საზოგადოება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზების გასაჯაროებას ითხოვს

jurnalistta_qartiaროგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები და ოფიციალური საფუძველი.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების დაკავების საქმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ასოშეითედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის დაკავებული არიან საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე.

 

საქინფორმი