პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო რუსეთისგან წელიწადში 3-ჯერ მეტ დოლარს იღებს, ვიდრე ამერიკისგან 30 წლის განმავლობაში მიიღო!

   „ღარიბაშვილმა მართებულად აღნიშნა, რომ ამერიკას იმის ნაცვლად, რომ რუსეთთან საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის შურდეს, უკეთესი იქნებოდა თბილისთან პირდაპირი რეისები აღედგინა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოეღო. გავაგრძელებ ამ პათოსს და დავამატებ, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ-ში ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები შუამავალს 15-20 ათასი დოლარის ქრთამს უხდიან, მაგრამ უფრო ხშირად ვერც ვიზას იღებენ და ვერც საკუთარ ფულს იბრუნებენ! რატომ არ აწუხებს ეს აშშ-ის საელჩოს?!

   გასულ წელს აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი. 30 წლის განმავლობაში აშშ-მა საქართველოს გადაურიცხა მაქსიმუმ 6 მილიარდი დოლარი, საიდანაც 5 მილიარდი - 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ არმიის აღსადგენად, რათა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-სგან ძველი და ახალი შეიარაღება შეეძინა (კეზერაშვილის მიერ გაყიდულისა და ცხინვალში და კოდორში დატოვებულის მაგივრად), ხოლო 1 მილიარდი - საქართველოში ამერიკული გავლენის აგენტების - ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

შედარებისთვის: საქართველო მარტო ერთ წელიწადში რუსეთისგან მინიმემ 10 მილიარდ დოლარს იღებს: რუსი ტურისტები და ვიზიტორები სახელმწიფო ხაზინაში 3,5 მილიარდ დოლარს ტოვებენ, საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან 3,5 მილიარდ აშშ დოლარს იღებენ ფულადი გზავნილების სახით, რუსულ ბაზარზე 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია იყიდება. ეს, თუკი რუსული იმპორტის – ნავთობპროდუქტების, მარცვლეულის, საკვები პროდუქტების გაყიდვიდან მიღებულ მარჟას არ ჩავთვლით, ასევე ინვესტიციებსა და გადასახადებს, რომლითაც საქართველოში მოქმედი რუსული ბიზნეს-კომპანიები ავსებენ საქართველოს ბიუჯეტს.

   ქართველი ხალხი დღეს მიხვდა, რომ 30 წელია ვაშინგტონი და ბრიუსელი მას ატყუებენ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას ჰპირდებიან და ახლა აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ ანტაგონიზმის შეჩერება შეუძლებელია! ამაზე ღიად საუბრობენ საქართველოს ხელმძღვანელებმა - ღარიბაშვილმა, კობახიძემ, კალაძემ, მაგრამ ისინი უნდა ხედავდნენ - რომელმა კონკრეტულმა მინისტრებმა, პარლამენტარებმა უმრავლესობიდან და პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა შეინარჩუნეს რუსოფობიური რიტორიკა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, გარდა ამისა, ღიად უჭერენ მხარს კიევის უკრაინას! ეს ზიზღის ენაზე მოსაუბრე მინისტრები, კანონმდებლები და ტელეკომპანიები უფრო მეტ ზიანს აყენებენ ეროვნულ ინტერესებს და მმართველ პარტიას, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია და ოთხი ფაშისტური ტელეკომპანიის ნაცისტური პროპაგანდა, ამიტომ ამ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დრო დასრულდა, მათ ხალხთან გამოსაჩენი პირი არ აქვთ და ადგილი სხვებს უნდა დაუთმონ!

და კიდევ ერთი: აშშ-ის ელჩსა და ყველა დანარჩენს, ვინც ამბობს, რომ "რუსმა ოკუპანტებმა" უნდა წაიყვანონ თავისი ბაზები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, სურთ, რომ მათ ადგილას ნატოს ჯარები მოვიდნენ, რომლებიც ვერ იქნებიან მშვიდობისმყოფელები ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებს და ოსებს შორის. რაც შეეხება თურქეთს, ისინი ერდოღანს „დიქტატორს“ ეძახიან, რადგან მისი მეტოქე ლგბტქი+-ის მფარველია“, - წერს არნო ხიდირბეგიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

2023 წლის 15 მაისი
საქართველო, თბილისი