ადამიანის გვარი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას და ხშირად მიუთითებს არა მხოლოდ მის ეთნიკურ კუთვნილებაზე, არამედ მის წარმომავლობაზეც - მაგალითად, პირველი პიროგოვები ალბათ მცხობელები იყვნენ, ღმერთმა თავად უბრძანა საპოჟნიკოვებს ჩექმების კერვა, ზელენსკები დიდი ალბათობით ყიდდნენ მწვანილს - შესაძლოა საქართველოდანაც, ხოლო რიბაკოვები მეთევზეები იყვნენ. გვარი „პუტინ“ რუსული სიტყვიდან “путь“ (გზა) მოდის, ხოლო ჩემი გვარის ძირი ხიდს ნიშნავს.
გზები და ხიდები, მოგეხსენებათ, აახლოებს ხალხს და არ მესმის, რატომ დღეს, აფხაზეთის ომიდან 20 წლის შემდეგ, არ არის აღუდგენილი სარკინიგზო ხიდი ენგურზე? თუ ზემო ლარსის გავლით მოქმედებს პირდაპირი საავტომობილო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის და შენდება მეორე გზა, რომელიც აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს*, თუკი ორიოდე წლის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ფუნქციონირებდა და მალე კვლავ აღდგება, მაშინ რატომ არის პარალიზებული დღემდე რუსეთ-საქართველოს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა? ეს ხომ კარგია, რომ სარკინიგზო გზა აფხაზეთზე გადის - განა აფხაზეთი საქართველო არ არის? განა ჩვენ აფხაზებთან შერიგების გზას არ ვეძებთ? განა მატარებლები ქართველებსა და აფხაზებს უფრო მეტად არ დააახლოებენ, ვიდრე ასი „შერიგების“ მინისტრი? განა სარკინიგზო - სატვირთო და სამგზავრო - გადაზიდვები საჰაერო და საავტომობილოზე გაცილებით იაფი არაა?
დღეს, როცა საქართველოს ეკონომიკა აღმავლობას განიცდის რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის მოცულობის გაზრდის, რუსი ვიზიტორების შემოდინებისა და ინვესტიციების გამო, რკინიგზით თვირთების მიმოქცევას შეუძლია უზარმაზარი მოგება მოგვიტანოს. შეუძლებელია საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ზარალის დათვლა, მათ შორის - საქართველოსა და სომხეთის რკინიგზაზე, აგერ უკვე 20 წლით ჩაკეტილი ამიერკავკასიის რკინიგზის** გამო, რომელიც რუსეთს - საქართველოსა და სომხეთთან აკავშირებს, ამიტომ ამ გზის ქართული მონაკვეთის გახსნით სომხები, მათ შორის - აფხაზეთის სომხები, ქართველებზე არანაკლებ დაინტერესებული არიან. როგორც ამბობენ, აფხაზეთის მონაკვეთს ენგურის რკინიგზის ხიდამდე რუსი სამხედრო რკინიგზელების მიერ ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მაგრამ საქართველომ უნდა იჩქაროს, სანამ ზემო ლარსზე ბუნებრივი და სხვადასხვა ტექნუკური მიზეზების გამო ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება. როდესაც ერთ წელიწადში ზემო ლარსისკენ მიმავალი ახალი კომფორტული გზა ექსპლუატაციაში შევა, რაც მგზავრობის მანძილს-გამავლობის დროს თითქმის ერთი საათით შეამცირებს (10 უნიკალური ხიდითა და გვირაბით, რომლებსაც ჩინელები აშენებენ აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ნახევარი მილიარდი დოლარით), სომხეთის ინტერესი საქართველოს გავლით რუსეთში სარკინიგზო მარშრუტის გახსნით გარკვეულწილად შემცირდება.
უკვე ვჭვრეტ, რომ შემედავებიან - აქაოდა, აშშ და ევროკავშირი საქართველოს სანქციებით დაემუქრნენ, თუ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას გაბედავსო, რა სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე შეიძლება საუბარი?!
ვუპასუხებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს აქვს შესაძლებლობა დაეთანხმოს აშშ და ევროკავში ამიერკავკასიის რკინიგზის გახსნას მთელ სიგრძეზე, რუსეთიდან - სომხეთამდე, თუ აამოქმედებს სომხეთს, ხოლო სომხეთი თავის მხრივ - ძლიერ სომხურ ლობის აშშ-სა და საფრანგეთში. სწორედ დღეს, როცა სომხეთი უახლოვდება დასავლეთს, მას უფლება აქვს, სთხოვოს აშშ-ს გაუწიოს ანგარიში - დართოს ნება საქართველოს რკინიგზას აწიოს შლაგბაუმი და მიიღოს ადლერიდან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე - ერევანში მომავალი მატარებლები ფსოუს ხიდზე აფხაზეთის მონაკვეთისა და ენგურის ხიდის გავლით.
ჯერ კიდევ ახლახან ვაშინგტონი არ დათანხმდებოდა ამაზე სომხებს, რადგან საქართველოს რუსეთთან უშუალოდ დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნა ავტომატურად გამოიწვევდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობას - გაჩნდებოდა ახალი კონტაქტები და ერთობლივი ბიზნეს პროექტები, რაც ხელს შეუწყობდა ქართულ-აფხაზური შერიგებას, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის გეგმებს რეგიონში, კერძოდ, საქართველოში. მაგრამ სომხეთის საგარეო პოლიტიკის კურსის კორექციისა და რუსი სამშვიდობოების ევროპელი დამკვირვებლებით ჩანაცვლების განზრახვის გათვალისწინებით, აშშ-ს შეუძლია „მოწყალედ“ ნება დართოს საქართველოს პარლამენტს მოახდინოს დიდი ხნის ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება საბაჟო ადმინისტრირებისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ (რა თქმა უნდა, სანქცირებული და სამხედრო ტვირთების აკრძალვის პირობით, თუმცა სომხეთი არ შეერთებია დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ). აი ასე, სწორი დიპლომატიის საშუალებით შეიძლება მიიღწიოს კონსენსუსი, სადაც საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ამერიკის ინტერესები გარკვეულ (ამ შემთხვევაში - სარკინიგზო) მონაკვეთში ერთმანეთს ემთხვევა.
სხვა წინააღმდეგობებსაც ვჭვრეტ, მაგალითად: აქაოდა, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დიდ საპროტესტო ტალღას ააზვირთებს და საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ისედაც პრორუსულად ნათლავს, გამოაცხადებს მოღალატედ, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ე.წ. . სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
ვპასუხობ. არავითარი განსაკუთრებული პროტესტი არ არის მოსალოდნელი რამდენიმე მიზეზის გამო, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველოში „ოპოზიცია“ ბოლო დროს ეფემერული ცნებაა და ასევე იმიტომ, რომ როცა თანხმობა მოვა ვაშინგტონიდან, ვერც ერთი „რადიკალური ოპოზიციონერი“ კრინტის დაძვრას ვერ გაბედავს. იდეოლოგიური დასაბუთება ძალიან დამაჯერებელი იქნება: აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბრიფინგზე გამონაკლისს დაუშვებს და სიმართლეს იტყვის - რომ სარკინიგზო ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით არ ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რადგან აფხაზეთი საქართველოა. ამერიკელი ელჩის განცხადების გარეშეც - ერთი მიბრძანეთ, რანაირად წარმოადგენს „აფხაზეთის აღიარებას“ რუსეთის საბაჟოს მიერ დალუქული ტვირთები, რომლის ლუქს სომეხი ან ქართველი მებაჟეები ახსნიან, თუ ტვირთი საქართველოსთვის არის განკუთვნილი? იგივე ეხება მგზავრებსაც - რუსეთის მოქალაქეებსა თუ აფხაზეთის მაცხოვრებლებს: განა პირველებისთვის არ გვაქვს უვიზო რეჟიმი, განა მეორენი თავისუფლად არ გადმოდიან საქართველოს ტერიტორიაზე ენგურის საავტომობილო ხიდით - ნათესავების მოსანახულებლად, სამკურნალოდ, საყიდლებზე? მაშ, რა დააშავა რკინიგზამ, ბატონებო?!
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მომაკვდავი ოპოზიცია არაფერს გააპროტესტებს, არის ის, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა მისი ბელადის - ექსპრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივაა! რუსეთ-შვეიცარია-საქართველოს შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ, ხელი მოაწერა ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში ჯერ კიდევ 2011 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს ხმის სანაცვლოდ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და გამოცხადდა ქართული დიპლომატიის მიღწევად და სააკაშვილის ხელისუფლების დიდ გამარჯვებად! რის შემდეგაც კერძო შვეიცარიულ კომპანია SGS-ს უნდა დაეწყო რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომავალი ტვირთების მონიტორინგი სამი საბაჟო დერეფნის, მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ეს საკითხი წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ინსინუაციების საგნად იქცა, კერძოდ: უკვე ყოფილმა მმართველმა პარტიამ - სააკაშვილის “ნაცმოძრაობამ“- „გადაატრიალა ფირფიტა“ და დაადანაშაულა ახალი ხელიფლება„კრემლის ინტერესების გატარებაში“. ამავდროულად, „ნაცმოძრაობიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული „შეთანხმება“ წინა ხელისუფლებამ მისი პირადი მონაწილეობით მოამზადა, ამიტომ ამაში დღევანდელი ხელისუფლების არავითარი დამსახურება არ არის…
სანამ ქართველი პარლამენტარები ყბედობდნენ და კამათობდნენ - სად გადის საქართველოს საზღვარი - როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე, როგორც ეს "შეთანხმებაშია" მითითებული, ან დე ფაქტო - გორსა და ზუგდიდთან, "ქართული ოცნების" მთავრობამ ეს საკითხი გადადო. თუმცა, თუ ასეთი ვითარება მომავალშიც გაგრძელდება, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს სატრანზიტო სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია - მისი გეოგრაფიული მდებარეობის მთავარი უპირატესობა. საქმე ისაა, რომ როდესაც ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობა კონსტრუქციულ კალაპოტში გადაინაცვლებს და, როგორც იგეგმებოდა ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მოხდება სატრანსპორტო მაგისტრალების განბლოკვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საავტომობილო და სარკინიგზო დერეფნების გახსნის შედეგად, რომლებიც, სომხეთის სიუნიქის რაიონის გავლით, აზერბაიჯანს - ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქსა და თურქეთთან; სომხეთს - ირანსა და თურქეთთან; რუსეთს - სომხეთსა და თურქეთთან აკავშირებს, საქართველო აღარ იქნება სომხეთის - რუსეთთან, აზერბაიჯანისა - თურქეთთან და ა.შ. დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანი. არადა ტრანზიტი, ტურიზმთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შედეგად, ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტების დატვირთვა შემცირდება, ნელ-ნელა დაცარიელდება საქართველოს სამხედრო გზა, რომლის კეთილმოსაწყობად აზიის განვითარების ბანკი სომხეთის გამო საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებდა. ამრიგად, საქართველო თანდათან დაკარგავს საკომუნიკაციო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს - დასავლეთთან, ჩრდილოეთს - სამხრეთთან. ამიტომ, ეროვნულად ორიენტირებულმა საქართველოს მთავრობამ უნდა განბლოკოს ამიერკავკასიის რკინიგზა, ხოლო სანამ მოსკოვისა და თბილისის მოსაზრებები საქართველოს საზღვრის თაობაზე არ ემთხვევა, დაე აფხაზური მონაკვეთის მონიტორინგი შუამავლებმა - კერძო შვეიცარიულმა კომპანია SGS-მ განახორციელოს, როგორც ამას 2011 წლის ზემომოყვანილი „ხელშეკრულება“ ითვალისწინებს.
ეს იქნება საქართველოს პირველი წვლილი „კავკასიურ პლატფორმაში“ 3+3, რადგან ქართული მარშრუტი ზემოთ ჩამოთვლილ ალტერნატივებზე უფრო კონკურენტუნარიანი და პერსპექტიულია, მით უმეტეს, რომ თბილისში ის კვეთს ახალ სარკინიგზო მაგისტრალს „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსი“* **, რომელსაც, ამგვარად რუსეთის სამხრეთით გასვლის შესაძლებლობა ექნება. ამასობაში კი, სანამ ენგურზე აფეთქებული სარკინიგზო ხიდი ჟანგდება, საქართველო ეკონომიკური სანქციების ქვეშაა, რომლებიც საკუთარ თავს თავად გამოუცხადა, რაც უახლოეს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა...
ქართველ ხალხს მხოლოდ გაუხარდება მეორე მხარეს ნათესავებსა და მეგობრებთან, მშობლიური ადგილებისკენ მიმავალი გზის გახსნა, აფხაზებიც არ იქნებიან წინააღმდეგი, რადგან აფხაზეთი აღარ იქნება სატრანსპორტო ჩიხი და უწინდებურად აყვავდება, ხოლო ნდობის განმტკიცებასთან ერთად, დროთა განმავლობაში ხელოვნური საზღვრები ჩვენს შორის უმაქნისი გახდება… რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, რომ მოსკოვი მოიწონებს საქართველოს მთავრობის ამ ინიციატივას და ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს მას, რადგან გვარი „პუტინი“ ტყუილუბრალოდ არ მომდინარეობს რუსული სიტყვიდან „გზა“.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 13 თებერვალი
საქართველო, თბილისი
*“ქვეშეთი-კობის“ მონაკვეთი არის „მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის” საავტომობილო გზის საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი „გუდაური-კობის“ მონაკვეთის შემოვლითი გზა. პროექტის ფარგლებში შენდება 23-კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი, რომელთა შორის ყველაზე დიდი საქართველოში, 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრის დიამეტრის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გადის.
** ამიერკავკასიის რკინიგზის ისტორია 158 წლისაა და ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა მიეკუთვნოს. 1892 წელს ამიერკავკასიის რკინიგზაზე ოპერის მომღერალი ფიოდორ შალიაპინის, მხატვარი ნიკო ფიროსმანისა და მწერალი მაქსიმ გორკის ბიოგრაფიები იკვეთება: 30 წლის ფიროსმანი მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, სატვირთო ვაგონის მემუხრუჭედ, 19 წლის შალიაპინი მსახურობდა ჩინოვნიკად საგზაო სამმართველოში, ხოლო იმავე სამმართველოს ბუხგალტერის, გვარად „კალუჟნი“-ს სახლში ცხოვრობდა 24 წლის ალექსეი პეშკოვი, რომელიც მუშაობდა რკინიგზის საამქროებში და წერდა თავის პირველ მოტხრობას „მაკარ ჩუდრა”. 1939 წლის 1 დეკემბერს, ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, ამიერკავკასიის რკინიგზას მიენიჭა ლ. პ. ბერიას სახელი.
*** „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალი ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის 30 ოქტომბერს, თუმცა დღემდე მუშაობს სატესტო რეჟიმში და ვერ მიაღწია საპროექტო სიმძლავრეს. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2024 წელს იგეგმება.