პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს ტოტალიტარული გადაწყვეტილება – თანამშრომლებს ჟურნალისტებთან ტელეფონით კომენტარის გაკეთება აეკრძალათ

13_01_00როგორც საქინფორმს ზუგდიდიდან ატყობინებენ, გუშინ გამართულ ზუგდიდის საკრებულოს სხდომას 6 ჟურნალისტი და 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. დამსწრეთა სიმრავლით „აღშფოთებულმა“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტების ვინაობა გამოიკითხა, შემდეგ კი საკრებულოს აპარატის უფროსმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა და სხდომის დასრულების შემდეგ დარჩენა სთხოვა.

საკრებულოს სხდომაზე 11 ძირითადი საკითხისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის განხილვის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი თეიმურაზ ბასილაია ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრის დასაწყისშივე ჟურნალისტებს „ახარა“, რომ საკრებულოს ყველა თანამშრომელს აუკრძალა მედიასთან სატელეფონო საუბრები და კომენტარების ტელეფონით გაკეთება. მიზეზად საკრებულოს აპარატის უფროსმა „ერთი პრობლემა დაასახელა“, თუმცა ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად, ამ პრობლემის არსი არ გაშიფრა – „კეთილი ინებეთ, მობრძანდით და აქ მიიღეთ კომენტარი.“

თეიმურაზ ბასილაიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ელზა კვარაცხელიასთან ერთად მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო – ამიერიდან საკრებულოს სხდომის გამართვისა და განსახილველი საკითხების შესახებ
ინფორმაცია საინფორმაციო დაფასა და საკრებულოს ვებგვერდზე პრესრელიზების გრაფაში ორი დღით ადრე განთავსდება. არც ეს გადაწყვეტილება ახსნა ბასილაიამ და კვარაცხელიამ. ე.წ. თათბირზე ჟურნალისტების ნაწილის მოთხოვნა იყო, სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არა პრესრელიზის გრაფაში, არამედ მთავარ გვერდზე განთავსებულიყო, რადგან ეს უფრო თვალსაჩინო იქნებოდა. ამაზე საკრებულოს აპარატის უფროსმა უარი თქვა და აღნიშნა, რომ დღეში ერთხელ იმ გრაფაში „დაწკაპუნება“ ჟურნალისტებს არ უნდა „გასჭირვებოდათ“.

თეიმურაზ ბასილაიამ შეხვედრაზე კიდევ ერთი „გონივრული“ განცხადება გააკეთა – „დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა სხდომას და თუ თქვენი რაოდენობა გაიზრდება, მუშაობა გაგვიჭირდება“. როგორც ჩანს, საკრებულოს აპარატის უფროსმა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი არ იცის, რადგან ორგანული კანონი საკრებულოს აპარატს ავალდებულებს, შექმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოქალაქეთა სხდომებზე ორგანიზებულად დასწრების მიზნით. ბასილაიას 20 ივლისის „მარგალიტებიდან“ ჟურნალისტთა ყურადღება კიდევ ერთმა ფრაზამ მიიქცია „ჩვენ ვერ აგიკრძალავთ დასწრებას და ვერც რაოდენობას შევზღუდავთ, მაგრამ თუ სკამები არ იქნება, ფეხზე დგომა მოგიწევთ“. აქ ისევ ორგანული კანონის ზემომოყვანილი ამონარიდი უნდა შევახსენოთ ბატონ ბასილაიას.

ზუგდიდის საკრებულოსთვის მსგავსი გადაწყვეტილებები ახალი არ არის. საკრებულოს მუდმივად ჰქონდა სხდომის შესახებ ჟურნალისტების დაუწყების პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ზუგდიდის საკრებულომ 2011 წლის ბიუჯეტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მალულად ღამის 8 საათზე მიიღო. ზუგდიდის საკრებულოს აპარატის მიერ გუშინ მიღებული ახალი გადაწყვეტილების შემდეგ ცხადი გახდა ხელისუფლების მისწრაფება – დახუროს საჯარო უწყებები და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის.

 

საქინფორმი