პუბლიკაციები
ჯანსუღ ჩარკვიანი: „ამათ ენა, მამული, სარწმუნოება უარყვეს, ჩვენ კი ეს მივიღეთ. ამიტომ ვართ მონები!“

new2საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია - გამოჩენილი ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი.

ბატონო ჯანსუღ, ყველა –ახალგაზრდაც, მოხუციც, აღნიშნავს, რომ რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მსგავსი არასდროს არავის ახსოვს. ქართული მწერლობა და ეკლესია ყოველთვის საქართველოს გადარჩენის სათავეებთან იდგა. როგორც ქართველ პოეტს, გეკითხებით – რა გვჭირს, რა ხდება ჩვენს თავს?

– ხშირად ვიმეორებ ხოლმე საკუთარ გამონათქვამს. შეკითხვებიც, ვითარებიდან გამომდინარე, ერთნაირია და პასუხიც – ასეთივე. ის გვჭირს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ილია ჭავჭავაძე მოვკლათ, მაგრამ სულითა გულით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ილიას მშობელი ერი, არასდროს ვიტყვით, რომ ილიას მკვლელი ერიც ვართ. თუ იმას ერი ჰქვია, ამასაც ერი უნდა ერქვას. ეს არის ჩვენი უდიდესი უბედურება. სომხებს ილია რომ ჰყოლოდათ, მოკლავდნენ? – არ მოკლავდნენ. სომხებს იმის ვაჟკაცობა აქვთ და ამას ვაფასებ, რომ არც – სხვა, არც ქართველი არასდროს აირჩიონ პრეზიდენტად. შენ შეგიძლია, ქართველი რომ ხარ, ქართველის ჯინაზე, მისი სიძულვილის გამო, პირველპირობა სხვა ერის წარმომადგენელს მისცე. არც აზერბაიჯანი აირჩევს ქართველს პრეზიდენტად. ყველას თავისი კაცი უნდა ჰყავდეს. თუ ვინმე შემეკამათება – აბა, ამერიკაში რატომ არის ობამა ზანგიო (ლიბერალისტებმა ახლა რასიზმის თემა რომ არ წამოწიონ, ვახსენებ, რომ ბატონი ჯანსუღის თაობის ლექსიკონში „შავკანიანს“ „ზანგი“ ეწოდებოდა. – ბ.ა.), მოგახსენებთ – რაც ილიამ ბრძანა, ამერიკაში თავისი არც ენა აქვთ, არც სარწმუნოება და არც მამული. ის სხვადასხვა ეროვნების ხალხმა ააშენა. ამიტომ იტალიელი იქნება, ებრაელი, ფრანგი, სომეხი თუ ქართველი, ვინც უნდათ, იმას აირჩევენ, მაგრამ შენ ქართველი ხარ და უნდა გახსოვდეს – საიდან მოდიხარ და ვინ ხარ, გვარის ფასი უნდა იცოდე!

გვარებსაც გვიმოკლებენ თურმე...

– გვარებს გვიმოკლებს კი არა, საერთოდ აღარ გვექნება გვარი. რაც უნდათ, იმას გაგიკეთებენ. ეს ქვეყანა აღარ არის უკვე. უთქვამს ჩემთვის ვიღაცას – აკაკიმ როგორ თქვა, „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოო?!“

ილია ჭავჭავაძემ შექმნა სათათბირო. დღევანდელი გაგებით – პარლამენტი. იმერეთმა არ აირჩია აკაკი. ასეთი ქვეყანა აკაკის რომ არ აირჩევ, ფურთხის ღირსი ხარო, გეტყვიან, აბა, რა იქნება?! ჩვენ არ ვიცით კეთილშობილების ფასი. დღევანდელობამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენ სამ დროში არ უნდა ვცხოვრობდეთ. თუ შენ წარსული არ გაქვს, არ შეიძლება აწმყო გქონდეს; აწმყო თუ არ გაქვს – მომავალი არ გექნება. ახალ კიდევ მეტყვიან, აბა, ილიამ რომ თქვა – „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო?!“ ილიამ შეგიძახა... იმ საცოდავ საქართველოს შეუძახა, რომელსაც აწმყო არ ჰქონდა მაშინ – არ შეშინდეო. თუ სამ დროში არ იცხოვრე, როგორ შეიძლება ადამიანი გერქვას, შენს ქვეყანას ქვეყანა ერქვას?! ამათ განგებ დაკარგეს. გგონიათ, არ იციან, ეს რომ ასეა? წარსული უარყვეს. „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“. ამათ ეს იციან გენიალურად. ის მრჩეველი ამერიკელია თუ საიდანღაცაა, ამათ ეუბნება: „შენ არასოდეს პენსია არ უნდა მოუმატო შენს ღატაკსა და ღარიბ ქვეყანას, იმიტომ, რომ ასეთი ქვეყანა ადვილად სამართავია. შენ თუ იმას კარგად აცხოვრებ, მაშინ დედას გიტირებს... 80 წლის ვხდები, ბევრს მოვესწარი ცხოვრებაში, მაგრამ ასეთ უბედურ დღეში მყოფი საქართველო ისტორიულად არასოდეს მახსოვს. ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც ჭკუა-გონებაცაა აქვთ, მაგრამ ერისადმი, წარსულისადმი სიყვარული არ აქვთ... ბოროტები არიან. ქვეყანას ბოროტები მართავენ. მართავენ ქვეყანას, რომელიც აღარ არსებობს.

სახლში თუ არ შემოგეჭრნენ, შვილი არ მოგიკლეს, გარეთ არ გამოდიხარ. სამასი ათასი ლტოლვილი გამოყარეს აფხაზეთიდან. ათი ათასი გამოსულა ოდესმე? შესაძლოა, ვიღაცას გაეხარდეს, ვიღაცას – პირიქით. რას უშვებიან ხალხს? სულ პანღურით ყრიან ლტოლვილებს, მაგრამ, მოდი, შენ შეადარე. იმ ყოფილმა პრეზიდენტმა, შევარდნაძეზე ვსაუბრობ, ლტოლვილები რომ ჩამოვიდნენ, ყველა დიდ სასტუმროში დაასახლა. მაშინ ესეც შეადარე, რა?! 

ხელისუფლებამ ლტოლვილები კატეგორიებად დაყო – შევარდნაძისდროინდელი, ანუ აფხაზეთის პირველი ომისა და 2008 წლის შედეგად წარმოშობილი – კოდორის ხეობისა და სამაჩაბლოს ლტოლვილები. იმიტომ, რომ ყველა ის სასტუმრო გაყიდეს, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ.

– მე ვამბობ – ადამიანში სიკეთე ეძიე. ხალხი მეუბნება – კი, მაგრამ გზა რომ გავიყვანეთო? – არ იწყება გზიდან და ჩანჩქერებიდან ეს ცხოვრება. კი, ბატონო, მაგრამ ეს გზა ხუთ წელიწადში აღარ ვარგა. გზას კი არა, ფულს აკეთებენ ესენი. გზიდან კი არა, პენსიიდან იწყება ყველაფერი. კომუნისტების დროს, კარგები იყვნენ თუ ცუდები, სამსახური რომ არ გქონოდა, დაგიჭერდნენ.  

დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სადაც სამსახურიდან დათხოვნილი ბევრი კადრი ჰყავდათ, საყვედურს უცხადებდნენ. ამ საყვედურით კი ხელმძღვანელიც კარგავდა სამსახურს.

– მთელი ჩემი ცხოვრება „შატალოზე“ დავდიოდი. ახლა ვუფიქრდები, რომ ეს თავისუფლების მოპოვების სურვილი იყო. ვინმე იმას იტყოდა – არ მასწავლიან სკოლაში ან უნივერსიტეტშიო? ახლა სწავლა აღარ არსებობს. დავუმატოთ ისიც, რომ უწიგნური ბავშვები არიან. ღმერთმა დაიფაროს, კომპიუტერი როგორ არ უნდა იცოდე, მაგრამ კომპიუტერზე გაიზარდო და წიგნი არ გქონდეს წაკითხული – ეს უბედურებაა. გამოდიან და უკვე ჩივიან საცოდავი სტუდენტები, ალბათ, ის ჭკვიანი ბავშვები, რომლებმაც მართლა ჩააბარეს უნივერსიტეტში – არ გვასწავლიანო...

უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და განათლების სისტემა გაანადგურეს – კორუფცია იყოო. ხუბუას დროს კი უნივერისტეტს 40 000 000 ლარის გაფლანგვა დაუდასტურდა. სტუდკავშირებიც კი იყიდეს. ნახევარი მილიონით აფინანსებენ „თავისიან სტუდენტებს“. წარმოგიდგენიათ, რომელიმე სტუდენტი 14 აპრილის მოვლენების დროს ფულის გამო რომ გასულიყო, ან არ გასულიყო ენის დასაცავად? სამშობლოს სიყვარულის ფულით შეფასება თუ შეიძლება?

– გახრწნეს ახალგაზრდები. ვთქვი – ღარიბ-ღატაკი კაცი ადვილი სამართავია და უწიგნურიც ასეთივე ხდება-მეთქი. ამათ (ხელისუფლებას. – ბ.ა.) არ უნდათ წიგნიერი ერი. ეზიზღებათ, რადგან განათლებული კაცი მიხვდება და გეტყვის, „რომ შენ ქვეყნისთვის უბედურება და საშინელება ხარ“. დღეს ვიღაცამ განაცხადა ტელივიზიით: „37 წელი მობრუნდა ახლა იმ უბედურებით, სიმკაცრითა და საშინელებით კი არა, რასაც მაშინ აკეთებდნენო“. რა მნიშვნელობა აქვს – შენ მე გარეთ მომკლავ, თუ ციხეში. მეტი რაღა სიმკაცრე გინდა, როდესაც მართალი კაცი ციხეში გყავს და გაუპატიურებით ემუქრები, რომ აიძულო, შენთვის სასურველი თქვას. 5 000 კაცის ადილზე იჯდა 6 000 კაცი იჯდა თავის დროზე. ეს უბედურება იყო. ახლა 6 000-ის ადგილზე 40 000 ზის. მითხარი, ამ 6-7 წლის განმავლობაში რამ გააბოროტა საქართველო ისე, რომ ამდენი დამნაშავე აღმოჩნდა? – არც არაფერმა! შენ უდანაშაულო ადამიანებს იჭერ.

ეს პატიმართა და მათი ოჯახების წევრთა საარჩევნო ხმებია, ბატონო ჯანსუღ...

– იცი, რა არის ჩვენი უბედურება?! –ერთად რომ იყვნენ ეგენი (რევოლუციურ სამეულს გულისხმობს. – ბ.ა.). მაშინაც ეზიზღებოდათ ერთმანეთი.

მახსენდება, ნინო ბურჯანაძე ჩემ გვერდით იჯდა პარლამენტში, თავმჯდომარე არ იყო ჯერ. სააკაშვილი რომ გამოდიოდა, ადგილიდან ეძახდა – „შენ რომ გიჟი ხარ, მთელმა საქართველომ იცისო“... და შენ რომ ირჩევდი, ბოლომდე არ იცოდი, ვინ იყო? ერთმანეთი ეზიზღებოდათ, მაგრამ ერთად იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ ყოფილი ხელისუფლების გადაგდება უნდოდათ. ახლა ერთად აღარავინაა. გაქცეულ-გამოქცეული არიან... მაგრამ ოქრუაშვილი იმიტომ წავიდა, უკან რომ მობრუნდეს? რა უბედურებებიც მაგან ჩაიდინა, არ გვახსოვს?!

ბატონო ჯანსუღ, როგორც ქართველ პოეტს, მინდა, გკითხოთ – „ისწავლე-ასწავლეს“ შაშკინის განათლების პროგრამით, „ჯაშუშომანიის“ ფონზე, ათასობით ჯაშუში შეიძლება შემოგივიდეს ქვეყანაში. ბავშვმა საგანი ინგლისურად რომ ისწავლოს, ამ ცნობიერებით უნდა იაზროვნოს და არა – ქართულად. რისთვის უნდათ ეს?! პუშკინსა და ლერმონტოვს დაეტაკნენ. ლამის ლერმონტოვის საფლავის გადატანაზეც იყო ადრე საუბარი. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ისტორიაა და იყო... სანამ „დაშნაკური იდეოლოგიით“ ამერიკამ რუსეთისთვის ამიერკავკასიაში საქართველოს ჩანაცვლება არ მოინდომა?! ახლა ბათუმშიც გეგმავენ სამამულო ომის მემორიალის აღებას...

– ყველაფერი წარსულისადმი ბრძოლაა. ღმერთმა დამიფაროს, კომუნიზმი გავამართლო, მაგრამ მაინც შედარებები მომყავს ხოლმე. სომხებს მიქოიანის სახელობის ძეხვი და სოსისი აქვთ. ქართველმა სტალინის ძეგლი აიღო...

სტალინი ყველაფერ იმ უბედურებას – უთვისტომო კოსმოპოლიტიზმს ებრძოდა, ბატონო ჯანსუღ, რასაც გლობალიზაცის სახელით ამერიკა ნერგავს...

– მე ამათი აღარაფერი მიკვირს. თვითონ გორში როგორ არ გამოვიდა ხალხი და არ ამოიღო ხმა, ისევე, როგორც ქუთაისში? მერაბ ბერძენიშვილმა „ღმერთი გამოიყვანა ცხენზე“ და მერე ფერიები. შე უბედურო, იმ ცხენზე ამხედრებული ბიჭისნაირი ბიჭები რომ არ ყოფილიყვნენ იმ სამამულო ომში (თანაც, ამ ომს სამამულო ომი ერქვა – ყველა თავისი მამულისთვის იბრძოდა),შენ ამ ქვეყანაზე ცოცხალი თუ იქნებოდი?! ქუთაისმა ხმა ამოიღო?.. რაღაც უმნიშვნელო პროტეტსი იყო. მთავარია, სიღნაღს უთხრა – „მსოფლიოში პირველი ქალაქი“ ხარო. სიღნაღი სიღნაღს აღარ ჰგავს. გარედან არის შეთითხნილი, შეწითლებული. შედი გინდ მანდ და გინდ ქუათაისში... თეატრში ვიყავი. ფეხი ორჯერ ორმოში ჩამივარდა და კინაღამ მოვიტეხე. გარედან კი – გაოცდები, ისეა ყველაფერი გაკეთებული. მოჩვენებითია ყველაფერი, ისევე, როგორც ქალაქში კეთდება ყველაფერი. გადი პლეხანოვზე და ნახავ. გარედან – აუჰ... თითქოს ყველაფერია გაკეთებული, შიგნით არაფერი კეთდება. ყველაფერი ფასადურია, როგორც თავად ქვეყანა. იციან – გარედან როგორ შეალამაზონ, ვის როგორ მოაჩვენონ.

ეს არის ხიბლი... ეშმაკის თვისება, ბატონო ჯანსუღ...

– ეშმაკის თვისებაცაა და ქართველი კაცის თვისებაც. როცა ამერიკელი გესტუმრება და შენ შენს ქორწილში ან ქელეხში მიიყვანო, არ დაიჯერებს, რომ საქართველოს უჭირს... იმიტომ, რომ გრიალია. თუმცა ძალიან სავალალოა, რომ ამ ბოლო დროს ქელეხებშიც დაიწყეს გრიალი და კისკისი. მოჩვენებითობა ღუპავს საქართველოს.

 

მეორე უბედურებაცაა – „ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო – ყველა ჩემი სამშობლოა“ – შეგიძახა პოეტმა, იმიტომ, რომ... ყველა სამშობლოს დედა ვატირე. შეიძლება სამშობლო ყველა იყოს? – სამშობლო ერთი უნდა იყოს, მაგრამ... ეს ჩამოთვლა კი არაფერია, მაგრამ ზემო რაჭა, ქვემო რაჭა, გადაღმა ლეჩხუმი, გადმოღმა ლეჩხუმი, ზემო იმერეთი, ქვემო იმერეთი... სიღნაღელს რომ რომ უთხრა – შენა, ბიჭო, კახელი ხაარო, – არა, ქიზიყელი ვარო, – გეტყვის. ასეა დაწიაწებული ქვეყანა და ვერ შევერთდით, რადგან ბევრმა არ იცის, ერთი რომ ღმერთია. მერე იტყვიან...ხელისუფლებაზე აღარ ვამბობ... განსაკუთრებით, ეკლესიაში რომ მიდიან – ვითომ განსაკუთრებით მორწმუნენი რომ არიან...

მაინცადამაინც სინოდის შეკრების წინ მეგობრების სანახავადაც რომ დადიან საპატრიარქოში?

– ეგენიც. უწმიდესს რომ ეამბორებიან ხოლმე... ბიჭო, შენ უწმიდესს რომ ეამბორები, შე უწმიდესის მტერო; შენ იცი, რომ ერთადერთი გადამრჩენელი ამ ქვეყანაზე მართლმადიდებელი კაცია, რომელიც განაგებს მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, მართლმადიდებლურ ქვეყანას?! ეს შენ ძალიან კარგად იცი... ამიტომ იმას „მშვენივრად უნდა გაუკეთო“ ისე, რომ ის აღარ იყოს ქვეყანაზე?! ამათ ისიც არ იციან, რომ უწმიდესი თუ არ იქნა ქვეყანაზე, ის დღესაც წმინდანია – უწმიდესი და უნეტარესია და წმინდანად დარჩება. შენ კი რომ არც დღევანდელი სიწმინდის გწამს და არც იმის, რომელიც დღევანდელ წუთისოფელშია?! არც მარადიულში გწამს! ამათ სწამთ მხოლოდ ერთი – „მე ვარ და ჩემი ნაბადი“. ესენი არიან დამანგრევლები. ვითომ აღმაშენებელი უყვართ... არ გიყვარს. მაშინ მის ძეგლს სცემდი პატივს, მაგრამ თუ მერაბ ბერძენიშვილი შენი არაა – შემძვრალი, იმას ყველაფერს დაუნგრევ. ასე ებრძვიან ეგენი ყველას, დაწყებული ჭაბუა ამირეჯიბით, დამთავრებული – სადამდეც გინდა...

ბატონო ჯანსუღ, უფალი და ღმერთი ვახსენეთ. ჩვენი პატრიარქი 26-ში უკრაინაში მიემგზავრება რუსეთის პატრიარქთან შესახვედრად. ატეხენ ახლა ერთ გნიასსა და უბედურებას... ანუ მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებელთან სასაუბროდ მიდის. ხომ არ დადგა დრო, მართლმადიდებლური ცნობიერების ხალხების მართლმადიდებლური პრინციპით გაერთიანების? ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ გაერთიანებას არ ვგულისხმობ, რადგან ქრისტიანულად წოდებული დასავლური სამყარო ძალზე დაშორდა ქრისტეს მცნებებს. სწორედ მათ შეუტიეს მართლმადიდებლურ სერბეთს, რუსეთს, საბერძნეთსა და, იდეოლოგიურ-ზნეობრივი გადმოსახედიდან, საქართველოსაც უტევენ. ამ კუთხით რომ გვემუშავა ქართული მიწაწყლის დაბრუნებაზე, უკეთესი ხომ არ იქნებოდა?

– ასეა. სხვებს ვერ ებრძვიან, შენ გებრძვიან იმიტომ, რომ შენ დამთმობი კაცი ხარ. ამასწინათ ისრაელში ვიყავი. რუსთაველის საფლავზე – პირობითად, ალბათ, ფრესკასთან. რუსთაველის პრემიის ლაურეატები მიგვიწვიეს. რეზო ამაშუკელმა ვერ შეძლო წამოსვლა და ძალიან დამწყდა გული. ვინღა დარჩა ქვეყანაზე... და ყველა იქ უნდა ყოფილიყო. საინტერესო დღეები იყო. თუ სადმე ქრისტეს გაუვლია – ყველგან ვიყავი. გამოდიოდნენ ებრაელები და ქართულად კითხულობდნენ „ვეფხისტყაოსანს“. ბერძნებიც იყვნენ. არცერთ მართლმადიდებელს – არც მღვდელს, ბერძნები და სომხები იქ არ უშვებენ. საქმე ისაა, რომ ისინი ჩვენი ეკლესიებია. დაეპატრონენ, მაგრამ როგორ? – შენ ხომ დათმე, ქართველო? იმან წაიღო და ახლა ეშინია, უკან არ დაიბრუნო.

იერუსალიმში საქართველო 40 ეკლესია-მონასტერს ფლობდა...

– ჩვენ ამხელა მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალზე დამთმობი ხალხი აღმოვჩნდით. მესიამოვნა, ამასწინათ რომ მრევლი გამოვიდა და არა – ჯოგი. როცა ეს ვნახე, გავიფიქრე – „უწმიდესსა და უნეტარესს გაუმარჯოს. მხოლოდ მის გზაზე თუ ივლი, მაშინ გამოხვალ გამარჯვებული-მეთქი.

ბატონო ჯანსუღ, რუსუდან კერვალიშვილს ინტერვიუში ჰკითხეს – ასეთ კანონს როგორ მოაწერეთ ხელი და მერე უწმიდესთან როგორ მიხვედითო? – ჩიხიდან გამოყვანის რჩევისთვის მივედითო. სანამ ჩიხში შევიდოდნენ, ჯერ მისთვის ეკითხათ, ვისაც მეტი მოეკითხება და თან ვალდებულნიც იყვნენ. ქვეყანაც ჩიხში შეიყვანეს უკვე...

– როდესაც პატრიარქმა ცხუმ-აფზახეთის მიტროპოლიტის სტატუსიც შეიძინა, მაშინ უნდა ამოეღო ყველას ხმა. ეს აფხაზების სიყვარულისკენ, ურთიერთობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. ეს სხვა პიროვნებაა.

რატომ მიდის უკრაინაში, რატომ ჩადის რუსეთში?!. საბჭოთა კავშირში 16 რესპუბლიკა იყო. მე 15-ს ვამბობ – ერთ-ერთი თავად რუსეთი იყო. ყველა რესპუბლიკას რაღაც ურთიერთობა აქვს რუსეთთან... ბალტიისპირეთი, შუა აზია, სომხეთი, აზერბაიჯანი... ჩვენ გარდა. მე დიპლომატიას ვგულისხმობ, თორემ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას რომ არ ვემხრობი, ამას ლაპარაკი რად უნდა? მაგრამ არ შეიძლება ასე. შე უბედურო, „ნაცარქექია“ მაინც გაიხსენე – ჭყინტი ყველი გამოიტანე და იმას ქვა რომ ეგონება, გაწურე, რა?! ვის მოატყუებ? მაგრამ ისე მაინც გააკეთე, აკაკი როგორც ამბობდა – „არც მიწისა ვარ, არც – ცისა“. „გარემოების საყვირი“ მაინც იყავი. დიპლომატი მაინც იყავი... ამათ არაფერი არ უნდათ... იმიტომ, რომ კარგად მართავენ ამ უბედურ ერს, რომელსაც თითქოს არ უჭირს. არის სიმღერა და გრიალი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიცოდეთ, ვინ გვებრძვის. რა პიროვნებები, რა ადამიანები არიან... ვის ვებრძვით კი არა, ჩვენ ვინ გვებრძვის... ეროვნება აქვთ? – იმ ეროვნებას არ ვგულისხმობ, რაც პირადობის მოწმობიდან ამოიღეს. არა, ეს შეიძლება იყოს და თქვა – ფრანგი ხარ?

თქვენ ალბათ მამულიშვილობას, სამშობლოს სიყვარულს გულისხმობთ, ბატონო ჯანსუღ, და არა კონკრეტულ ეროვნებას...

– რა თქმა უნდა. მამულიშვილობა, „მამული, ენა, სარწმუნოებაა“ მთავარი. ამათ უარყვეს ეს ყველაფერი. ჩვენ კი ეს მივიღეთ. ამიტომ ვინ ვართ? – მონები!!!

„მშიერმუცელა მონები“...

– როცა მონა ხარ, რა თქმა უნდა, „მშიერმუცელაც ხარ“...

რიტორიკულადქცეულ კითხვას დაგისვამთ – რა ეშველება ამ ქვეყანას ,ბატონო ჯანსუღ?

– რა გითხრა?!.. შენ დედაენის ფასი რომ არ იცი, „აი ია“ რომ არ იცი... წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. „აი ვარდიო“, შე უბედურო, – არ უთქვამს. რვა წიგნია გამოსული და აწერია: „ იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით“. მართლა შე უბედურო, რამის მიხედვით დედაენა შეიძლება იყოს?

ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ამათთან ასეა – რაც უფრო არ იცი, მით უფრო კარგად ხარ.

პესიმისტურ განწყობაზე ნუ დავასრულებთ. თქვენ – მამაჩემის თაობა, სხვა გადმოსახედიდან უქცერთ ყველაფერს, სხვანაირად გტკივათ, მაგრამ ღვთიური სასწაულის იმედს ნუ დავკარგავთ. ცხრა აპრილიდან მოყოლებული, ქართველს მიზანმიმართულად ჟლეტენ, მაგრამ ათასობით მრევლის გამოსვლამ დაადასტურა, რომ ქართველს თავისი თვითმყოფადობისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლას ვერანაირი „ლიბერალური ფასეულობებით“ ვერ შეაცვლევინებ. მთავარია, ჩვენ ჩვენი „გორი და ჯიში არ დაგვავიწყდეს“....

– უნდა შეთანხმდნენ ეგრეთწოდებული ოპოზიციონერები. მე მრევლზე არ მოგახსენებთ. აღმოჩნდა, რომ მრევლი ერთად არის. მე უნდა ვიყო პირველიო – კი არ უნდა იძახონ; საქართველო საქმით ვის უყვარს, იმით დაიწყონ.

საქართველო თუ უყვარს პრეზიდენტს და უჭირს საქართველოს, რა თქმა უნდა, ვაპატიებ, მაგრამ როცა გძულს საქართველო – ვერ გაპატიებ! მთავარია, მართალი ხალხი შეერთდეს. „ოღონდ მე ვიყო კარგად და ამათი დედაც ვატირე“ – ამით დაიღუპება ქვეყანა. შენ კი იქნები კარგად, მაგრამ შენს შვილებს, შვილთაშვილებს, იმათ შვილებს რა ეშველებათ, სერთოდ? თუ ქართველი ხარ, პიროვნება ხარ, ამისთვის უნდა იბრძოლო. მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და, რა თქმა უნდა, უნდა გავიმარჯვოთ.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“