უცხოეთი
თეთრი სახლი - აშშ საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, თავშესაფარს ვერ მიიღებენ ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ. ეს ზომები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალი ზომები გაუადვილებს საიმიგრაციო სამსახურებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი ადამიანების გაძევებას.

„ამ ზომებით იუსტიციის დეპარტამენტს საშუალება ექნება, უფრო სწრაფად განიხილოს საქმეები, ხოლო შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს შეეძლება იმ პირთა აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაძევება, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიერი საფუძველი, იმყოფებოდნენ ქვეყანაში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ეს ზომები დროებითია და როგორც კი იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებიც საზღვრებს კვეთენ, კვლავ უსაფრთხო დონემდე შემცირდება და პროცესის მართვა შესაძლებელი გახდება, ეს ზომები მოიხსნება.

იმიგრაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

1tv.ge