საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის. ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რაც შეეხება ჩემს მიერ იმ პროცესის შეფასებას, რომელიც აკადემიურ და საგანმანათლებლო სისტემაშია, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის პირდაპირ მართული - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეგზავნა ხდებოდა აუდიტორიებში. თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც ამავე დროს, ლექტორია - ერთმა სტუდენტმა პროტესტი გაითამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არათუ თსუ-სტუდენტი არ არის, საერთოდ სტუდენტი არ არის, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტატუსი შეჩერებული აქვს, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თსუ-სთან, მიგზავნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან იმისთვის, რომ ლექცია ჩაეშალა.

ბატონო არმაზ [ახვლედიანი], თქვენ გასული საუკუნის 30-იანი, თუ 20-იანი წლები გაიხსენეთ. თუკი რამე გვაგონებს ამას, ეს გვაგონებს. 100 წელია ეს საქართველოში არ მომხდარა, 100 წლის წინ მოხდა ბოლოს, როცა უნივერსიტეტში, თსუ-ში უგზავნიდნენ ტყავის ქურთუკიან, „მაუზერიან“ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ პროფესორები აუდიტორიებიდან გამოეყარათ. სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯვნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა. თუკი ვინმეს რამე პროტესტი აქვს, ვინმეს რამე აზრი აქვს, სწორედ ასეთი ქცევებით, ასეთი ნაყიდი პროტესტით, შეგზავნილი აქტივისტები აფუჭებენ აქტივიზმსაც, სამოქალაქო სითამამესაც და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არათუ ვინმეს სათაკილო უნდა ჰქონდეს, ყველას ვალდებულებაა, ამხილოთ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც როგორც აქტივისტი შეგზავნილია აუდიტორიებში, რომ ლექტორებს ობსტრუქცია მოუწყოს. არაფერი ესაქმება პოლიტიკურ აქტივიზმს აუდიტორიებში. მე თავად, წლები ვკითხულობდი ლექციებს, ბევრი თქვენგანი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხართ.

ეთიკის პირველი საკითხია, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის, ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა. ზიზღს, ადამიანის მტრად გამოცხადებას რომ არ ემიჯნებით და იმავე წინადადებაში გასული საუკუნის 30-იან წლებს ციტირებთ, რომელსაც თქვენი სიჩუმით მხარს უჭერთ, როცა დუმხართ იმაზე, რაც ხდება - როცა ბულინგია ლექტორებზე და ა.შ., ამაზე ხმას რომ არ იღებთ, ეს არის ცუდი. როცა ნაყიდი პროტესტია, თავიდანვე თუ არ ითქვა, ძირშივე თუ არ გაჩერდა, სადამდე მიგვიყვანს, მერე გაიხსენეთ გასული საუკუნის 30-იანი წლები. ყველას მოგიწოდებთ, ამ განცხადებაში შემომიერთდეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.