პუბლიკაციები
ვინ თესავს შუღლს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის (რა იმალება საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებული სკანდალის მიღმა)

alieva

საქართველოში ახლახან შეიქმნა საქართველოს მუსლიმანთა სულიერი სამმართველო, რომლის ხელმძღვანელადაც შეიხი ვაგიფ ახპეროვი და მუფტი ჯემალ პაქსაძე აირჩიეს. ასეთი მოვლენა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების საყოველთაოდ მიღებულ ნორმას წარმოადგენს, თუმცა მან, რატომღაც, კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოსა და საქართველოში აზერბაიჯანული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენლის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ამ თემის კომენტირებისას ქართველ ხელისუფალთ პირდაპირ ადანაშაულებენ აზერბაიჯანელების – საქართველოს მოქალაქე მუსლიმანების მიმართ რაღაც მტრულ მოქმედებებში. საუბარია იმაზე, თითქოს აზერბაიჯანისგან ე. წ. ქართველი აზერბაიჯანელების „მოწყვეტა“ და აზერბაიჯანისთვის საქართველოზე გავლენის ფაქტორის მოსპობა სურთ. მოყვანილია უფრო მეტად გამაოგნებელი, თუმცა გაუგებარია – რაზე დაფუძნებული არგუმენტი, თითქოსდა ამის უკან „დიადი სომხეთის“ გეგმები დგას... ვერც კი წარმომიდგენია, რა თავზარი დაეცემა ქართველ ხელისუფალთ, როცა შეიტყობენ, რომ სწორედ თავად ქმნიან „დიად სომხეთს“!

ისმის ბუნებრივი და სავსებით კანონზომიერი კითხვა: ასეთი რა „საშინელება“ მოხდა სინამდვილეში, რომ ამგვარი რეაქცია და სკანდალური განცხადებები გამოიწვია? ეგებ საქართველოში ყურანი აკრძალეს, მეჩეთები დახურეს, აზერბაიჯანელებს თავიანთ მრწამსზე უარის თქმასა და სხვა აღმსარებლობის მიღებას აიძულებენ?! არა, საბედნიეროდ, ამგვარი არაფერი ხდება. მთელი ეს აურზაური მხოლოდ იმიტომ ატყდა, რომ საქართველოს მუსლიმანებმა აირჩიეს თავიანთი სულიერი ხელმძღვანელები, რომლებიც მათსავით საქართველოს მოქალაქეები არიან. მაშ, რით გამოიხატება მორწმუნე მუსლიმანთა უფლებების დარღვევა?! იქნებ იმით, რომ ისინი კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს დაქვემდებარებიდან გამოდიან? მაპატიეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა მორწმუნეთა უფლებების დარღვევაზე, არამედ კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს გავლენის არეალის შემცირებაზე. თუმცა, სავარაუდოდ, აქ სინამდვილეში საუბარი ეხება კონკრეტული სულიერი ფუნქციონერებისა და მათი მცირერიცხოვანი მომხრეების ძალაუფლებრივი კომპეტენციის შემცირებას (რაც თავადაც კარგად მოეხსენებათ!)! ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასიის მუსლიმანთა სამმართველო, ფაქტობრივად, საბჭოთა მემკვიდრეობაა, ყოფილი სსრკ-ის ოთხი ტერიტორიული სულიერი სამმართველოდან ერთ-ერთი – ქვეყნისა, რომელმაც აგერ უკვე ორი ათეული წელია, თავისი არსებობა შეწყვიტა. რა არის გასაკვირი და შემაშფოთებელი იმაში, რომ „ახალგაზრდა“ სახელმწიფოების მიერ გატარებულ მრავალრიცხოვან დემოკრატიულ რეფორმას შორის განხორციელდეს ის რეფორმებიც, რომლებიც ცხოვრების რელიგიურ ასპექტებს მოიცავს?!

საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს ოპონენტთა არგუმენტაცია, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს... თურმე ამან „შეიძლება ავნოს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას და აზერბაიჯანს საქართველოზე გავლენის ბერკეტები მოუსპოს“. ეგებ ამიხსნათ, საქართველოში მუსლიმანური დიასპორის სახით, რა „გავლენის ბერკეტები“ უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანს ქართულ სახელმწიფოსა და მის ხელმძღვანელობაზე?!

საქართველოსა და აზერბაიჯანის, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობა ხომ საუკუნოვან ძმურ სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული! და ჩვენს მეგობრობას ასეთმა განცხადებებმა და კომენტარებმა შეიძლება შეუშალოს ხელი. მით უფრო, რომ ეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მშვიდობიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფონზე ხდება.

ისმის კითხვა: რის მიღწევა სურს ამ ხალხს? იმის, რომ ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქე-მუსლიმანები ერთგვარ „მეხუთე კოლონად“ აღიქვას, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ხელმძღვანელობას ემორჩილება?! როგორ ფიქრობთ, ეს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს? ხოლო თუ ვინმესთვის ცნობილია მორწმუნე აზერბაიჯანელების უფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები, მაშინ ამის შესახებ კონკრეტულად უნდა ილაპარაკოს და არ ამოეფაროს ზოგად აბსტრაქტულსა და თითიდან გამოწოვილ მსჯელობებს! ხოლო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხელახლა არჩეულ სულიერ ლიდერს კრიმინალური წარსულის ქონებაში ადანაშაულებს, მაშინ ეს ბრალდება არა „ბლოგებსა“ და სტატიებში, არამედ პროკურატურისადმი მიმართულ კონკრეტულ განცხადებაში უნდა წაუყენოს. ამ შემთხვევაში, ან ერთს მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კრიმინალური წარსულისთვის, ან მეორეს – ცილისწამებისათვის!

საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს კრიტიკოსთა პირით თითქმის დანაშაულად ჟღერს სახელმწიფო ჩინოვნიკების მონაწილეობა მის დაარსებაში. ისმის სავსებით კანონზომიერი კითხვა – მაინც რა წარმოადგენს პრობლემას? რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამით რიგით მუსლიმანს – აზერბაიჯანელს? არავითარი! მაშ, ერთი პატარა ჯგუფის ვიწრო ეგოისტური ინტერესებისათვის რატომ უნდა ვავნოთ ორი მოძმე ხალხის ურთიერთობას, ეთნოსთაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების უაღრესად დელიკატური საკითხის შეხებით, ფაქტების განზრახ დამახინჯებით, აქცენტების გადანაცვლებითა და ძალზე თვითნებური და არაობიექტური ინტერპრეტაციებით?

საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთნაირად სჭირდებათ ერთმანეთი, კეთილმეზობლური და მოკავშირული ურთიერთობები. საქართველოში აზერბაიჯანელები არასოდეს განიცდიდნენ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის ნეგატიურ ზეწოლას. მაშ, რა საჭიროა ბუზის სპილოდ გადაქცევა, რამდენიმე კაცის სამსახურებრივი კეთილდღეობის გამო ათობით ათასი თანამემამულის ბედით მანიპულირება, იმათი დაცვა, ვინც დაცვას არც ითხოვს და არც სჭირდება?! განა თითოეული ადამიანი, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე შედგამს ფეხს, ხალხის მსახური არ არის, რომელიც პრიორიტეტს უპირობოდ ხალხის და არა საკუთარ ინტერესებს ანიჭებს?!

 

არასამთავრობო საზოგადოების – „აზერბაიჯანელთა კავშირი საქართველოში – მოქალაქეობრივი მოქმედება“ – თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი

საბინა ალიევა