პოლიტიკა
სოფიო ხორგუანი: „ხელისუფლება დასავლეთს აშანტაჟებს და რუსულ ორბიტაზე გადასვლით ემუქრება“

asofia„ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ლონდონის, ვარშავისა და ნიუ იორკის ბირჟებზე საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის სააქციო პაკეტის განთავსება იგეგმება. ხორგუანის თქმით, ამ შემთხვევაში, ლაპარაკია მინორატულ აქციებზე, რომელთა მფლობელებსაც არ ექნებათ კომპანიის მართვაში პირდაპირი ჩარევის უფლება, მაგრამ „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი არ გამორიცხავს, რომ მინორატული აქციების 25%-ის გატანა მომავალშიც მოხდეს და საკონტროლო პაკეტი თანდათანობით ერთ ხელში აღმოჩნდეს.

„ძალიან არადამაჯერებელია ხელისუფლების განმარტება, რომ ლონდონის, ვარშავისა და ნიუ იორკის ბირჟებზე მაგისტრალური გაზსადენის აქციების გატანის მიზანი თითქოს მათი ფასის დადგენაა. ამის გაკეთება სხვა გზითაც შეიძლება. სინამდვილეში, ამ ქმედებით ხელისუფლება ადასტურებს, რომ ფინანსურ კრიზისს განიცდის და დამატებითი სახსრები ესაჭიროება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კეთდება ყოველივე ეს“, – აცხადებს ხორგუანი.

ამასთან, ის შეახსენებს  საზოგადოებას, რომ როცა რამდენიმე წლის წინათ სააკაშვილის ხელისუფლებამ ანალოგიური სურვილი ხმამაღლა გამოხატა, დასავლეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა და ამ წინააღმდეგობის გამო, კონკრეტული ქმედებებისგან თავი შეიკავა. „დღეს კი ხელისუფლება ამ განცხადებით აშანტაჟებს დასავლეთს და ეუბნება – თუ არ გინდათ, რომ მაგისტრალური გაზსადენის აქციები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდეს, მაშინ ეს აქციები თავად შეიძინეთ“, – აცხადებს „ქართული პარტიის“ წევრი, რომლის მტკიცებით, სააკაშვილის ხელისუფლებას ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება ფული ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

საქინფორმი