პუბლიკაციები
მეუფე დიმიტრი: „სინოდის სხდომის მიმდინარეობის დროს უცებ გაიღო კარი და შემოვიდნენ საერო პირები. რა ესაქმებათ საერო პირებს სინოდის სხდომაზე?“

meufe-dimitriრელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებით გამოწვეულ საფრთხეებზე დღემდე არ წყდება სჯა-ბაასი. ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საშიშია, რომ კანონმდებლებს უნდა ეფიქრათ, ვთქვათ, ათი, ასი წლის შემდეგ რა შედეგი ექნება ამას... ანალიტიკური აზროვნება გვაკლია ჩვენ. ანალიზი უნდა გაკეთდეს საერთოდ, არა იმის შემდეგ, როცა საქმეს ვაკეთებთ, არამედ საქმის წინ, რა შედეგი ექნება ამას, განაცხადა საქართველოს პატრიარქმა სინოდის სხდომის ჩატარების წინა დღეს და პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადება სთხოვა, თუმცა სინოდის სხდომის ოქმში ვეტოს დადების თხოვნა აღარ დაფიქსირებულა! გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის გადაწყვეტილება 20 ხმით 18-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. იმ 18 მღვდელმთავარში, რომელმაც ოქმს მხარი არ დაუჭირა, თავად პატრიარქიც გახლდათ. საპატრიარქოში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ყველა მღვდელმთავარმა მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ სინოდის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლოესობით, თუმცა უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სინოდის უკლებლივ ყველა წევრი აწერს ხელს.

რა შეიცვალა სინოდის სხდომის შემდეგ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონში და არსებობს თუ არა დღეს ის საფრთხეები, რის გამოც პატრიარქი ამ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვდა? ამ შეკითხვით წმინდა სინოდის წევრებს მივმართეთ. ამჯერად სინოდის 38 წევრიდან მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავრის აზრს შემოგთავაზებთ, თუმცა, ვფიქრობ, მკითხველისთვის სრულიად საკმარისი იქნება, გაიგოს, რა ვითარებაში ჩატარდა სინოდის სხდომა და გაიყო თუ არა სინოდის სხდომაზე მოსაზრებები ორად. 

მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი: – ის საფრთხეები, რომელზეც პატრიარქი საუბრობდა ამ კანონის მიღების დროს, რა თქმა უნდა, ისევ არსებობს, მაგრამ ჩვენ სიმშვიდე და სიფრთხილე გვჭირდება. როგორც პატრიარქმა თქვა, ეს იმდენად რთული და საპასუხისმგებლო კანონია, რომ შეიძლება ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ ასე არ მოხდეს. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება მთელ ერს, ეხება ჩვენს ქვეყანას. დღეს საქართველოში ბევრი რელიგიური მიმდინარეობა ქმნის საფრთხეებს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც.

სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც რელიგიური გაერთიანებებისათვის ამ სტატუსის მინიჭებით იქმნება. არ ვიცი, რამდენად სწორია ამაზე ახლა საუბარი, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილებით ყველანი. ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომლითაც მაქსიმალურად შევეცადეთ, აგვეცილებინა საფრთხეები, თუმცა, ვიმეორებ, საფრთხეები ისევ არის და ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად.

თქვენ მხარი დაუჭირეთ ამ ოქმს? 

– ამბობენ, რომ სინოდის სხდომაზე აზრი ორად გაიყო. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე იყო წინააღმდეგობრივი გამოთქმები, მაგრამ ეს არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება ღელავს. ჩვენი აზრი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც სინოდის სხდომის დროს კარი გაიღო და უცხო ადამიანები შემოვიდნენ. აზრი სწორედ ამ ადამიანების მოსმენასთან დაკავშირებით გაიყო.

საერო პირები შემოვიდნენ სინოდის სხდომაზე? ვინ იყვნენ ისინი? 

– სინოდის სხდომის მიმდინარეობის დროს უცებ გაიღო კარი და შემოვიდნენ საერო პირები. როგორც აგვიხსნეს, ისინი იყვნენ იურისტები, რომლებიც, ცხადია, ხელისუფლებამ გამოგზავნა ვიღაცასთან შეთანხმებით, ზუსტად არ ვიცი. შეიძლება, სინოდის ზოგიერთი წევრი იყო კიდეც ინფორმირებული, რომ ეს მოხდებოდა, იმიტომ, რომ არ გაჰკვირვებიათ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცოდი და არ იცოდა ძალიან ბევრმა. საერო პირს რა ესაქმება სინოდის სხდომაზე? მე ნამდვილად წინააღმდეგი ვიყავი ამისა. აი, ამასთან დაკავშირებით გაიყო აზრი და არა იმასთან, რაც გაზეთებში დაიწერა. ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ სინოდის სხდომას საერო პირები დაესწრონ.

ეს ხომ არი ყო მიზეზი იმისა, რომ სინოდის ოქმში არ დაფიქსირდა მოთხოვნა კანონისთვის ვეტოს დადებაზე? 

– ოქმი თუ ყურადღებით წაიკითხეთ, იქ წერია, რომ სინოდს ეს კანონი არ მოსწონს. კანონი უკვე მიღებული იყო და ამიტომ სინოდმა არჩია, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც უფრო მეტი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობით უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება, ვიდრე იმით, რომ უარი თქვა თანამშრომლობაზე და მხოლოდ ხელისუფლებას მიანდო შექმნილი პრობლემების მოგვარება. სინოდის ბოლოს მოვიწვიეთ პარლამენტის წარმომადგენლები, რომელთაც განვუმარტეთ მოსალოდნელი საფრთხეები და იყო ხელისუფლების მხრიდან პირობა, რომ არ შეილახებოდა მართლმადიდებელი ეკლესის უფლებები. თუმცა, ისევ ვიმეორებ, საფრთხე, რომელზეც პატრიარქი საუბრობდა, არ შემცირებულა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე და არ დავუშვათ ეს.

მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე), ბოლნისის ეპისკოპოსი: – სინოდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მას. ამ ეტაპზე საფრთხე არ ჩანს, მაგრამ თუ საფრთხე გამოჩნდება, მე პირველი დავუდგები წინ, საქართველოს პატრიარქი არ დაუშვებს, რომ ერი და ეკლესია დააყენოს რაიმე საფრთხის წინაშე, ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის წყალობით.

თქვენ მხარი დაუჭირეთ სინოდის ოქმს?

– სინოდი იყო ერთსულოვანი და ეს ოქმი გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რაც იყო სინოდზე.

წინა დღეებში სულისკვეთება სხვა იყო, პატრიარქი ითხოვდა კანონისთვის ვეტოს დადებას, რაც ოქმში არ დაფიქსირდა.

– ხელისუფლების გადასაწყვეტია, კანონს მიიღებენ თუ არა. ჩვენ ვთქვით, რომ ცუდია ეს კანონი, მაგრამ სინოდმა არჩია, რომ მიეღო კომპრომისული გადაწყვეტილება, ანუ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ დააპირისპირებდა ხელისუფლებას და ეკლესიას ერთმანეთთან და, ამავე დროს, მაქსიმალურად აგვარიდებდა ამ კანონით გამოწვეულ საფრთხეებს. როცა ერთი მხარე არი ჩენს გონიერებას, მეორე მხარემ უნდა გამოიჩინოს იგი. ჩვენ ვართ ძალიან ფხიზლად და თუ რამ საფრთხე შეიქმნება, ამას არ დავუშვებთ.

პირადად თქვენ კმაყოფილი ხართ სინოდის გადაწყვეტილებით?

– მე ვარ თუ არა კმაყოფილი, ეს არ არის მთავარი. სინოდის გადაწყვეტილებას უნდა დავმორჩილდეთ!

მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი: – პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ამის უფლება. არის საპატრიარქოს განაცხადი და ვარ თუ არა კმაყოფილი, ეს უკვე ჩვენში, შიგნით უნდა განიხილოს. არ არის სწორი, რომ ჩამოყვე და თითოეულ ეპისკოპოსს ჰკითხო თავისი აზრი. სინოდზე იკრიბება ეს აზრი და გამოიცემა დადგენილების სახით, რომელიც არის ჩვენთვის კანონი. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საჯაროდ. სინოდი რომ შეიკრიბება, იქ წყდება ეკლესიის პოზიცია მთლიანად და არა აქვს მნიშვნელობა ცალკე ეპისკოპოსის პოზიციას. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემთ.

მეუღე ლუკა (ლომიძე), საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი: – პატრიარქმა ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებიც ამ კანონის მიღებით იქმნებოდა. ამის მერე ჩატარდა სინოდის სხდომა, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ საფრთხეები ისევ არსებობს, სრულად არ არის განეიტრალებული, მაგრამ ჩვენ ვართ ფხიზლად, პატრიარქი არ დაუშვებს და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რაიმე ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური ნაბიჯი გადაიდგას.

მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი: – ველოდები პარლამენტისგან საგანგებო დადგენილების მიღებას, სადაც დაფიქსირებული იქნება საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ ნამუშევარი სომხურ-ქართული ურთიერთობის თემაზე, იცით, თუ რა პრეტენზიები და მოთხოვნები აქვთ მათ საქართველოში. როგორ ფიქრობთ, სინოდის სხდომის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები საკმარისია იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული?

– მესმის თქვენი კითხვის არსი. საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, ამიტომ ვამბობ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საგანგებო დადგენილება, რომლითაც ჩვენი ეკლესიის უფლებებს იმ დონეზე აიყვანს, როგორიც არის ევროპაში. თქვენ იცით, რომ ევროპაში რამდენიმე გამორჩეულ ეკლესიას აქვს ძალიან მაღალი სტატუსი. ევროპის შესაბამისად უნდა მოეწყოს საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ პარლამენტი მიიღებს საგანგებო დადგენილებას. მე ველოდები ამ დადგენილებას. არ ვარ თბილისში და შეიძლება, მიიღეს კიდეც.

თქვენ მხარი დაუჭირეთ სინოდის სხდომის ოქმს?

– ვისაც გინდათ ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ სხდომაზე აზრი არ გაყოფილა, ოქმს ყველამ მოაწერა ხელი.

მეუფე ელისე (ჯოხაძე), ნიკორწმინდის მიტროპოლიტი: – არ ვიცი. ვერაფერს გიპასუხებთ.

ვერ იპასუხებთ თუ არ გვიპასუხებთ?

– ტელეფონით ასეთ საკითხებზე საუბრობენ?

თქვენი ნებაა.

– მე არაფერი ვიცი, ვერაფერს გიპასუხებთ.

 

მეუფე საბა (გიგიბერია), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი: – თქვენ არ დაბეჭდეთ სია, ამან მისცა ხმა სინოდის სხდომის ოქმს და ამან არაო?

ჩვენ სინოდის წევრების სია დავბედეთ, ვინ რას მისცა ხმა, ეგ არ ვიცით და არც დაგვიწერია.

– სულერთია. რომ დაბეჭდეთ, მაშინ მკითხეთ რამე? არაფერს არ გიპასუხებთ (ტელეფონი გათიშა).

მეუფე იოანე (გამრეკელი), რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი: – რა საფრთხეებზე საუბრობთ? არანაირ საფრთხეზე საუბარი არ ყოფილა, არც სომხეთის პატრიარქის ვიზიტის დროს და არც სინოდის სხდომაზე. როცა პატრიარქი გარეგინი ჩამოსული იყო სომხეთიდან, მას ჩვენმა პატრიარქმა უთხრა, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, ჩვენ და თქვენ თანაბარი უფლებები უნდა გვქონდესო. არანაირ საფრთხეებზე პატრიარქს არ უსაუბრია არც მაშინ და არც მერე. საუბარია მხოლოდ თანასწორუფლებიანობაზე.

პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს კანონი მომავალში შექმნის დიდ პრობლემებს და პრეზიდენტისგან ითხოვა ვეტოს დადება.

– პატრიარქმა ითხოვა ვეტოს დადება? არ ვიცი, მე არ გამიგია. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

თვლით, რომ დღეს ამ კანონით არანაირი საფრთხე არ გვემუქრება?

– ჩვენ ვსაუბრობთ თანაბარუფლებიანობაზე და თქვენ რა საფრთხეებზე საუბრობთ, ვერ ვხვდები.

თუნდაც იმაზე, რომ სომხები ითხოვენ საქართველოში 600-მდე ეკლესიას და ეს კანონი აძლევთ უფლებას, რომ მიიღონ ეკლესიები.

– საქართველოს ისტორიას ხომ კარგად იცნობთ, სომხები დიდი ხანია, ცხოვრობენ საქართველოში, განსაკუთრებით ბევრი არიან სამხრეთ ნაწილში და თბილისში. აქამდე ყოფილა რამე საფრთხე?

აქამდე მათ არ ჰქონდათ ეს სტატუსი

– როცა ორი დამოუკიდებელი ქვეყანა ერთმანეთს შორის ურთიერთობას ამყარებს, თავისი უფლებები აქვს ორივეს. ჩვენ არავისი არ გვეშინია, ეს არის, უბრალოდ, ურთიერთპატივისცემა.

თქვენ მხარი დაუჭირეთ სინოდის სდომის ოქმს?

– სინოდის ყველა წევრმა ერთნაირად მოაწერა ხელი სხდომის განჩინებას, არანაირი აზრის გაყოფა არ მომხდარა. თქვენ რომ საფრთხეებზე საუბრობთ, ეს საფრთხეები ყოველთვის იყო და იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის გვეშინოდეს, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

 

ესაუბრა თეა ასათიანი

www.asavali.ge