პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში: ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კვლავ უზრუნველყოფდა საქართველოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კვლავ უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ (2022) ანგარიშშია ნათქვამი.

ნატოს გენერალური მდივნის 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე.

საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ნატოს მთავარი ინსტრუმენტია საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. 2022 წელს ის კვლავ უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. ეს საქართველოს ალიანსში საბოლოო წევრობისთვის მომზადებაში ეხმარება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში საბოლოო წევრობას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2022 წლის მადრიდის სამიტზე.