აქტუალური
სააკაშვილის ახალი საბაჟო ტექნოლოგია: "საქართველოს განსაკუთრებულობა - მოდელმა გოგონამ ტრაილერის გაუპარსავ მძღოლს ტვინი უნდა დაუბნელოს..."

sabaJo2ბათუმში პირველი ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. დემოკრატიასა და განვითარების გზებზე საუბრისას პრეზიდენტი არაერთხელ ნახსენებ საბაჟო სფეროსაც შეეხო და ამ მხრივ დღეისთვის არსებულ „მიღწევებზე“ გაამახვილა ყურადღება.

„სხვათა შორის, ამასწინათ აქ სტუმრად ჩამოსულ ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერს ვუყვებოდი, რომ ბათუმის საბაჟო ტერმინალზე ტვირთის განბაჟება 5-7 წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მებაჟე სამსახურიდან გაათავისუფლონ. მას გაეცინა და თქვა – სად იპოვით ისეთ მებაჟეებს, რომლებიც მუშაობის  ამ პირობებზე დაგთანხმდებათო. ის გულისხმობდა, რომ თუ მებაჟეს თავისი „მარცხენა“ შემოსავალი ან, მინიმუმ, იმის კომფორტი მაინც არ აქვს, რომ სხვა ადამიანი დაამციროს, არ იმუშავებს. ამაზე გამეცინა და ვუთხარი: ასეთ მებაჟეებს შვიდი წელი ვუყურებდით; პირადად მე სარფის საბაჟოს თანამშრომლები ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუშვი სახლში და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საბაჟოს თანამშრომლები მებაჟეები კი არა, სამოდელო სააგენტოს გოგოები უნდა იყვნენ, რომლებიც იმისათვის იქნებიან, რომ გაიღიმონ. თუ, ვთქვათ, ტრაილერის გაუპარსავი მძღოლი გადმოკვეთს საზღვარს, მივა და მიესალმება მას ინგლისურად ან თურქულად, გოგონამ უნდა გაუღიმოს, ტვინი დაუბნელოს, მაგრამ 7 წუთში გაუშვას, რომ მძღოლს სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარ დარჩეს. ეს არის ტექნოლოგია – სახელმწიფოს ნება, რომ არ არსებობდეს კორუფცია, არ იყოს დარჩენილი სივრცე იმისათვის, რომ ღიპიანმა, გაუპარსავმა და ჭკუაარეულმა მებაჟემ ჩვენი ან, თუნდაც, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაამციროს. სწორედ ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა. მსოფლიოში ასე არსად არ ხდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

საქინფორმი