სამართალი
საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს იცავს

saia4საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს შინაგან საქმეთა სიმინისტროს მიერ 2011 წლის 7 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის – ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს: ირაკლი და ნათია გედევანიძეებსა და ზურაბ ქურციკიძეს.

„გუშინ, 7 ივლისს, ადვოკატები შეხვდნენ დაკავებულ პირებს და გაესაუბრნენ მათ. საქმე საიდუმლოების გრიფით მიმდინარეობს, შესაბამისად, ცენტრის ადვოკატები, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, ვალდებული არიან, დაიცვან გამხელისაგან მათ ხელთ არსებული ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ის გარემოება, რომ დაკავებულები არიან ფოტოკორესპონდენტები, მათ შორის, საერთაშორისო მედიასაშუალებებთან თანამშრომლობაში მყოფი ფოტოგრაფები, განაპირობებს დაკავებულთა და დაკავების ფაქტის მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.

„მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისთვის კანონის უზენაესობა არის ღირებულება, რომლის დაცვისკენაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქე ისწრაფვის. სწორედ აქედან გამომდინარე, საიასთან არსებული ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროოს საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი); აგრეთვე, საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქინფორმი