პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს საზოგადოებას, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ეს ადამიანები არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ მოქმედებენ ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით, როგორც თავის დროზე, ზუსტად ერთი საუკუნის წინ მოქმედებდნენ ბოლშევიკები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს.

ეს არის საწინააღმდეგო აზრის, პოლემიკის არდაშვება. უხეში აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს. ეს არის, მათ შორის, ტელევიზიებში შეჭრა. თქვენ გაიხსენეთ ალბათ მათი ხელწერა, როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს მათი ხელწერაა, მათ გაიმეორეს მინი ფორმებში ის, რაც გააკეთეს, თავის დროზე, 7 ნოემბერს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“. ზუსტად იმის მცირე ანალოგი იყო, უბრალოდ, აღარ აქვთ საშუალება, გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს 7 ნოემბერს. მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც ასე ცდილობდნენ ზოგიერთები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც აკეთებენ ახლა, ამ ფორმით, მცირე ფორმით, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ იმავე ფორმით, რა ფორმებსაც 2007 წლის 7 ნოემბერს იყენებდნენ. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალებას არასდროს არავინ მისცემს. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა რევოლუციის მოწყობის სამი მცდელობა უცხოური დაფინანსებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს. საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.