მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა საჭიროდ ჩათვალა ყარაბაღის საიდუმლოს გამჟღავნება - იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა მოსკოვი სომხეთის ლიდერებს წლების განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების გეგმას, რომლის მიხედვითაც სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის 7 რაიონიდან 2 და თავად ყარაბაღი დარჩენოდა სომხეთს, მაგრამ ერევანმა უარი თქვა - აქაოდა, ვიბრძოლებთო! - ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება ჩემს თანამემამულეებს მსგავსი ფაქტი ვუამბო. დასაწყისისთვის, მკითხველს ვთხოვ, წაიკითხოს „რადიო თავისუფლების“ მასალა - როგორ გაფრინდა სააკაშვილი 2004 წლის თებერვალში, ინაუგურაციიდან ორი კვირის შემდეგ, პუტინთან, რუსეთში, რომლითაც მაშინ აღფრთოვანებული იყო და რომელსაც უკავშირებდა საქართველოს მომავალს და თავის პოლიტიკურ მომავალსაც.
პუტინმა დააფასა სააკაშვილის ჟესტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი განახორციელა მოსკოვში, და დახმარება აღუთქვა საქართველოს გაერთიანებაში. და უბრალოდ კი არ დაჰპირდა - მათ შორის გაიმართა დეტალური საუბარი და პუტინმა დაარწმუნა, რომ რუსეთი გამოიყენებს მთელ თავის რესურსს ამ პრობლემის დასარეგულირებლად - აქაოდა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, თქვენ ხელები სისხლში არ გაგისვრიათ, პირიქით - თქვენ ჩამოაცილეთ ხელისუფლებას ისინი, ვინც ქართველები წაკიდა აფხაზებსა და ოსებთან, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, თუ ისევე კარგად გააგრძელებთ, როგორც ახლა დაიწყეთ თქვენი პრეზიდენტობა, როცა პირველ რიგში, ჩვენთან ჩამოფრინდით!
თავად პუტინს კი პატარა თხოვნა ჰქონდა სააკაშვილთან - არ დაეჩქარებინა რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან (ახალქალაქიდან, ვაზიანსა და ბათუმიდან), რათა რუსეთს მოემზადებინა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობები და გაენაწილებინა პირადი შემადგენლობა სხვა სამხედრო ოლქებში. სააკაშვილი მაშინვე დათანხმდა - აქაოდა, რა პრობლემააო! – და მაშინვე შეთანხმდნენ რამდენიმე წელიწადზე გათვლილ გაყვანის გრაფიკზე. მაგრამ სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა და რუსული ბაზები ფორსირებულ რეჟიმში გააძევა, რის შემდეგაც პუტინმა მას ვიწრო წრეში „გადამგდები“ უწოდა და მასთან ურთიერთობა აკრძალა.
რატომ გამახსენდა ეს ძველი ისტორია დაკარგული შესაძლებლობებისა და დაკარგული ტერიტორიების შესახებ? ორი მიზეზის გამო. დღეს ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი და ფაშინიანი საქართველოსა და სომხეთში დაინიშნენ არა ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად და კონფლიქტების დასარეგულირებლად, არამედ, პირიქით, „სადავო“ ტერიტორიების მოწყვეტის მიზნით, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი პრობლემები ნატოსთვის (ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლის საჭიროება). სააკაშვილი, ფაშინიანი და ზელენსკის რომ შეენარჩუნებინათ - არ გაეფუჭებინათ მათ მიმართ პირადად პრეზიდენტ პუტინის უკიდურესად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მათი არჩევის შემდეგ, ახლა „შოკოლადში“ იქნებოდნენ, მათი ქვეყნები კი სუვერენული და აყვავებული იქნებოდა! მაგრამ მათ არ ეყოთ გაქანება და სახელმწიფოებრივი აზროვნება და ამჯობინეს დარჩენილიყვნენ უცხოეთის აგენტებად - დასავლეთის მორჩილ მარიონეტებად, შედეგიც სახეზეა!
მეორე მიზეზი, რატომაც გამახსენდა დაკარგული შესაძლებლობები და სულელურად დაკარგული ტერიტორიები, არის აშშ-ის სამხედრო ბაზა და საბაზო ღირებულებები საქართველოში. საქმე ისაა, რომ გუშინწინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა „სკანდალური ექსკლუზივი“ - თითქოსდა, 2021 წლის ოქტომბერში, სპეცოპერაციის დაწყებამდე 4 თვით ადრე, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ეწვია საქართველოსა და უკრაინას, მან თბილისს შესთავაზა გაეხსნათ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა 1800-კაციანი კონტიგენტით, რაც იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელებმა უარი სტკიცეს, რამაც ამერიკელი ძალიან გაანაწყენა და გააკვირვაო.
ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამით ოპოზიციამ დაუშვა უხეში შეცდომა - ამ ინფორმაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დისკრედიტაცია კი არ მოახდინა, პირიქით, აამაღლა მისი რეიტინგი ქართველ ხალხში - აქაოდა, „ოცნებას“ არ შეეშინდა, არჩევანი ქართული საბაზო ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთა! მაგრამ ხელისუფლებამ არანაკლებ პიარ-შეცდომები დაუშვა, როცა თავის მართლება დაიწყო - აქაოდა, „ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონიაო“ (თავდაცვის სამინისტროს განცხადება), „საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ნატოა, ბაზამ როგორ უნდა დაგვიცვას?!” (მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძის კომენტარი), რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი გააჩინა: თუ საქართველო მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებას, თუკი საქართველოში არის ერთობლივი ცენტრები ნატოსა და პენტაგონთან, რომ აღარაფერი ვთქვათ ლუგარის სამხედრო ლაბორატორიაზე, რა არის ისეთი უჩვეულო აშშ-ის ბაზის გახსნაში, რომ თავის მართლება გახდა საჭირო?! განა საიდუმლოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც შსს-ს საზღვაო სანაპირო დაცვის სამსახური, არის აშშ-ის მიერ ერთ-ერთი ყველაზე კონტროლირებადი სტრუქტურა საქართველოში?! და განა აშშ არ არის ნატოს ლიდერი? რითაა უარესი 1800 ამერიკელი თურქულ ასკერებზე, რომლებითაც, სავარაუდოდ, დაკომპლექტდება ნატოს ბაზა საქართველოში მისი ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში? და რას ნიშნავს – „ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას“?! აბა რა იცავს უკეთესად, თუ არა ბაზა? მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო - რუსული ბაზები საიმედოდ იცავენ აფხაზეთს და სამაჩბლოს, სხვა საკითხია, თუ ვისგან და რამდენად საიმედოდ იცავს ამერიკული და ნატოს ბაზები. ამერიკელები მაინც ნატოზე საიმედონი უნდა იყვნენ, რადგან მათ უკან დგას №1 სახელმწიფო - აშშ, მეორეს უკან კი - ალიანსის წევრი სახელმწიფოები, ანუ ყველა და კონკრეტულად არავინ!
რაც შეეხება თავად იდეას: თუ Google-ში აკრიფავთ საკვანძო სიტყვებს - „ხიდირბეგიშვილი აშშ ბაზა საქართველო“, ამ თემაზე საკმარის პუბლიკაციებს ამოგიყრით 2010 წლიდან დღემდე, რომლებიც შეიცავს ამ საკითხის სრულ ისტორიას. არ გავიმეორებ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ საქართველოს მხარიდან, 2009 წლის სააკაშვილი-ბაიდენის გეგმას თუ არ ჩავთვლით, „ოცნების“ ხელისუფლების დროს მთავარი ინიციატორები იყვნენ „რესპუბლიკელები“ - უსუფაშვილი და მისი მეუღლე, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. ყოველი ჩემი პუბლიკაციის საპასუხოდ, მედიაში და სოცქსელებში ვრცელდებოდა კრიტიკა - აქაოდა, ეს „შეთქმულების თეორიებია“! - და მხოლოდ საქართველოს ყოფილ ელჩს აშშ-ში ბათუ ქუთელიას ერთხელ როგორღაც წამოცდა, რომ ასეთი გეგმები არსებობს და საქართველოს აშშ-ს სამხედრო ბაზა აუცილებლად სჭირდება. მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი დაგვიანებულია - აშშ არ აპირებს რუსეთთან შეტაკებას უკრაინაშიც კი, მით უფრო არ გარისკავს ამას საქართველოში, სადაც რუსული ბაზები დგას.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 14 სექტემბერი
საქართველო, თბილისი