აქტუალური
ნინო წილოსანი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სოფლის მეურნეობის სექტორის ათწლიანი პერიოდის ანალიზს მოვამზადებთ

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. „გადავწყვიტეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ათწლიანი პერიოდის ანალიზი და შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც სრულად შეისწავლის ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს.

ნინო წილოსანის განცხადებით, მომდევნო წლებში პრიორიტეტი თანამედროვე გამოწვევებზე თანამედროვე მეთოდებით პასუხი უნდა იყოს, იქნება ეს პროფესიული განათლება თუ ფერმერთა უფლებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია; თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ინოვაციები სოფლის მეურნეობაში.

რაც შეეხება ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობას, 2023 წელი პოზიტიურად დავიწყეთ. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 29%-იანი ზრდა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 21%-ით. ეს ყველაფერი კი აჭარბებს ზოგად ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ბოლო ორი წლის მანძილზე აქვს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია აგროდაზღვევის პროგრამაც, სადაც წელს პოზიტიური ცვლილებებია მევენახე ფერმერებისთვის, რომლებიც 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.

ალბათ სამართლიანი იქნება თუ სექტორის ათვლის წერტილს პირდაპირ დავუკავშირებ „ქართუ“ ფონდის მასშტაბურ პროექტს, რომელმაც ქართული ადგილობრივი ჯიშები - ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში აღმოაჩინა და გადაარჩინა. ჯიღაურასა და წილკანში არსებული კვლევითი და სანერგე მეურნეობების მეშვეობით საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაზის და ხეხილის უცხოური ჯიშების აპრიბირება მოხდა რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის, ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა“, - განაცხადა წილოსანმა.