საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, რამენაირად ისე გავატაროთ ეს დრო, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ მის ჭორაობებს საკუთარ ქვეყანაზე. ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ქალბატონი სალომე ისეთ ტყუილებს ამბობს და წერს, მათ შორის, სოციალურ ქსელში, რომ ეს მცირე, პატარა ტყუილი რამენაირად ნაკლები არის იმასთან შედარებით, რასაც ის აკეთებს. გამოვიდა პირდაპირ ტელევიზიით უცხოურ მედიაში და თქვა, საქართველოში არჩევნები რუსეთმა ჩაატარო და როდესაც მას პროკურატურამ სთხოვა, მოდით ერთი, და მოგვიტანეთ, აბა, რატომ ფიქრობთ ასე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, და როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმაც მოუწოდა, მიდით პროკურატურაში და წარადგინეთო, გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ მტკიცებულებებს როგორ მთხოვთო, პატარა ჭორაობა აღარ მაპატიოთ საკუთარ ქვეყანაზეო. ასეთი დამოკიდებულება აქვს ქალბატონ სალომეს და რა ვუყოთ, ჩვენ ამას ვხედავთ, უკვე გარკვეული პერიოდია. ერთადერთი ნუგეში, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ის რამდენიმე დღე, რაც აქვს დარჩენილი თანამდებობაზე, რამენაირად ისე გავატაროთ, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ამ ფაქტორს და შემდეგ ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ღირსეულად შეასრულებს ამ ფუნქციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, „ენჯეოების“, რადიკალური ოპოზიციის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის ხელშეწყობით, წაქეზებითა და დახმარებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის აღმოფხვრას გარკვეული დრო დასჭირდება.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება. სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა ინსტიტუტს თავზეხელაღებული ქცევით, როგორიც არცერთ პრეზიდენტს არ მიუყენებია. დაიგულა თავი „ნაციონალური მოძრაობისგან“ და უცხოელებისგან, რომ მათი მხრიდან კონსტიტუციურად დაუსჯელი იქნებოდა, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 2/3-ს ბლოკავდა და ფაქტობრივად ყველაფერზე წავიდა, რაზეც კი შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელს იღებს კონსტიტუციაზე და საკუთარ ფიცზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.