პუბლიკაციები
გიგა ლორთქიფანიძე: „ასწლეულებიც არ ეყოფა, რომ ქართველები ამერიკული კულტურისადმი ისეთი სიყვარულით განიმსჭვალონ, რუსული კულტურისა და რუსული სულისადმი რომ განიცდიდნენ!“

analit_gigaქართველები რომ ძალიან ემოციური ხალხია, დღეს ყველამ იცის.ზოგიერთი ამ ემოციურობას კიცხავს კიდეც და საქციელის ცივილიზებულევროპულ სტილთანშეუსაბამო აღმოსავლური ხასიათის მანიშნებლად მიაჩნია. ამავე დროს, მათ, ვინც ქართულ თეატრალურ ხელოვნებას იცნობს, ესმით, რომ ასეთი საოცრება მხოლოდ უაღრესად ემოციურ ხალხს შეუძლია, რომლისთვისაც ცხოვრება სცენაა, ხოლო სცენაცხოვრება!

არსებობს თუ არა ზღვარი თეატრსა და ცხოვრებას შორის? – ვკითხე საქინფორმის დღევანდელ სტუმარს, სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, შოთა რუსთაველის, სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატსა და სსრ კავშირი სახალხო არტისტს, საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს – გიგა ლორთქიფანიძეს. 

ბატონო გიგა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და გარდამტეხ მომენტებში თქვენ განზე არ იდექით, თეატრიდან პოლიტიკაში, როგორც დღეს მოდურად იქცა, თქვენ არასოდესწასულხართ“.

თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები, რომელთათეატრალური ტალანტი“, ალბათ, თავად სტანისლავსკისაც გააკვირვებდა, ამ ბოლო ხანს აშკარად აჭარბებენროგორ ფიქრობთ, რა ხდება დღეს სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის?

– მუდმივ ორმხრივ შეცდომებს აქვს ადგილი, თუმცა ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ჩვენი შეცდომები გაცილებით მტკივნეულია – ჩემს ხალხსა და ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას ნაკლები შეცდომები უნდა მოსდიოდეთ, რადგან, როგორც ვხედავთ, ამ შეცდომებს აბსოლუტურად კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ. იმ ტრაგიკულ წინააღმდეგობებში, რომლებსაც ვხედავთ, ორივე მხარეა დამნაშავე: რუსეთიცა და საქართველოც! პოლიტიკოსები ბრძნულად უნდა იქცეოდნენ და ორმაგ სტანდარტებს არ უნდა უშვებდნენ – მაგალითად, რუსეთს მიაჩნია, რომ ჩეჩნეთი მისი ტერიტორიაა და იქ ისე იქცევა, როგორც მოეპრიანება. ამავე დროს, სრულებით არ ესმის ჩვენი პრობლემები აფხაზეთში, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია... ვფიქრობ, ეს ძალზე უარყოფით როლს თამაშობს არა მარტო ჩვენ, არამედ აფხაზების მიმართაც, რადგან ასე, შესაძლოა, ამ პატარა ხალხმა სრულებით დაკარგოს საკუთარი სახე. დიდმა რუსეთმა უნდა შეგვარიგოს, ქართველი ხალხი იმსახურებს უფრო რბილ და ტაქტიკურ დამოკიდებულებას მისი ეროვნული სიამაყისადმი, რომელიც ზოგჯერ, ალბათ, გაზვიადებულია, მაგრამ ნებისმიერი პატარა ხალხის თავისებურებას წარმოადგენს. ჩვენ კი პატარა და ემოციური, თუმცა მაღალი კულტურის ხალხი ვართ: ფენომენალური თეატრალური კულტურისა, კინოს, ლიტერატურის, პოეზიის კულტურისა...

ბატონო გიგა, ცნობილია, რომ ხელოვნება საზოგადოებრივი თვითშეგნების ერთ-ერთი ფორმაა. და თუ რუსული ხელოვნება და კულტურა, რომლის მეშვეობითაც რუსი საზოგადოება თვითიდენტიფიკაციას ახდენს, ამდენად გასაგები და საყვარელია საქართველოში და, პირიქით, უნდა გამოუძებნონ თუ არა ამ ხალხებმა, ამ მართლმადიდებელმა სახელმწიფოებმარუსეთმა და საქართველომალტერნატივა, ხაზს ვუსვამალტერნატივა, თავიანთ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლობას; მართალია არა დაბრკოლებების გარეშე, მაგრამ უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებულ ერთიანობას?! განა უკეთესი არაა, ძალისხმევა იქით მიმართონ, რომ ძმურად გაარკვიონ, ვინ როდისითამაშა ყალბადდა მეგობრულად გამოასწორონ ესხარვეზი“?

– აგერ, თავადაც ბრწყინვალედ უპასუხეთ თქვენს შეკითხვას: დიახ, რასაკვირველია, საუკუნოვანი ურთიერთობები სრულებით უშეცდომო ვერ იქნება, ხოლო ისინი ჩვენ შორის, სამწუხაროდ, მრავლად დაგროვდა, მაგრამ შეცდომები ოჯახშიც მისდით, მათ გამო ხომ არ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები მტრობად განვიხლოთ?!

ერთ მაგალითს მოვიყვან: როცა ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს, მისმა ახლო მეგობარმა ბორის პასტერნაკმა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“გამომცემელს წერილი მისწერა, სადაც სთხოვა, ქართველი პოეტების მისეული თარგმანისთვის კუთვნილი 17.000 რუბლი (იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა) ტიციან ტაბიძის ქალიშვილისთვის – ნინო ტაბიძისთვის, გადაეცა, ოღონდ ისე, რომ მას არ სცოდნოდა, ვისგან იყო ეს ფული და ჰგონებოდა, რომ ეს მამამისის ლექსების დაგვიანებული ჰონორარი იყო. სხვაგვარად ფულს არ აიღებდა! ეს საიდუმლო პასტერნაკის გარდაცვალებამდე არ გამჟღავნებულა... მაშ, თუ არა ძმობა, სხვა რა აკავშირებდა ამ ადამიანებს – დიდ პოეტებს?!

რაც შემეხება მე – ისევე, როგორც ქართველი ინტელიგენციის მრავალი თაობა, რუსულ კულტურასა და ლიტერატურაზე ვარ აღზრდილი. ბებიაჩემი, სილამაზით განთქმული თავადისქალი ანა მიქელაძე საქართველოში იმ დროისათვის ძალზე გავლენიანი, ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოის თაყვანისმცემელთა და იდეური მიმდევართა საზოგადოების წევრი გახლდათ. თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი პირველი მასსწავლებელი იყო სახელგანთქმული რეჟისორი გიორგი ალექსანდრეს ძე ტოვსტონოგოვი – რუსულ-ქართული კულტურული ურთიერკავშირების ცოცხალი ხორცშესხმა. შემდგომ, გიტის-ში ჩემი მასწავლებლები იყვნენ რუსული თეატრის არაჩვეულებრივი ოსტატები: გენიალური რეჟისორი ალექსეი დიმიტრის ძე პოპოვი და გენიალური პედაგოგი მარია იოსების ასული კნებელი, რომელმაც ნამდვილი რუსი – ლიბერალური, „ჩეხოვის“ ინტელიგენციის მიმართ, რომლისთვისაც სავსებით უცხო იყო ნაციონალური განწყობა და ნებისმიერი შოვინიზმი: გინდაც დიადრუსული და გინდაც – ქართული, უსაზღვრო პატივისცემა ჩამინერგა!

ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გარეშე, რომლებიც ყოველთვის ურთიერთგამამდიდრებელი იყო! მაგალითად, ტოვსტონოგოვის სპექტაკლებში ერთდროულად იგრძნობოდა მხატვრული თეატრის უდიდესი სკოლა და გენიალური ქართველი რეჟისორის – სანდრო ახმეტელის, გავლენა: უმძიმეს 1948 წელს (როცა სსრკ-ში მასობრივი წმენდები და „კოსმოპოლიტიზმთან“ ბრძოლა დაიწყო!) დიდ დრამატულ თეატრში ტოვსტონოგოვის კაბინეტში შევედი და კედელზე სამი პორტრეტი დავინახე: სტანისლავსკის, მეიერჰოლდისა და ახმეტელის, რაც იმხანად დაპატიმრების ტოლფასი იყო! რა გვაკავშირებს ჩვენ, თეატრის რეჟისორებს სტანისლავსკის, ნემიროვიცის, ტაიროვის, ვახტანგოვის, ტოვსტონოგოვის, ეფროსის, ეფრემოვის შედევრებთან? რა აკავშირებთ ვგიკ-ში, რომთან და გერასიმოვთან აღზრდილ გამოჩენილ ქართველ რეჟისორებს – თენგიზ აბულაძეს, რეზო ჩხეიძეს, ძმებ შენგელაიებს, მერაბ კოკოჩაშვილს რუსულ კინემატოგრაფთან?! რატომ იყო, რომ რუსეთში ჭაბუა ამირეჯიბის რომანის მიხედვით გადაღებული ჩემი ფილმის – „დათა თუთაშხიას“, ტრიუმფალური ჩვენებისას მოსკოველი ტაქსის მძღოლები გეგმას საკუთარი ჯიბიდან ავსებდნენ, ოღონდ კინოსეანსზე მოხვედრილიყვნენ?! ამ ფილმში ხომ არაფერი იყო რუსეთ-საქართველოს მეგობრობასა და ძმობაზე... საქმე ისაა, რომ ჩვენ, რუსებსა და ქართველებს, ერთნაირი, მუდამ ჰუმანური იდეალები გვაქვს, ლევ ტოლსტოისა და ჩვენი თანამედროვე კლასიკოსის – ჭაბუა ამირეჯიბის, იდეალები, მათი თვალსაზრისი ადამიანის დანიშნულებაზე პრაქტიკულად ემთხვევა და მათი ერთმანეთისგან მოკვეთა ყველაზე უფრო დიდი საშინელებაა, რაც კი შეიძლება მოხდეს!

ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი მთელ მსოფლიოში მუდამ თავიანთი ხალხის კერპები არიან! თქვენ ეამაყებით და გისმენენ.

საინტერესოა, როგორ ხედავენ თქვენი კოლეგები ჩვენი ხალხებისთვის შეუფერებელი, არსებული სიტუაციიდან გამოსავალსა და თავის როლს ამაში?

– სხვადასხვა წინააღმდეგობის წარმოქმნის პირველსავე დღეებში მოსკოვში ჩავდიოდი, რუსული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეეებთან შეხვედრებსა და კონფერენციებს ვაწყობდი. ჩემს უახლოეს მეგობრებს – ცნობილ მსახიობსა და რეჟისორ ოლეგ ეფრემოვს და არაჩვეულებრივ მსახიობ კირილ ლავროვს, რომელიც ჩემთვის – არა ბღენძი, არამედ ჭეშმარიტი სახალხო რუსული ინტელიგენტობის მაგალითია (ვის ამქვეყნიდან წასვლასაც დღემდე ვერ შევგუებივარ!), სახელგანთქმულ რუს და საბჭოთა რეჟისორს, ჩემს თანაკურსელ ანატოლი ეფროსს, ცნობილ მსახიობსა და რეჟისორ მიხეილ ულიანოვს, ვისთან ერთადაც პარალელურად ვსწავლობდი (მე – გიტის-ში, ის – ვახტანგოვის სკოლაში), არაერთხელ მიუმართავთ თავიანთი მთავრობისათვის, ხელი მოაწერეს ათასგვარ პეტიციას, სადაც საქართველოსადმი ამგვარ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ, თუმცა, ეტყობა, ეს მობეზრდათ... ჯერ ერთი, რომ ამას შედეგი არ გამოუღია, მეორეც, ურთიერთობები შემდგომ იმდენად დაიძაბა, რომ ჩარევა უკვე გაუძნელდათ... ამასთან, თაობა, რომელზეც ვლაპარაკობ, თანდათანობით მიდის და ყველაზე დიდი საშინელებაა, რომ რუსეთის ახალგაზრდა თაობამ არ იცის, რა არის საქართველო, ხოლო საქართველოში იზრდება თაობა, რომელმაც რუსული ენაც კი არ იცის!

კაცმა, რომელსაც ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჩეხოვი ორიგინალში არ წაუკითხავს, საეჭვოა, ეს დიადი ლიტერატურა, რომელიც, სხვათა შორის, მეფისა და საბჭოთა ხელისუფლების ხანაშიც დისიდენტური იყო, თარგმანში გაიგოს! ასწლეულები არ ეყოფა, რომ ქართველები ამერიკული კულტურისადმი იმგვარივე სიყვარულით განიმსჭვალონ, როგორსაც რუსული კულტურისა და რუსული სულისადმი განიცდიდნენ!

P. S. „ნუ გეშინია მტრების, უარეს შემთხვევაში, მათ შეიძლება მოგკლან, ნუ გეშინია მეგობრების – უარეს შემთხვევაში, მათ შეიძლება გიღალატონ. გეშინოდეს გულგრილი ადამიანების – ისინი არც კლავენ და არც ღალატობენ, მაგრამ მათი მდუმარე თანხმობით არსებობს დედამიწაზე ღალატი და მკვლელობა“, – სამართლიანად შენიშნა ერთხელ ამერიკელმა პოეტმა რიჩარდ ებერჰარტმა.

მაშ, ეგებ ემოციურობა ცუდი სულაც არ არის? ყოველ შემთხვევაში, გულგრილობას სჯობს... შეცდომების აღიარებას კი გამბედაობა სჭირდება. და გამოსწორება!

 

ესაუბრა არჩილ იმერელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“