საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ჩასვლას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ანჯეი დუდამ პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პოლონური მედია წერს, დუდამ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მითხრა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, არამედ არჩევნების შედეგები ბევრ დონეზე დამახინჯდა. საქართველოს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის სიახლოვეს, ის რუსეთს ესაზღვრება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ბრძოლა. რუსეთს ამ ადგილის მიტაცება სურს“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის დასადგენად აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოში გამართულ არჩევნებში, დუდა პასუხობს: „პრეზიდენტს ეს მკაფიოდ არ უთქვამს, რადგანაც ამის მკაფიო მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მოდი, ვთქვათ, რაღაც თვალსაზრისით პრორუსული ძალები… ნუ მოვიტყუებთ თავს“.