აქტუალური
აშშ ადასტურებს „ძლიერ მხარდაჭერას“ საქართველოს ომიდან სამი წლისთავზე

usaაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აგვისტოს ომიდან სამი წლისთავზე ადასტურებს რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ძლიერ მხარდაჭერას“, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა იმ ტერიტორიებზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 8 აგვისტოს ბრიფინგზე.

„ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ კონსტრუქციული ჩართულობა ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე ეს საშუალება და მექანიზმი რეგიონში მეტი სტაბილურობის ხელშეწყობას დაეხმარება“, – აღნიშნა მან.

მარკ ტონერმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ღირებულ“ როლს სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და განაცხადა: „ვწუხვართ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აქვს დაშვება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს“.

 

საქინფორმი