სამართალი
ეუთო-ოდირი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ეუთო/ოდირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, „საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს“.

დასკვნის თანახმად, „კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს განსაზღვრავს, როგორც ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ უცხო ძალის ინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსების მისაღებად, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს“.

ოდირის დასკვნაში ასევე აღნიშნულია ძირითადი განსხვავებები ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია საქართველოში ახალ კანონთან დაკავშირებით. მაგალითად, დასკვნის მიხედვით, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი მიზნებითა და გამოყენების სფეროებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, საჯაროდ დარეგისტრირებულნი იყვნენ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, ისინი არ მოიხსენიებენ ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას, როგორც უცხოურ წარმომადგენელს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან“, – ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა ეს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.

ნაკლებად ინტრუზიული ალტერნატივების მაგალითები შეიძლება მოიცავდეს ლობისტური საქმიანობის რეგულაციას, პოლიტიკური პარტიებისა და სააჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრს წესებს და ანტიკორუფციულ ან ანტიტერორისტულ კანონებს, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების უფრო მეტად ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება, დაუწესდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამართლებულია ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ისინი არ უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა მოიაზრებდეს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას, წარმოადგენს უცხო ძალების ინტერესებს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კვლავ მზად არის, აღმოუჩინოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას, გამოავლინოს საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივა, რათა რეაგირება მოახდინოს ჭეშმარიტ, კონკრეტულ შეშფოთებებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, დასკვნა შედგენილია ექსპერტთა პანელის კონტრიბუციით. ექსპერტთა შემადგენლობაში არიან: ენა ბავჩიჩი, ანია ბიენერტი, ადამ ბოდნარი, მილენა კოსტას ტრასკასასი, ტატიანა გლუშკოვა, დევიდ გოლდბერგერი, ჯეინ გორდონი, კატერინა ჰაძი-მიცევა ევანსი, მაიკლ ჰამილტონი, რაფაელ იშხანიანი, ნელა ლარისოვა, ჯერემი მაკბრაიდი, ჯონათან პიტერსი, დენის შედოვი, ვოლოდიმირ იავორსკი, ევგენი ჟოვტისი.