პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევის ინტერვიუ (სოჭი, 2011 წლის 4 აგვისტო)

dmitrii_medvedev1კოტრიკაძე ე. ბ.: დიდი მადლობა, დიმიტრი ანატოლის ძევ, იმისათვის, რომ ჩვენს, მათ შორის, ქართული ტელეარხი „ПИК“-ის შეკითხვებზე პასუხის გაცემას დათანხმდით.

2008 წლის აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი, ეს სამი წლის წინათ მოხდა, თუმცა მისი შედეგები დღემდე ერთობ ხელშესახებია, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა. ახლა სოჭში ვიმყოფებით, აქედან საქართველო სულ რამდენიმე კილომეტრშია, აფხაზეთამდე ერთი ხელის გაწვდენაა, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა არ შემიძლია, რადგან იქ, უბრალოდ, არ შემიშვებენ, მე ქართველი ვარ და რუსი მესაზღვრეები არ გამიშვებენ. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა 500 ათასი დევნილი, რომლებსაც საკუთარ სახლში მოხვედრა არ შეუძლიათ.

დიმიტრი ანატოლის ძევ, რით შეგიძლიათ მათი დახმარება?

მედვედევი დ. ა.: ვფიქრობ, მათი დახმარება შესაძლებელია, თუმცა ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა, მშვიდობა დამყარდეს და აფხაზებს, ქართველებს, ოსებს ნორმალური, სრულფასოვანი დიალოგის გამართვა შეეძლოთ. მაშინ ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტა შეიძლება: დევნილების, იქ ჩასვლის, ჩაფრენის, რადგან ეს ყველაფერი დანამატია იმ კონფლიქტისა, რომელიც, სამწუხაროდ, 2008 წელს ამავე თარიღებში მოხდა.

ამიტომ ნორმალური დიპლომატიური მუშაობა, მოლაპარაკებები და ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობა – აი, რა არის საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად. და, რაღა თქმა უნდა, ამას დამატებული, რეალიების აღიარება, იმ რეალიებისა, რომლებიც რეგიონში 2008 წელს მომხდარი ავანტიურის შედეგად ჩამოყალიბდა.

კოტრიკაძე ე. ბ.: მაშინ, მოდი, 2008 წლის მოვლენებს დავუბრუნდეთ. იმჟამად, 2008 წელს, თქვენ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდით პეტერბურგში. მაშინ თბილისსა და მოსკოვში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მიღწეულ იქნა რაღაც კონსენსუსი და რომ ეს კონფლიქტი „ცხელ წერტილამდე“ არ მივიდოდა. ასეთი განცდა იყო, ვიმეორებ, მოსკოვშიც და თბილისშიც. შეგიძლიათ, გვიამბოთ, შეუთანხმდით თუ არა მაშინ რაიმეზე საქართველოს პრეზიდენტს?

მედვედევი დ. ა.: იცით, ეკატერინე, მეც ასეთივე განცდა მქონდა. დღემდე მახსოვს, როგორ შევხვდი პირველად პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს პეტერბურგში მოხდა, კონსტანტინეს სასახლეში შევხვდით. ის მოვიდა, მე კი ასეთი რამ ვუთხარი: „იცით, ამჟამად რეგიონში, საქართველოში, უღიარებელ ტერიტორიულ წარმონაქმნებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა. თუმცა გარწმუნებთ, რომ მე, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ თქვენ ყველასათვის ხელსაყრელი რაიმე კომპრომისის გამოძებნას შეეცადოთ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს სივრცის რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს“. სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი. თუკი, რასაკვირველია, ყველასათვის, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ეს მიმზიდველი იქნება-მეთქი. ამაზე მომიგო: „დიახ, რასაკვირველია, ჩვენ მუშაობისთვის მზად ვართ“. და მეც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებელია ახალი გვერდის გადაშლა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, რაიმე ახალი, არასტანდარტული მიდგომების გამოძებნა მაინც და, რაც მთავარია, რეგულარულად ურთიერთობა.

შემდეგ რა მოხდა? ჩვენ ვურთიერთობდით, ვსაუბრობდით, და რამდენადაც მახსოვს, ჩვენი ბოლო შეხვედრა ასტანაში შედგა. და რას გულისხმობდა იგი? მაშინ შევთანხმდით, რომ დავსხდებოდით და სერიოზულად მოვილაპარაკებდით. სად? აი აქ, სოჭში. ვუთხარი: „სოჭში ჩამობრძანდით, ყველა პრობლემაზე მშვიდად ვისაუბრებთ“; რაკი მან რაღაც თავისი სირთულეებისა თუ სიტუაციის მისებური ხედვის ჩამოთვლა დაიწყო, მე კი რუსეთისეული ხედვა გავუზიარე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ასტანის წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე ხდებოდა, ვუთხარი: „ჩამობრძანდით რუსეთში“. მან მიპასუხა: „კარგი, მზად ვარ ამისათვის“.

სიმართლე გითხრათ, ამის შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ვამოწმებდი, ჩვენი ქართველი პარტნიორისგან რაიმე ინფორმაცია იყო თუ არა. არ ყოფილა. სამაგიეროდ, საქართველოში