებით, ადამიანი უნდა იყოს ბრმა ან მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ ეს ვერ დაინახოს.

როგორ შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება - ის უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობაზე, უარს აცხადებს ექსპერტიზაზე და უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია, რამდენიმე დღეა შიმშილობს და რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდ კალათაში იკრიბება, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია. ამაში უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს. მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომელიც განსახილველად დევს. აქ პოლიტიკური კარნახი ვერ იქნება. მეშინია კიდეც, რაიმე ისეთი განცხადება არ გავაკეთო, რომ სასამართლოზე ზეწოლა დამაბრალონ, რისი რესურსიც პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არავითარ ფატალურ შედეგამდე არ მივა. ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ თავად სააკაშვილის რეჟიმი რომ ყოფილიყო, იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, ის 50-წლიან თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა.

“მთელი მისი პოლიტიკური გარემოცვა და ამაში ოჯახის წევრებიც არიან ჩართული, სააკაშვილს იქითკენ უბიძგებენ, რომ თავი დაიზიანოს. ხოლო თუკი ფატალური შედეგი დადგება ამით ისარგებლებს არა სახელმწიფო და მმართველი ჯგუფი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი რესურსი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება ცუდად იყოს და რაც შეიძლება მეტი პრეტენზია ჰქონდეთ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ. ასეთია რეალობა. არის მეორე რეალობაც - თუკი ადამიანი არ ჭამს, თუკი ადამიანი აცხადებს, რომ მოწამლულია და უარს ამბობს ექსპერტიზაზე, თუკი ადამიანს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია და არ მიჰყვება დანიშნული მკურნალობის კურსს, რა საკვირველია, ის კარგად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ არის ჰოსპიტალში.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვამ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოს.

მისმა გუნდმა - კლოუნის მიერ ჩამოყალიბებულმა რევკომმა კი დასახოს გეგმები და თუკი რესურსი აქვთ, არჩევნებში გაიმარჯვოს და არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. მერე უნდა სააკაშვილი გაათავისუფლოს და რაც უნდა ის ქნან, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ხაბეიშვილები საქართველოს საზოგადოებას ვერ აჯობებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.