უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული უპილოტო კატარღები თავს დაესხნენ რუსულ სადაზვერვო ხომალდს

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული უპილოტო კატარღები თავს დაესხნენ რუსულ სადაზვერვო ხომალდს, „ივან ხურსს“, ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 140 კილომეტრში.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, თავდასხმაში სამი უკრაინული კატარღა მონაწილეობდა. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კანაშენკოვი აცხადებს, რომ „მოწინააღმდეგის ყველა კატარღა განადგურებულია რუსული ხომალდის საშტატო შეიარაღებიდან“.

რუსული მხარის ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის ხომალდი გაზსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს ასრულებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა კადრები, სადაც, მისი მტკიცებით, უკრაინული კატარღების განადგურება ჩანს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

1tv.ge