აქტუალური
მამუკა მდინარაძე: მაიკ ტერნერი გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა [მაიკ ტერნერმა], „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი - სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, მსგავს განცხადებებს „კონკრეტული მიზეზები აქვს“.

ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ჩაყოლა აღარ გვინდა, იქ შეიძლება გლობალური ომის პარტიაც ამოვარდნილიყო და საქართველოში „გუგლზე“ ძალიან გაბრაზდებოდნენ, საიდან მოიგონა ეს ამბებიო, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც იმავე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც არ აქვთ დიდი, რეგიონში დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე და საქართველოს - პირიქით. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართველი საზოგადოება ამ მიზეზებში უკვე რამდენიმე თვეა ან წელიწადია გაერკვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა კითხვას ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი „დათბობა“ დამოკიდებულია „სწორ განწყობებზე“.

ურთიერთობების დათბობა დამოკიდებულია სწორ განწყობებზე. ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში, რაც უფრო მეტი სწორი შეფასება იქნება, რაც უფრო მეტი სწორი დამოკიდებულება იქნება, მათ შორის, ომის, მეორე ფრონტის და ა.შ მიმართ და რაც უფრო სწორი საგარეო პოლიტიკა იქნება, ამ შემთხვევაში უფრო დალაგდება ურთიერთობები. განსაკუთრებით ისეთი სწორი [საგარეო პოლიტიკა], როგორიც საქართველოს აწყობს, იმიტომ, რომ სწორი სუბიექტური შეიძლება იყოს. ეს ჩვენ წარმოგვიდგენია უკრაინაში ომის დამთავრების პირობებში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ უპასუხა კითხვას, რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.

მისივე განმარტებით, არ შეხვედრას კონკრეტული მიზეზები აქვს და სურვილის შემთხვევაში, ივანიშვილი განმარტავს ამ მიზეზებს.

რა თქმა უნდა, ამის კონკრეტული მიზეზები არსებობს და თუ ამის სურვილი ექნება, ბატონი ბიძინა ამაზე ისაუბრებს. ეს მისი გადასაწყვეტია და პერსონალურად მას ეხება. რა ვიცი, რამდენი კონგრესმენი და სენატორი ჩამოვა, ბიძინა ივანიშვილი მაინც და მაინც ყველას რატომ უნდა შეხვდეს? რა ვალდებულებაა? არანაირი ვალდებულება არ აქვს.

თქვენ გიწევთ აი ასეთ პატარა, სულელურ, უკაცრავად ჩემი შეფასებისთვის, დეტალებზე ჩაბღაუჭება. ამაზე ნარატივებს აგებთ, მაგრამ სინამდვილეში აქ დიდი ამბავია. აქ ჩვენ სხვა გამოწვევასთან გვაქვს საქმე. გვაკრიტიკებენ იმაზე, რაზეც არ უნდა გვაკრიტიკებდნენ. გვაბრალებენ დეზინფორმაციას დეზინფორმაციულად. გვაბრალებენ, თითქოს აშშ-ს ვეძახით გლობალური ომის პარტიას.

ამიტომ, უნდა ვიფიქროთ ამას რა მიზეზები აქვს. ამას ისაუბრებს თავად ბატონი ბიძინა, თუ ამის სურვილი ექნება. საინტერესო იცით რა არის? ცოცხლები რომ გადავრჩით და ამ ქვეყანაში ომი არ არის. სინამდვილეში, გამოწვევის წინაშე ვართ, რომ ფიზიკურად და სულიერად გადარჩეს ეს ქვეყანა. სინამდვილეში, შაჰინი გუშინ მხარს გიჭერდა და დღეს აღარ გიჭერს, ბატონი ბიძინა როდის იტყვის რატომ არ შეხვდა - ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანია რეალურ ინტერესთან და გამოწვევასთან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.