პუბლიკაციები
ზვიად სიჭინავა: „ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, წავიდოდი სახლში, ავიღებდი იარაღს და... აღარ უნდა ამას მეტი გაგრძელება!“

siWinavaეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგან ჯერ კიდევ ფინანსურად უჭირს. დარჩება თუ არა სიონი ლიგის მიღმა და აპირებს თუ არა პროფესიული ფეხბურთის ლიგაში წასვლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქინფორმი სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ესაუბრა.

–   ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ კვირა რჩება. იყო დაპირება, რომ უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი ახალ სტადიონზე დაიწყებდა თამაშს, მაგრამ პირობა ჯერ არ შესრულებულა. რა ეტაპზეა სამუშაოები?

–   შეფერხება არ არის. „ლოკომოტივი“, როგორც დაგეგმილი იყო, ორ აგვისტოს უნდა ჩაგვაბარონ. ფოთში სამუშაოები დაწყებულია. გორი და ქობულეთი ჯერჯერობით შეჩერებულია. ტენდერები ჩავშალეთ, რადგან შემოთავაზებები არ იყო დამაკმაყოფილებელი იმისათვის, მოგვეწყო იმ დონის სტადიონები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება და როგორსაც  ფიფა და უეფა ითხოვს. არ გვჭირდება ისეთი ბალახი, რომელიც წელიწად-ნახევარში გაფუჭდება. იყო შემოთავაზება, რომ 400 ათას ევროდ, ხუთ და ექვს სტადიონს გაგვიკეთებდნენ. ლაპარაკია დრენაჟისა და სარწყავი სისტემის სრულად შეცვლაზე. უეფას და ფიფას მოთხოვნებს მხოლოდ ჰოლანდიის, ინგლისის, საბერძნეთისა და საფრანგეთის სტადიონების ბალახის საფარი აკმაყოფილებენ. ჩვენ უკრაინულს გვთავაზობდნენ, ქვეყანა, რომელსაც თავად ყიდულობს ბალახს ჰოლანდიასა და ინგლისში. მეორეხარისხოვან ქვეყნად გვთვლიან, სადაც შეიძლება ყანაში თამაში. ამიტომ  ჩავშალეთ ეს ტენდერი.

ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე მოესწრება სტადიონების გაკეთება?

 

– ტენდერი გამოცხადდება 20 დღის განმავლობაში. მაშინაც იყო მოლაპარაკება, რომ სექტემბრის ბოლოს გაკეთდებოდა, მაქსიმუმ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
ჩვენ ბოლო ინტერვიუში თებერვალში მითხარით, რომ ლანჩხუთის გურია ესპანელებს უნდა აეღოთ...

– ირლანდიელებს...
ესპანელები თქვით მაშინ...

– შემეშალა, ირლანდიელები...
 

– თუ ჩამოვიდნენ ირლანდიელები და რამდენად პერსპექტიულია პროექტ?

– მოლაპარაკება არ ჩაშლილა. ჩმოვიდნენ კიდეც. წერილები გამგებელს აქვს. ეს სიტუაცია ისე გართულდა, რომ ისინი ითხოვენ სადაზღვევო დახმარებებს. როგორც გუნდის მფლობელს, ისე სურთ მოსვლა. არის კომპანია, რომელსაც უნდა „ლანჩხუთის“ ყიდვა, სტადიონის, სკოლა-ინტერნატისა და გრიგოლეთის ბაზის საკუთრებაში გადაცემა,
 

ბევრი ფიქრობს, რომ როცა უმაღლესი ლიგის გუნდებს არ აქვთ სტადიონები, პირველი ლიგის გუნდზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი, ქობულეთი მაქვს მხედველობაში... ინტენსიურად საუბრობენ ზუგდიდის სტადიონზე... რატომ ქობულეთი?

–  აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც სტადიონი არ არსებობს. ქობულეთიც ამიტომ ავირჩიეთ – ერთი მოედანი მაინც უნდა იყოს სადმე წესიერი. ფოთში კეთდება სტადიონი, სამეგრელოში – დასრულდა, იმერეთში ზესტაფონი და ქუთაისია. „ტორპედოს“ ყველაფერი ახალი ექნება. გორში ვაკეთებთ – გუნდი უკვე უმაღლეს ლიგაშია; რუსთავში არის, „დინამო“ თამაშობს პაიჭაძის მოედანზე, „ვიტ ჯორჯია“ წესრიგშია. ერთადერთ პრობლემად ზუგდიდი რჩება. ვიცი, რომ გეგმაშია კომბინატის ტერიტორიაზე ახალი სტადიონის აშენება, რომელიც 5 ათასამდე მაყურებელს დაიტევს.
 

კონკრეტული ვადები თუ არის გაწერილი, თუ მხოლოდ იდეის დონეზეა ამ სტადიონის მშენებლობა?

– ვფიქრობ, – წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს მშენებლობა.
 

ვინ დაფარავს მშენებლობის ხარჯებს?
– ჯერ არ ვიცი.
რადგან აჭარა ახსენეთ, ბათუმის სტადიონზეც გკითხავთ. ხშირად ვეკონტაქტებოდით დინამოს პრესსამსახურს და გვეუბნებოდნენ, რომ მშენებლობა დღე-დღეზე დაიწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც პროექტი იყო და არც მაკეტი. ეს საკითხი დღემდე ჰაერშია... ეშველება რამე სტადიონს?

–  როგორც ვიცი, ბათუმის აღება სამ ძლიერ კომპანიას უნდა და სტადიონის გაკეთებაც მას დაევალება. ჯერჯერობით მათ ვინაობას ვერ დავასახელებ. ეს ნორმალურია, რადგან ბიზნესია და პირობებზე მიდის ლაპარაკი.

ნახევარ წელიწადზე მეტია, თქვენგან გვესმის, რომ მადნეული, რომელიც თქვენი სპონსორი იყო, სიონს დაუთმეთ. რეალურად აღმოჩნდა, რომ კონტრაქტი არც იყო გაფორმებული კლუბსა და მადნეულს შორის და სიონის მომავალიც გაურკვეველია.

– ტყუილია, მე შემიძლია, დაგიდოთ ეს კონტრაქტი, სადაც ხელია მოწერილი. გეტყვით, რაზეც წუწუნებდნენ და ყველა გუნდი ამასაა მიჩვეული. ქართველი ფეხბურთელები მიეჩვივნენ არაოფიციალური თანხების მიღებას. „მადნეული“ უხდიდა ხელფასს, მოგზაურობასა და ყოველგვარ ხარჯს სწევდა. შიდა სამზარეულოში ჩვენ არავინ შეგვახედებს. ვესაუბრე ხელმძღვანელობას და დამიდასტურეს, რომ ბოლნისში არიან და რამდენიმე დღეში გამაგებინებენ, თუ რა თანხაზე აცხადებენ მზადყოფნას.  
 

ვიცით, რომ გუნდი ჯერ არ შეკრებილა და ვარჯიში არ დაუწყია. საუბრობდნენ, რომ რომელიმე პირველლიგელი ჩაანაცვლებდა მას. ეს გამოირიცხა?

– რა ინფორმაციაც მაქვს, ასეა და ვინ უნდა შეცვალოს? კლუბს ფეხბურთელების მიმაღ დავალიანება არ აქვს – „მადნეული“ უნაზღაურებდა, ორ კაპიკს გვიხდიდა ჩვენ და გადავიწყვიტეთ, „სიონისთვის“ დაგვეთმო. „მადნეულია“ ერთ-ერთია მათგან, ვისაც „დინამო ბათუმის“ ყიდვა უნდა.
 

გამოდის, ბოლნისი მაინც უპატრონოდ რჩება...

– ამაზე არ მიფიქრია. „მადნეულმა“ დამარწმუნა, რომ წელს იქნებიან „სიონში“. ხვალ როგორ შეიცვლება , არ ვიცი.
 

ბევრი გუნდი ჯერ კიდევ ფინანსურ კრიზისშია და ასევე ჩაამთავრეს გასული ჩემპიონატი...ბაია, კოლხეთი, სიონი“... ამ გუნდებმა ძლივს დაასრულეს ჩემპიონატი... მიუხედავად ამისა, რატომ გადაწყდა გუნდების რაოდენობის გაზრდა, როდესაც ისინი კვლავ წუწუნებენ ფინანსებზე. ბაია რამდენიმე დღე არც ვარჯიშობდა...

– ასეთი ინფორმაცია არ მქონია. ფოთში პრობლემა არ არის.
 

რატომ გაიზარდა გუნდების რაოდენობა 12-მდე?

–  გეოგრაფია გაიზარდა.  ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში დღეს ისაა, რომ 18 წლის მოზარდებს არ აქვთ სამუშაო. 12 წლიდან თამაშობენ ფეხბურთს და უმუშევრები არიან, რადგან არ არის კლუბები. თბილისის „დინამომ“ აქცენტი გააკეთა ესპანელებზე, იტალიელებზე, ინგლისელებზე, როდისღა აღიზარდონ ჩვენი ფეხბურთელები? ჩვენი ჩემპიონატი უნდა იყოს 18-გუნდიანი. მარტო დღეს დამატებით ორ გუნდში უკვე 60 ფეხბურთელია, 60 – დუბლების, ეს უკვე 120 გამოვიდა და ოთხი ასაკობრივი გუნდი – 25-25 ფეხბურთელი – ორასი გახდა. ანუ გამოდის, რომ 320 ფეხბურთელს მიეცა შანსი დღეს, გაიზარდოს ქართულ ფეხბურთში. ეს არის მიზანი, უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი დასაქმდეს და არ წავიდეს უცხოეთში.

სამტრედი ფეხბურთელი დასაქმებული? მთელი სეზონი ხელფასებსა და საკვებზე იყო ლაპარაკი. მოსახლეობა უგროვებდა პროდუქტს და მათთან მიჰქონდა...

–   ნუ იწუწუნებს მერე, თუ არ უნდა წავიდეს და თოხი დაიჭიროს ხელში (საუბარში ლაშა დვალიშვილი ჩაერია, სფფ- პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ჩაწერას ესწრებოდა, – მ. კ.).

–  ცხინვალის სპარტაკი, მაგალითად, რამდენიმე წელია, სულ ბოლო ადგილებზე გადის, მაგრამ უმაღლესი ლიგა ჯერ არ დაუტოვებია. ხან რეგლამენტი შველის და ხან რომელიმე კლუბს ანაცვლებს...

– არაპოლიტიკურია, დედას გეფიცები...

პირადად საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ გავარდა გაგრა, იწვალა და ისევ დაბრუნდა უმაღლესში. ხომ შეიძება ერთხელ ეს გუნდიც გავარდეს და ბევრი იმუშაოს დასაბრუნებლად?

– პრობლემა არ არის.

– გათამაშების სტილი შეიცვალა და ახალი სეზონიდან მცირე სიახლეები იქნება ჩემპიონატში. რა დადებითი მხარე აქვს ამას?

– დღეს არის ორი წრე. მერვედან მეთორმეტე ადგილამდე მყოფ გუნდებს გავარდნის საფრთხე ემუქრება. დავაწესეთ თანხა – დარჩენილი რვა გუნდიდან შვიდი იღებს ფულს, მერვე კი დაჩაგრულია, დარჩენილი 4 გუნდი კი იმის დამტკიცებას ეცდება, რომ ღირსია უმაღლეს ლიგაში თამაშის. ამ პრინციპმა გვაჩვენა, რომ გორმა სამტრედია დაამარცხა, ცხინვალმა კი – საჩხერე.

– გარიგებულ თამაშებზე რას იტყვით?

– კვლავ ვმუშაობთ, ვარკვევთ და ვაწვდით ინფორმაციას გამოძიებას. მქონდა საუბარი ერთ-ერთ ფეხბურთელთან, რომელიც გაუშვეს გუნდიდან („ბაიაზე“ მაქვს საუბარი). ფეხბურთელმა თქვა – თუ  მე მაბრალებენ პენალტის აკიდებას, ე.ი. ქომეთიანი ყოფილა გარეული, რადგან მან შემომიყვანა შეცვლაზე ათი წუთით ადრე... ხომ ხვდებით, რა სიტუაციაა, თუ „იქ“ არ გაგვირკვევენ, უფროსები, ორგანოსი, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

თუმცა ორგანომ განაცხადა, რომ კეთილი ნება გამოვხატეთ და არავინ დავიჭირეთ და მეტი აღარ იქნებაო...

– ეგეც „მაგარი რაღაც“ გააკეთეს. ჩვენ მათ მიერ მოწოდებული ფირების მიხედვით ვიმსჯელეთ. ისე, აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო?

სწორი იყო, უბრალოდ, მხოლოდ ხუთ კაცზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი; ყველა უნდა დაისაჯოს, თუ ვინმეს ოდესმე რამე გაუკეთებია...

– გასაგებია... ვთქვათ, 180 კაცია ამ საქმეში გარეული. მაშინ რა ვქნათ?

180-ვე დასაჯეთ.

– ანუ ჩავშალოთ ჩემპიონატი საერთოდ?

არ უნდა ჩავშალოთ;

– სულ 200 ფეხბურთელი გყავს;

რა მნიშვნელობა აქვს, თუკი 180 კაცია გარეული ამ საქმეში და მხოლოდ 5 დაისჯება, პრობლემა მოგვარდება ამით?

– გეუბნებით, ამას ისე არ დავტოვებთ და კიდევ ბევრი წამოეგება. ყველაზე მეტად დაისაჯნენ „ბაიას“ ფეხბურთელები, „ვიტ ჯორჯია“... ისე გამოვიდა, რომ დაისაჯა მხოლოდ ერთი კაცი. ე.ი. ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ფეხბუთელები საქმის კურსში არ იყვნენ და ერთი ბეჭვაია იყო „გლავარი“ და  ის აკეთებდა „უგლავოებს“, „ჰაუტებს“?!. მესმის, რასაც ამბობთ, და იმის მომხრე, ვარ რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. დღეს მჭირდება ფაქტები, უნდა მომაწოდოს ორგანომ...

ამ წერილებზე უნდა მეკითხა. უეფამ რამდენიმე მატჩის გამოძიება მოითხოვა. როცა ვეტერანი ფეხბურთელები და აღმასკომის წევრები ქორთიარდში შეიკრიბნენ, რეზი არველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი წერილები ფიფა-უეფადან პირველი ლიგის თამაშებზეც მოდიოდა. რატომ არ იხილა მაშინ იმ წერილებმა დღის სინათლე და რატომ მხოლოდ ეს წერილი... რომელ გუნდებსა და თამაშებზე იყო საუბარი?

– დაიწყება გამოძიება. ასეთი წერილები კი მართლაც ყველა თამაშის შემდეგ მოდის. მათი უწყება აკვირდება ტოტალიზატორებს და იმ შემთხვევაში, თუ დიდი მოგება წამოვიდა რომელიმე თამაშზე, იგზავნება წერილი. საერთოდ, ახლა პროექტი მუშავდება, რომ ყველა ტოტალიზატორმა ფული გადაუხადოს  ფეხბურთს.

რაში?

– როგორ – რაში, ჩვენს თამაშებს რომ დებენ – იმაში.

– საქართველოს ჩემპიონატს ისედა რამდენიმე ტოტალიზატორი თამაშობს. ხომ იტყვის რაში მჭირდება ეს ჩემპიონატი?

– სხვასაც ვერ ათამაშებენ, რადგან კეთდება ერთიანი სისტემა.

ფედერაციის ვალებსაც შევეხოთ. წინა ინტერვიუში მითხარით, რომ გამოძიება მიდიოდა და აუცილებლად დადგებოდა მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. გარდა ნოდარ ახალკაცისა, დაისჯება ამ ვალების გამო ვინმე?

– ამ რამდენიმე დღის წინათ ფედერაციას მწვრთნელ პიტერ სეგრტის ვალი დაედო (სასამართლო მოგვიგო, 150 ათასი ევრო დაგვედო ვალად). საერთოდ არ ვიცოდი, ეს კაცი ვინ იყო, როდის იყო. საბუთებსა და ვალებს ბოლო არ უჩანს. თუმცა ნელ-ნელა წინ მივიწევთ, ღმერთის წყალობით. „პრივატბანკს“ რომ არ ემაიმუნა (ხუთასი ათასი ევრო რომ გადაგვახდევინეს), ამ წლის დეკემბერში ყველაფერს დავამთავრებდით.

– სეგრტის ფული როდის უნდა გადაიხადოთ?

– ახლა ფიფას კომიტეტს უნდა გადავუხადო 11 ათასზე მეტი ევრო, რომ ჩაატარა, 150 ათასი კიდევ...

და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?

– ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, წავიდოდი სახლში, ავიღებდი იარაღს და... აღარ უნდა ამას მეტი გაგრძელება. ხანდახან ყელში ამომდის სულ ვალი, ვალი...

ვის მიადგებოდით იმ იარაღით...  

– ყველას... გარეულია მთელი ფედერაცია, დამლაგებლიდან დაწყებული.
იარაღზე ნუ ააწყობთ ახლა მთელ ინტერვიუს (ჩაერია ლაშა დვალიშვილი. – მ.კ).

ყოველთვის გეკითხებოდით გარდა ნოდარ ახალკაცისა, ვინ იყვნენ ამ ამბავში ჩარეული, ოდესმე გვეტყვიან მათ სახელებსა და გვარებს?

– ვერასდროს იტყვი, ვინ  დაღუპა ქართული ფეხბურთი, ყველას მიუძღვის ბრალი – მასაჟისტსაც და მწვრთნელსაც, რადგან არავინ არაფერს ითვლიდა.  ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა, მენეჯმენტი შეიცვალა...
 

– „პრივატბანკის ვალს რაც შეეხება გინდოდათ, აღმასრულებლის თანხა უკანვე დაგებრუნებინათ?

– თვის ბოლოსაა სასამართლო დანიშნული. ამას არ შევარჩენ. წინა სასამართლოზე მოსამართლემ საბუთები მოითხოვა, „ტაობანკმა“ წარდგენის ვადა გაწელა. ახლა ისევ შემოგვივარდა ქართულ ფეხბურთში. სპონსორია კია, მაგრამ მე ჩემს ფულს, ანუ ფედერაციის ფულს, არ შევარჩენ. იმას არ ვამბობ, რომ არ ეკუთვნოდა; რაც ეკუთვნოდა, აიღო და ზედმეტი რაც დამადო, იმას არ ვაღიარებ და უკანვე მოვითხოვ.
 

– ამ საკითხთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ ამ სესხის საგარანტიო ფურცელი დაკარგული იყო და არ იცოდით, ვინ იყო სესხის თავდები, თუმცა არაპირდაპირ მაინც მიანიშნებდით, რომ ეს იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც ტაობანკის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა (თქვენ იმ პერიოდში რაღაც უთანხმოება გქონდათ მასთან)...

– მე ყველა გუნდის ხელმძღვანელთან მაქვს უთანხმოება, რადგან ყველა მათგანი ფედერაციას უყურებს არა როგორც ფეხბურთის მთავარ ორგანოს, არამედ – მე შენ გიხდი მონაწილეობისას და ანგარიში გამიწიე. რაც შეეხება წერილს, სასამართლო სწორედ იმიტომ გაიწელა, რომ ამ წერილზე გავაკეთეთ მოთხოვნა. იმედია, ამჯერად მოიტანენ და გვაჩვენებენ, ვინ იყო ამ სესხის გარანტორი.

პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაიშალა, რადგან ინვესტიციის მოზიდვია ვერ შეძლო და ჩემპიონატს ისევ სფფ ატარებს...

– არ დაშლილა.

ანუ ველოდოთ, ფენიქსივით როდის აღდგება?

– მე რომ წავალ ფედერაციიდან, რა იცით, იქნებ პფლ-ში  წავიდე, სამსახურიც მექნება.

ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“