პოლიტიკა
ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ბატონმა ხოსე მანუელ ბაროზომ, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალურ მდივანს, "საქინფორმის" სპეციალურ კორესპონდენტს ევროპის ქვეყნებში, ქალბატონ ჯულიანა დიუმას, უპასუხა

foto_julieროგორც საქინფორმი თავის მკითხველს აუწყებდა 2011 წლის 30 მაისს, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალურმა მდივანმა, "საქინფორმის" სპეციალურმა კორესპონდენტმა ევროპის ქვეყნებში, ქალბატონმა ჯულიანა დიუმამ, ორგანიზაციის საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს სახელით, მიმართვა გაავრცელა 2011 წლის 26 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა მსოფლიოს მთავრობებსა და პარლამენტებს, მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელნიც საქართველოს მთავრობამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა; დაეგმოთ სისასტიკე და მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის ბრძოლისთვის დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის!

და აი, გამოხმაურება ევროკომისიიდან, რომელიც საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალურმა მდივანმა, ქალბატონმა ჯულიანა დიუმამ ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურიდან ახლახან მიიღო. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

„ქალბატონო დიუმა,

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ბატონმა ხოსე მანუელ ბაროზომ, მთხოვა, მომეწერა თქვენთვის 2011 წლის 30 მაისს მიღებული თქვენი წერილის საპასუხოდ. თქვენი ორგანიზაციის მიმართვაში მსოფლიოს მთავრობებისა და პარლამენტების, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოს შინაურ პოლიტიკურ სიტუაციაზე.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში პოლიტიკური მოვლენებისა და კანონიერების მონიტორინგს, რაც ნაწილია ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმებისადმი მისი საერთო მხარდაჭერისა. რაც შეეხება საქართველოს შინაურ სიტუაციას. ევროპის კავშირი შეშფოთებულია შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, რაც 2011 წლის 25 და 26 მაისის მოვლენებით გამოიხატა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას.

ევროპის კავშირმა სთხოვა საქართველოს მთავრობას, გამოიძიოს 25 და 26 მაისის მოვლენები და აღნიშნა ამ გამოძიების გამჭვირვალობისა და დამაჯერებლობის (სანდოობის) აუცილებლობა.

ცნობები სამართალდამცველთა მიერ მიტინგის დაშლის დროს ძალის გადაჭარბების შესახებ, მკვლელობები, რომლებიც, საგულისხმოდ, ამ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შედეგი იყო, და, ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევა პირთა დაკავების დროს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა, სასწრაფოდ და ზედმიწევნით უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ.

თავისუფალი შეკრების დროსაც კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცეს ყველა მხარემ. ამ გაგებით ევროპის კავშირს ესმის ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობა, თუმცა, უდავოა, რომ ეს პროპორციული გზით უნდა გაკეთდეს. როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, პასუხისმგებელი უნდა იყოს, რომ ძალადობა არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

დასასრულ, ევროპის კავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოში შეიმჩნევა პროგრესი დემოკრატიულ რეფორმებში, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის და პლურალისტურ-ტოლერანტული პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად.

მომავალი 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება და ევროპის კავშირი მოუწოდებს ოპოზიციას, კონსტრუქციულად და კონსტიტუციურად ჩაებას საარჩევნო სისტემის რეფორმაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად“.

პატივისცემით, ჯონ კიერი