საქართველო, 2 ოტომბერი, საქინფორმი. ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია.
„ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. პოლონეთში ჩემი ბოლო ვიზიტიდან თითქმის ორი წელი გავიდა. საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას. ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა ამ ევროპულ გზაზე საქართველოს ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა, ყოველ ამ ეტაპზე, პოლონეთი, პოლონეთის ხალხი და პოლონეთის ხელისუფლება იყო საქართველოს გვერდით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემგან და საქართველოს მოსახლეობისგან, რომელმაც იცის, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მეგობარია.
ამჯერად, ვარშავაში ჩემი ვიზიტი მაშინ ტარდება, როცა ჩვენ ყველა გარდამტეხ დროსა და ეპოქაში ვიმყოფებით. ეს მომენტი გარდამტეხია მსოფლიოსთვის, კიდევ უფრო ევროპისა და საქართველოსთვის. ევროპის შუაგულში უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია მიმდინარეობს, ომი უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 951 დღე (თუ არ ვცდები) და ეს ის დღეებია, როცა რუსეთმა ვერ შეძლო და ვერ შეარყია უკრაინელების მხნე ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ის, რაც რუსეთს ეგონა იქნებოდა მოკლე კამპანია (3 დღიანი თუ არ ვცდები) გაგრძელდა და დღემდე რუსეთმა ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, ამ დროს აღმოჩნდა თუ როგორია უკრაინის მიმართ ევროპის, დასავლეთის სოლიდარობა, რასაც ასევე არ ელოდება რუსეთი.
ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია.
ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში.
მე დღეს მონაწილეობა მივიღე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასვე ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებზე იყო მსჯელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისთვის დიდი პატივია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.