საზოგადოება
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიას ინიციატივა არის გზა, როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ნიკა გვარამიას ინიციატივა არის გზა, როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ სწორი მოთხოვნაა ჩამოსაყალიბებელი, მერე ამ მოთხოვნით არის ხალხი ქუჩაში გამოსაყვანი.

ეს ინიციატივა არის გზა, როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში. ააყროლო იქაურობა, გადაიმტერო მოსახლეობა და მერე უბრალოდ სხვას დააბრალო, რომ ხალხი არ მოგყვა ამ ბრძნულ გეგმაში, თორემ „ქოცებს“ დაამხობდი. მე და სანდროს ოფისში კამათი გვაქვს და ვარკვევთ, მოსყიდულები არიან თუ სულელები. ამაზე პასუხის გაცემა რთულია. ოფისშიც განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ამ ორს არ გასცდება, ან სულელები არიან, ან მოსყიდულები.

ოპოზიცია რამეს თუ აპირებს საერთოდ, სხვა რამეა გასაკეთებელი და არა კარვების დადგმა რუსთაველზე ან ლეიბების გაფენა. პირველ რიგში, ბევრი ადამიანისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის სათქმელი და დასამტკიცებელია, რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა. ჯერ სწორი მოთხოვნაა ჩამოსაყალიბებელი, მერე ამ მოთხოვნით არის ხალხი ქუჩაში გამოსაყვანი. სწორი მოთხოვნით ხალხი ქუჩაში თუ გამოვიდა, მათთან ერთად არის გადასაწყვეტი, რას აკეთებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქმომხმარებლებს მიმართა, რომ კარვები მიაწოდონ.