საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩები იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ.
„პოლიტიკური უმრავლესობა შედგება იმ ამომრჩევლისგან, რომელმაც თავის დროზე აირჩია მოქმედი ხელისუფლება და დრესაც მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას. ჩვენი რეიტინგი მას შემდეგ არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. საბოლოო ჯამში, დაახლოებით ემთხვევა ჩვენი პოლიტიკური ძალის რეიტინგი კანონის რეიტინგს, კანონის მიმართ მხარდაჭერის მაჩვენებელს, შესაბამისად, შესაბამისად, უმრავლესობას აქვს მკაფიოდ გამოხატული ნება ხელისუფლების და კონკრეტულად, კანონის მიმართ. ასეთ პირობებში ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკური უმრავლესობის, შესაბამისი ამომრჩევლის ნების და ინტერესების შესაბამისად. ამასთან ერთად, მზად ვართ, მოვუსმინოთ პოლიტიკურ უმცირესობას და კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ნებისმიერ დროს, მოვიდნენ ნებისმიერი ჯგუფი, 10 – 15 კაცი, რამდენიც უნდათ, საჯარო დისკუსიაში მივიღოთ ერთად მონაწილეობა. თუ დაამტკიცებენ, რომ ამ კანონში რაღაც არის პრობლემური, კი ბატონო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ვიყავით ამისთვის მზად. ჯერ პირველი მოსმენითაც არ იყო კანონი მიღებული, რომ ელჩებს შევთავაზეთ საჯარო დისკუსია. მათი ქვეყნები გამოდიოდნენ და ოპონირებას ეწეოდნენ, როდესაც ეს მათი საქმე საერთოდ არ იყო. პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. ეს კონკრეტული ელჩებიც გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა. თუ სურდათ დისკუსიაში მონაწილეობის გაგრძელება, კეთილი ენებათ, ჩემთან ერთად დამსხდარიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ქართული საზოგადოების წინაშე საჯარო დისკუსიაში, რასაც გაექცნენ შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები, რაც ყველაფრის მაჩვენებელი იყო - იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.