საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა პირებს.
„ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ძალაში შევა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს სანქციები დაუწესდება საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის, რომელიც საქართველოს პუტინს აბარებს. უკრაინამ სანქციები დააწესა პირადად ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების – 19 პირის წინააღმდეგ. სწორედ მათ, ვინც ყიდის საქართველოსა და ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, მსოფლიოში ყველას, იმოქმედოს ანალოგიურად, იმოქმედოს პრინციპულად“, – ამბობს ზელენსკი თავის მიმართვაში.
ზელენსკის თქმით, დაგვიანებული ან არაპრინციპული ქმედებების შემდეგ, შესაძლოა, იყოს დაკარგული ათწლეულები და ქვეყნები, რომლებსაც წართმეული აქვთ თავისუფლება.
„არ შეიძლება არავის დაკარგვა ამ რეგიონში – არც საქართველოს, არც მოლდოვის, არც უკრაინის“, – აღნიშნავს ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები უწესდებათ შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, ჩინჩალაძე მიხეილი, ვახტანგ გომელაური, მდინარაძე მამუკა, ფარცხალაძე ოთარი, რუხაძე ირაკლი, მურუსიძე ლევანი, ჯაფარიძე ვიქტორი, სამხარაძე დიმიტრი, ხაინდრავა გიორგი, კობახიძე ირაკლი, კობახიძე გიორგი, შალამბერიძე ზვიადი, თადუმაძე შალვა, წულუკიანი თეა, ქარსელაძე ირაკლი, ბექაური კახა.სიაში შეყვანილ პირებს ათი წლით გაეყინებათ უკრაინაში არსებული ფინანსური აქტივები, აეკრძალებათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება, შეეზღუდებათ უკრაინაში ჩასვლა, გაუუქმდებათ ვიზები, აეკრძალებათ უკრაინაში ქონებისა და მიწის შესყიდვა.
1tv.ge