საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინული მხარე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება.
ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართული ოცნების” პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.
interpressnews.ge