პოლიტიკა
„ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია“ დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის გასაჯაროების მოთხოვნას უერთდება

asociacia_belarusiამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ბელარუსი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი ის მეთოდები, რომლებითაც ხელისუფლება არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას ებრძვის. „ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია“ უერთდება ქართველი ჟურნალისტების მოთხოვნას, ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბელარუსი ჟურნალისტების ვარაუდით, ქართველი რეპორტიორების დაკავების მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა. კერძოდ, ისინი 26 მაისს თბილისში მიტინგის დაშლის კადრებზე მიუთითებენ. ბელარუსი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები – ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) გასულ კვირას დააკავა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ჯაშუშობა ედებათ ბრალად. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

საქინფორმი