პოლიტიკა
ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება — პრემიერი ღარიბაშვილი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„ნამდვილად ძალიან რთული დროა. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ, გეგტყვით შემდეგს. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მგონი, არც არავინ იცის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე უკვირს თუ არა, რომ უკრაინამ ამდენ ხანს გაძლო, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს ყველას უკვირს და, სამწუხაროდ, არ ჩანს ნიშანი, რომ ომი მალე დასრულდება.

„მგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა, ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ვინ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ მშვიდობის მიმართულებით წავიდეს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ორივე მხარემ, ყველამ“.