პუბლიკაციები
იმამ შამილი: „ვწუხვარ, რომ რუსეთს არ ვიცნობდი და უწინ მის მეგობრობას ვერ ვპოულობდი...“ (საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ანალიტიკური მიმოხილვა – ნაწილი მეორე)

shamil_imamთაფლაკვერიდან მათრახამდე  

საიდუმლო არაა, რომ ცალკეული ინდივიდის, გნებავთ, სახელმწიფოს მართვისას მთავარი თაფლაკვერისა და მათრახის მონაცვლეობის პრინციპია. თუმცა მთავარი აქ პროპორციის დაცვაა: ცხოვრება რომ მთლად თაფლს არ დაემსგავსოს, თაფლაკვერისა და მათრახის ზომები, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. შტატებიცა და დასავლეთიც ზედმიწევნით ცდილობენ, ამ პრინციპს მისდიონ, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდით; ავიწყდებათ, რისთვის დატუქსეს და რისთვის შეაქეს. ხდება ისეც, რომ ერთი და იმავესათვის თავიდან თაფლაკვერით აჯილდოებენ, შემდეგ კი მათრახს გადააწნიან. რა გაეწყობა – ევროპას მეხსიერება აღარ უვარგა, რაც უნდა იყოს, მაინც „ბებერია“, ამერიკას კი თავისი პრობლემებიც თავსაყრელად აქვს. აბა, სად სცალია იმის გასარკვევად, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა თუ არა. „დემოკრატიის შუქურაა“, – მტკიცედაა დარწმუნებული ჯორჯ ბუშ-უმცროსი. ჯერ კიდევ მცირე ხნის წინათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც მიაჩნდა საქართველო „დემოკრატიის შუქურად, თუმცა მისი განათების სექტორი რეგიონის მასშტაბებამდე იყო შემცირებული. და აი, უცებ აპრილში მოწმენდილ ცაზე დაიქუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებას ეძღვნებოდა. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა „YouTube“-ზე განთავსებულ თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველო ამ დოკუმენტში უაღრესად მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა ელიტარული კორუფციის გაძლიერების, პატიმრების აბუჩად აგდების მრავალრიცხოვანი შემთხვევისა და, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. დიპლომატის თქმით, „აშშ-ის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგს გააგრძელებს“.

ჰოდა, როგორ არ დავიბნეთ, როგორ გავიგოთ „ჰუ ვართ ჩვენ“: დემოკრატები თუ ავტოკრატები? თუმცაღა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ სახდეპის ანგარიშში არა მარტო საქართველოს კრიტიკა, არამედ პროგრესის აღიარებაც დაინახა, რაც დაუყოვნებლივ შეატყობინა ჟურნალისტებს, ხოლო ანგარიშის მთავარ პოსტულატებს, მისი აზრით, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ შენიშვნები კი არა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სიტუაციის ანალიზი წარმოადგენს. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ჩვენ სულაც არ გვეხებოდა.

თუმცა ისინი, ვინც ამას ვერ მიხვდა, მათ შორის, პარტიის – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძეც, გაოცებული არიან ქვეყანა-პარტნიორის პოზიციით. ტყემალაძეს მიაჩნია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ვაშინგტონის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოყენებული ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის ნაწილია. და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ეს დოკუმენტი ამერიკელების მიერ სააკაშვილის პოლიტიკის უწინდელი შეფასებებისგან მკვეთრად განსხვავდება. მისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აშშ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, გვაქვს საქართველოში დემოკრატია ან, თუნდაც, მისკენ სწრაფვა თუ არა. გუშინ ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა მთელ რეგიონში, ხოლო დღეს აშშ სრულებით სხვაგვარ ანგარიშს აქვეყნებს“, – უკვირს ტყემალაძეს და სვამს კითხვას: „როდის ამბობდნენ სიმართლეს – გუშინ თუ დღეს?“

„ასეთ შემთხვევაში, – ამბობს იგი, – ელემენტარული დასკვნის გაკეთება შეიძლება: უწინ საჭირო იყო საქართველოში დემოკრატიის არსებობის გამოცხადება, ხოლო ახლა საჭიროა იმის თქმა, რომ იგი „მოიკოჭლებს“. ესეც დემოკრატიის ნაწილია – იმ პოლიტიკისა, რომლის გატარებაც საქართველოში სურთ“.

მართლაცდა, დასკვნა საფუძველსმოკლებული როდია. მით უფრო, თუ მცირე ხნის წინათ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მინისტრთა მოადგილეების დონეზე გამართულ მორიგ სხდომაზე განიხილა „ნაკისრი ვალდებულებების შესრულების“ (2010 წლის იანვარი-2011 წლის აპრილი) მოხსენება, რომელიც პოლიტიკურ და დემოკრატიის საკითხებში ევროსაბჭოს გენერალურმა დირექტორატმა მოამზადა. მასში აღნიშნულია, რომ „2010 წელს წარმოდგენილი ბოლო მოხსენების შემდეგ საქართველომ პროგრესს მიაღწია სასამართლო და უფლებათა დაცვის სფეროებში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესებაში“.

არადა, ჩვენ ეს ყველაფერი ვერ შევნიშნეთ! და არც არაფერი გვეცოდინებოდა, ევროსაბჭოს ჩვენთვის საკუთარ მიღწევებზე თვალი რომ არ აეხილა!

ყველაზე დიდი თაფლაკვერი მიხეილ სააკაშვილს ხორცშესხმული „ამერიკული ოცნების“, მილიარდერ დონალდ ტრამპისგან შეხვდა.

ნიუ იორკის ბიზნესელიტისთვის საქართველოს პრეზიდენტის წარდგენისას ტრამპმა მას „ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო ლიდერი“ უწოდა. უფრო მეტიც: „საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა, რომელსაც შესანიშნავი ლიდერი ჰყავს. დღეს საქართველომ ფანტასტიკურ წარმატებებს მიაღწია და მრავალი, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლისა და ბიზნესმენებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მაჩვენებლით, პირველ ადგილებს იკავებს. ბედნიერი ვარ, რომ იქ ბიზნესის წარმოება შემიძლია. მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოს კერპი და ოცნებაა. აშშ უნდა ამაყობდეს ასეთი მეგობრითა და პარტნიორით. მინდა, ასეთი დიდი ლიდერი ჩემს დიად ქვეყანასაც ჰყავდეს! თუმცა დღეს ეს მარტო ოცნებაა და მსურს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შესაძლებლობები ამერიკაში ამერიკისავე საკეთილდღეოდ გამოიყენოს!“

ამბობენ, ცერემონიაზე დამსწრეებს მილიარდერის სპიჩისგან ყბა ჩამოუვარდათ და მხოლოდ ნებისყოფის დაძაბვით შეძლეს მისი ადგილზე დაბრუნება.

პრეზიდენტის თანამოაზრეები კი დაფრთხნენ, აქაოდა, მისი ექსპორტირება არ მოგვიხდეს ოკეანის გაღმა, რაკიღა იქ მის გარეშე ქვეყანა იქცევაო. მოკლედ, რას არ მოიმოქმედებ მეგობრის საკეთილდღეოდ!

ყველაზე დიდი მათრახი საქართველოს ხელისუფლებას მოხვდა საფრანგეთის ელჩისაგან საქართველოში, რომელმაც, მრავალმხრივი ცდის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ევროპული ფასეულობები ვერ აღმოაჩინა. ერიკ ფურნიემ თბილისში ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში საქართველოს მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების თაობაზე არაკომერციული საზოგადოება „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოხსენების პრეზენტაციისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა საქართველოს ხელისუფლება და ლამის ყველა ცოდვაში დაადანაშაულა. „ევროკავშირის ყველა ძალისხმევა საქართველოში ფუჭად გამოიყურება, რადგან არავითარი პროგრესი არ ჩანს. რა დარჩა საქართველოში ევროპული ფასეულობებისგან? თითქმის არაფერი! მათ შორის, არაფერი დარჩა სიტყვის თავისუფლებისგანაც. არ შეინიშნება არავითარი პროგრესი ეკონომიკაში. ეს კატასტროფაა! მგონია, რომ საუბარი ეხება ნეობოლშევიკურ სახელმწიფოს, სადაც არავითარი თავისუფლება არაა...“ – მრისხანე ტირადა წარმოთქვა ელჩმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

დასავლეთის დიპლომატის ასეთ გამოსვლას საქართველო თავისი 20-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ვერც გაიხსენებს!

თაფლაკვერებსა და მათრახებს კი ბითუმად და ცალობით მოგვართმევენ. ძნელი სათქმელია, დაცულია თუ არა პროპორცია, რადგან მათრახი ყოველთვის უფრო მეტად გახსენდება, ვიდრე თაფლაკვერი...

 

პრინციპით „დედის ჯიბრზე მოვიყინავ ყურებს“

ცუდი მაგალითი, როგორც ვიცით, გადამდებია. თუმცა, როგორ არ ეცადა საქართველო რუსეთის მიმართ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებას, განაზრახი იმთავითვე მარცხისთვის იყო განწირული. ეს მხოლოდ ზღაპარში მოახერხეს ლილიპუტებმა მძინარე გულივერის გაკოჭვა და მიუხედავად ამისა, მას შეეძლო, წკიპურტით გამკლავებოდა თავდამსხმელებს. და ეს მარტოოდენ „თაფლაკვერისთვის“ მადლიერების გამო არ მოუმოქმედებია – ლილიპუტებმა ის დააპურეს.

არა, ჩვენ ლილიპუტები არ ვართ. ჩვენ პატარა, მაგრამ მდიდარი ისტორიული წარსულის, ჭეშმარიტად გმირული სულისკვეთების, თვითმყოფადი კულტურისა და მაღალზნეობრივი ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ... და მორალური უფლება არ გვაქვს, ქარს გავატანოთ ჩვენი წინაპრების მიერ მონაგარი და მემკვიდრეობით გადმოცემული მთელი ეს სიმდიდრე.

საქართველო არასოდეს ესხმოდა თავს პირველი, მაგრამ მუდამ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა მომხდურს. მაშ, ამ ბოლო ხანებში რა დაგვემართა? უცებ ასეთი შეუგუებლები რატომ გავხდით? რატომაა მთელი ჩვენი ფიქრები და ზრახვები მიმართული იქით, რომ როგორმე ვავნოთ რუსეთს და უფრო მტკივნეულად დავაჭიროთ მის „ნერვულ დაბოლოებებს?“ ხომ ვიცით, რომ უზარმაზარი ქვეყნის საპასუხო დარტყმის ძალა შესაძლოა, არაპროპორციული იყოს, რაც ერთხელ უკვე ვიწვნიეთ საკუთარ ტყავზე? ვიცით, მაგრამ მოქმედებას მაინც განვაგრძობთ პრინციპით – „დედის ჯიბრზე ყურებს მოვიყინავ“.

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ მეგობრობას ყველასთან, ვინც მის მიმართ რაიმე უკმაყოფილებას მაინც ამჟღავნებს. ახლახან იაპონიაზეც გავედით, რათა მან აქტიურად იმუშაოს კურილიის კუნძულების დაბრუნებაზე, რომელთა ოკუპაციაც, ჩვენი აზრით, რუსეთმა მოახდინა. ახლა კი მზერა ჩრდილოეთ კავკასიასაც მივაპყრეთ, ამავე დროს, საქართველოს პარლამენტმა „რუსეთის იმპერიის მიერ XVIII- XIX საუკუნეებში ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების“ აღიარების რეზოლუციაც მიიღო. ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სიამაყით განაცხადა, რომ მან პირველმა აღიარა ჩერქეზთა გენოციდი.

უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა დებულება „ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, რომელიც ანაკლიაში შესაბამისი მემორიალის დადგმას ითვალისწინებს იმ საზღვრის სიახლოვეს, რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფელები იცავენ.

ერთი სიტყვით, უაღრესად შევწუხდით ჩერქეზთა პრობლემებით, გულითადად გამოვხატეთ თანაგრძნობა მათი წინაპრების მიერ გადატანილი ტრაგედიის გამო, თუმცა ზოგიერთმა მემკვიდრემ უმადურობით გვიპასუხა. ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავმჯდომარემ, საკმაოდ გავლენიანმა კაცმა რეგიონში, იბრაჰიმ იაგანოვმა თავის მორიგ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩერქეზი ხალხი კონტაქტს არ დაამყარებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ჩერქეზთა და აფხაზთა კავშირი ძმობაზე მეტია. სწორედ ამიტომ ათობით და ასობით მოხალისე ყარაჩაევო-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთიდან და, საერთოდ, მთელი კავკასიიდან, დაუფიქრებლად გაეშურა აფხაზეთის დასაცავად, როცა იქ ქართული ჯარები შევიდნენ. იაგანოვი არ მალავს, რომ ის და მისი მომხრეები მზად არიან, კვლავაც შეეჯახონ ქართულ არმიას, თუკი თბილისი ისევ გადაწყვეტს, ძალისმიერი მეთოდებით გაანადგუროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აქაოდა, მათ წინაპრების ხმა უხმობთ.

მართლაც განხორციელდა თუ არა ჩერქეზების გენოციდი, ისტორიკოსების საკვლევია. ჩვენებმა გადაწყვიტეს, რომ გენოციდს ადგილი ჰქონდა და შეგნებულად დამალეს, რომ მეფის არმიაში, რომელიც ჩერქეზებს დაერია, ქართველი ოფიცრებიც მსახურობდნენ. თუმცა ისმის სავსებით საფუძვლიანი კითხვა: რატომ არ უნდა ვაღიაროთ სხვა ხალხების, მაგალითად, სომხების გენოციდიც? ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სომეხ აქტივისტებსა და თავად სომხეთსაც ხომ არაერთხელ მიუმართავთ ოფიციალური თბილისისთვის ამგვარი თხოვნით. არ ვაღიარებთ, რადგან ამას შესაძლოა, უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს – ორ მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობების ავტომატური გაციება.

რატომ არ აღვუმართავთ ძეგლს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ, 6 მილიონ ადამიანს, ძირითადად, ებრაელებსა და, მათ შორის, ჩვენს – ქართველ ებრალებსაც? ეს ტრაგედია ხომ ქრონოლოგიურადაც უფრო ახლოა, ვიდრე რუსეთ-კავკასიის ომი, როცა ეს გენოციდი მოხდა.

ორიოდე სიტყვა იმ ომზეც ვთქვათ. თვით იმამ შამილმაც კი, მეფის კოლონიზატორთა წინააღმდეგ მებრძოლი კავკასიის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფავორიტმა, რუსეთის იმპერიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის საკურთხეველზე მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე რომ მიიტანა, ერთხელ აღიარა: „დიახ, ვნანობ, რომ რუსეთს არ ვიცნობდი და უწინ მის მეგობრობას ვერ ვპოულობდი!“. ეს იდუმალი, წინააღმდეგობრივი, თუმცაღა უდავოდ მსოფლიო მასშტაბის პიროვნების ჭეშმარიტი სიბრძნის გამოვლენაა, რომელმაც რეალურად შეაფასა უწინდელი მოწინააღმდეგენი და შერიგებისკენ ნაბიჯიც გადადგა.

შერიგებისკენ ნაბიჯს ჩვენ არ გადავდგამთ. უწინ ყურებს მოვიყინავთ, რუსეთის ჯიბრზე...

 

მოამზადეს: დიანა შერეშაშვილმა, ელენე დიასამიძემ