პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვაა, რომ მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილი ნორვეგიის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების დარგში მიღწევისთვის დააჯილდოვა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოოს.

საშინელი, ჯოჯოხეთური რეალობა იყო, რომელიც დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. წარმოიდგინეთ, ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაცისთვის, ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის და ეს არაფერს ნიშნავს. არ მინდა, მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციებიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში, გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს ეს. იგივეა ჩემთვის, სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა პირდაპირ, აღძრულიც არის საქმეები და ძალიან ბევრიც არის დაკავებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.