აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

tavisufali-saqროგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაციის ქუთაისის განყოფილება 4 ივლისს ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.

„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქუთაისელების სურვილს და ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკური კურსის, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული – წარსულთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა და ისტორიის ხელახლა გადაწერა.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, საკრებულოს გადაწყვეტილება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაკვეთაა, ისევე, როგორც 2 წლის წინათ „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი. „ამით არსებული რეჟიმი ცდილობს ყველა იმ ავტორიტეტის მოსპობას, რაც წლების განმავლობაში მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა ქართველი ხალხისთვის. ამის ნაცვლად, მიმდინარეობს ყალბი და ანტიქართული მენტალიტეტის დანერგვა. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს როგორც ქუთაისის, ისე სრულიად საქართველოს მოსახლეობას აქტიურობისკენ, რათა არ მიეცეთ საშუალება ანტიქართულ ძალებს, სისრულეში მოიყვანონ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გამოვა გამარჯვებული ქართულ ისტორიასთან ბრძოლაში“, – ნათქვამია ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის განცხადებაში.

 

საქინფორმი