ბატონო ირაკლი!
ჩემი საზღვარგარეთელი კოლეგები თვლიან, რომ კრიზისის პიკი საქართველოში უკვე გავლილია, რასაც ნაწილობრივად ვეთანხმები - ქვეყანაში მოხდა ლუსტრაცია და ქართველი საზოგადოება გაიყო ორ საპირისპირო მხარედ, დღეს უკვე გვარ-სახელით შეგვიძლია დავასახელოთ ხელისუფლების მტრები. რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე „დიფ სთეითი“ - ჩინოვნიკთა, ბიზნესმენთა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ფარული დასი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს სახელმწიფოში საკუთარი, ან/და გარე ძალების ინტერესთა გასატარებლად. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოში „დიფ სთეითი“, მისი კლასიკური გაგებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა - რად ღირს მარტო ორივე პრეზიდენტი, ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ორი ვიცე-სპიკერი, ორიც - თავდაცვის ექს-მინისტრი, ათეულობით ნადეპუტატარი, „ექსპერტი“, ჟურნალისტი, ბიზნესმენი და თაღლითი ბანკირი. დარწმუნებული ხართ, რომ დღესაც ყველა მოქმედი თანამდებობის პირი და დეპუტატი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზურგს უკან შეთქმულებებს არ ხლართავს?
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
თქვენ, მართალია, არ გსურთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, რაკიღა მან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. რუსეთის უშველებელ, ქართული პროდუქციისთვის ტრადიციულ ბაზარზე ჯიბეს ისქელებენ ოპოზიციის დამფინანსებელი უმსხვილესი ქართული კომპანიებიც კი. ნიშანდობლივია ისიც, რომ, სააკაშვილის „წყალობით“, რუსული კომპანიების განკარგულებაშია ქართული ეკონომიკის არაერთი სტრატეგიული ობიექტი; მილიონობით რუსი ტურისტი ავსებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხოლო ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან — ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს.
თქვენ არ გსურთ, დათანხმდეთ არსებულ შეთავაზებებს და შექმნათ ერთგვარი წინაპირობა ოფიციალურ მოსკოვთან მოსამზადებელი კონტაქტებისათვის, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ გაიწვევს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. არადა, ამისთვის დღეს ბრწყინვალე შესაძლებლობა გაგაჩნიათ და კარგად გესმით, რომ კრემლთან მოლაპარაკებების მთავარი საგანი სწორედაც რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. თანაც საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი — აზერბაიჯანი, ჩინეთი, თუ ირანი — რუსეთის სტრატეგიული პარტნიორებიც არიან, ხოლო რუსეთის ყველა მტერი — ევროკავშირი, ნატო, უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ბაიდენის ამერიკა - იმავდროულად, საქართველოს აშკარა მოწინააღმდეგეებად ჩამოყალიბდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრემიერი გახარიას დროიდან დღემდე ათასობით ქართველსა თუ არაქართველს ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი იძულებული გახდნენ, დიქტატორული რეჟიმის მძვინვარების ჟამს წასულიყვნენ რუსეთში და მიეღოთ იქაური მოქალაქეობა, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, პატიოსანი შრომით ერჩინათ საქართველოში დარჩენილი ოჯახი, ახლეობლები, მოხუცი მშობლები. იმ ვაიქართველთაგან განსხვავებით, ვინც დასავლეთში ქურდობით გაგვიტეხეს სახელი!
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ისევე, როგორც ყველა არჩევნების დროს 12 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ არ გახსნა არცერთი საარჩევნო უბანი რუსეთის ფედერაციაში, რაკიღა მის მიერ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად იქნა გამოცხადებული. ამავე მიზეზით საქართველოსა და რუსეთს შორის სააკაშვილის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებიც დღემდე არ აღმდგარა. ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ და სამუშაოდ ჩასულ ათასობით საქართველოს მკვიდრს, ქართველსა თუ არაქართველს, ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება. არადა, ეს ამომრჩევლები უეჭველად დაუჭერდნენ მხარს „ქართულ ოცნებას“, რომელიც არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს უკვე არა 370 ათასით, არამედ 500 და მეტი ათასი ხმით გაუსწრებდა!
ისე კი, იცით თუ არა, ბატონო ირაკლი, რომ თურქეთში, რომელიც ოფიციალურად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აპირებენ, გახსნან საარჩევნო უბნები მიმდინარე წლის 15 თებერვალს აფხაზეთში დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩევნებისათვის“? ერთ-ერთი ასეთი უბნის გახსნა დაგეგმილია სოხუმთან დაძმობილებულ ქალაქ ადაფაზარში, რომელიც საქარიის პროვინციის ცენტრს წარმოადგენს და თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ოფიციალურმა ანკარამ უკვე მისცა თანხმობა აფხაზეთის „ცესკო“-ს ამ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ - რატომ აგვიანებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და თურქეთის ელჩის გამოძახება? იქნებ თურქეთმაც უკვე აღიარა „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა და თბილისში „ტყემალზე ზიან“?!
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
თქვენთვის, ცხადია, ცნობილია, რომ თურქეთი იწყებს სამსუნ-ტრაპიზონ-სარფის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც პრეზიდენტი ერდოღანის თქმით, უზრუნველყოფს გადაზიდვებს ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. ისიც საგულისხმოა, რომ აჭარიდან აფხაზეთამდე, სულ რაღაც, 100 კილომეტრია და, როგორც გავიგე, აღნიშნულ რკინიგზას დაემატება ქართულ-აფხაზური მონაკვეთი ადლერამდე, რომლის აღდგენაც თურქეთის ძალებით მოხდება, რადგანაც აფხაზეთის „პარლამენტს“ დღემდე არ მოუხდენია რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს რუსული კომპანიებისათვის უძრავი ქონების სფეროში.
ბატონო ირაკლი,
„თურქეთის წყალობით, აფხაზეთთან საქართველოსთან ინტეგრაციის“ მიმზიდველი თემა უკვე ხომ არ შემოაგდეს საქართველოს პარლამენტში, რათა თურქეთმა მიიღოს ნებართვა, გაიხსნას რკინიგზა ფსოუდან - ენგურამდე, რის ნებასაც საქართველო დღემდე არ რთავდა სომხეთს?. აფხაზებს ფრიად ხიბლავთ შესაძლებლობა, გაემგზავრონ ევროპაში თურქეთის გავლით, ხოლო თურქეთში მცხოვრებ 400 ათას აფხაზს, რომელმაც ისლამი მიიღო, ეხსნებათ გზა „ისტორიულ სამშობლოში“ დასაბრუნებლად. ამიტომ საკითხავია — ვიდრე საქართველო გაგულისებულია რუსეთზე, ხომ არ აღმოჩნდება აფხაზეთი თურქეთის ხელში?
იცით თუ არა, ბატონო ირაკლი, რომელ „პრეზიდენტობის კანდიდატს“ მისცემს ხმას ამ 400 ათასი მუსულმანი აფხაზის უმრავლესობა, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან და ბევრ მათგანს „აფხაზური პასპორტიც“ ჩაბარდა? დიახ, ისინი მხარს დაუჭერენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ადგურ არძინბას, რომელიც ადრე დე-ფაქტო ვიცე-პრემიერი, აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი იყო. თუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ იგი გახლდათ იმ პუტჩისტთა ჯგუფის თავკაცი, რომელმაც ასლან ბჟანიას ხელისუფლება დაამხო. გაუწონასწორებელ და ძალაუფლების მოსურნე ამ ხარბ ადამიანს, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები როგორც კრიმინალურ სამყაროსთან, ასევე მედასავლეთე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთანავე სძულს ქართველები და ყოველივე ქართული - „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვების შემთხვევაში, რაც წინასწარ გადაწყვეტილი ამბავია, ადგურ არძინბას შესაძლებლობა მიეცემა, ააგოს აფხაზებისთვის დაპირებული „დიდი აფხაზური კედელი“ მდინარე ენგურზე, რათა აფხაზეთი საქართველოსგან საბოლოოდ და საიმედოდ გამიჯნოს!
სეპარატისტი ადგურ არძინბას „არჩევნებში გამარჯვება“ განპირობებულია იმით, რომ მისმა სიმამრმა ალექსანდრე ჯინჯოლიამ ნოემბრის პუტჩი აფხაზეთში საკუთარი ჯიბიდან 300 ათასი დოლარით დააფინანსა. იყვნენ სხვა სპონსორებიც, მაგრამ ჯინჯოლია მათ შორის უმსხვილესია, რადგან ვიცე-პრეზიდენტად მის სიძესთან — ადგურ არძინბასთან გამწესდება ალექსანდრე ჯინჯოლიას ნათესავი ალხას „მასიკ“ ჯინჯოლია. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა ფლობდეს ამ ინფორმაციას და ისიც უნდა უწყოდეს, რომ ადგურ არძინბა, მისი მეუღლე ასტანდა ჯინჯოლია, სიმამრი ალექსანდრე ჯინჯოლია და მათი ოჯახის ყველა წევრი აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობის გარდა, შვეიცარიის მოქალაქეებადაც გვევლინებიან.
რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ რამდენიმე დღით დაიცვა „ვალდებულებათა ბალანსი“ და აფხაზეთს მყისიერად აღუდგინა როგორც სოცმუშაკებისთვის ხელფასების გადახდა, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება. ადგურ არძინბასა და მისნაირების გასახარად, რომლებიც აგრძელებდნენ მაინინგს, როცა აფხაზეთი წყვდიადში იყო ჩაფლული, ელექტროენერგია/წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა!
სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, 90-იანი წლების მსგავსად, დროებით ხომ არ დაგვეწესებინა თბილისში მკაცრი გრაფიკი ელექტროენერგიის მიწოდებაზე და ხომ არ აღგვედგინა ბარათები პურზე და კარაქზე, რათა გონებაარეულ ახალგაზრდობას, რომელსაც ოპოზიცია ვერაგულად იყენებს და პროვინციული ლიბერალ-ფაშიზმისკენ უბიძგებს, ეგრძნო, თუ რა მოელის საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში? გარწმუნებთ, რუსულ პურზე გაზრდილი ახალგაზრდა რუსოფობები, ერთ დღესაც ვერ გაძლებენ წყვდიადსა და სიცივეში, ნავთის და პურის რიგებში, რის შემდეგაც სამუდამოდ დაივიწყებენ ევროპას!
ეს კი ვიდეოკადრებია სოჭში არსებული ადგურ არძინბას ბინიდან საცხოვრებელ კომპლექს „ალექსანდრიის შუქურაში“. როგორ ფიქრობთ, არის იქ შუქი და წყალი? ცნობისათვის, არძინბას სიმამრს — ალექსანდრე ჯინჯოლიას უპირებდნენ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას „ანტიკონსტიტუციურ ქმედებათა პროვოცირებისა და წაქეზებისათვის“, მაგრამ, როგორც ამბობენ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შუადგომლობით, რუსეთის გენპროკურატურაში ამის შესახებ „დაივიწყეს“.
ბატონო ირაკლი!
ღია წერილი არ გახლავთ ტრაქტატი, ამიტომ შეუძლებელია და არც არის სასურველი, ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვიტანოთ. დასასრულ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ 300 წლის განმავლობაში — მე-16-მე-19 საუკუნეებში აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და მხოლოდ 1878 წელს, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, გადაეცა რუსეთს, ხოლო 1921 წელს — საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ავტონომიის უფლებით. ალბათ, არ ღირს პრეზიდენტი ერდოღანის 7 წლის წინანდელი სიტყვების უტრირება „თურქეთის ფიზიკური საზღვრების შესახებ, რომლებიც განსხვავდება ჩვენს გულებში არსებული საზღვრებისაგან“: „განა შეიძლება, განაცალკევო რიზე ბათუმისაგან? ბათუმი, სალონიკის, ალეპოსა და მოსულის მსგავსად, ყოველთვის ოსმანთა გულებშია!“. აკი, თურქეთის პრეზიდენტი წარმოშობით აჭარიდან გახლავთ, ხოლო მისი პაპის პაპა ბათუმის ორთა-ჯამეს მეჩეთის იმამი იყო... ასე რომ, თუ საქართველოში არეულობა დაიწყება, თურქეთს შეუძლია, გამოვიდეს 1921 წლის მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებიდან ამჟამად არარსებულ „РСФСР“-სთან და თურქეთის ჯარებმა თავისუფლად დაიკავონ ერდოღანისათვის ეგზომ მშობლიური აჭარა.
„2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თურქეთი მზად იყო, განეთავსებინა თავისი ჯარები აჭარაში, თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებდა რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, — განაცხადა 2009 წლის 3 მარტს „საქინფორმი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მაგრამ მას შესაძლოა, არ სცოდნოდა, რომ თურქეთმა იმ დღეებში მხოლოდ იმიტომ არ შეიყვანა ჯარები აჭარაში, რომ მოსკოვმა გააფრთხილა ანკარა, არ მოქცეულიყო ასე. და დღეს, თუკი ანკარაში შეამჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეტორტმანდა, თურქი სამხედროები სწრაფად დაამყარებენ წესრიგს საქართველოში და რუსთაველზე მოხეტიალე ტუტუცი ადგილობრივი ნეოფაშისტები, რომლებიც ქართული „მაიდნისათვის“ იღვწიან, ევროპის მაგივრად აღმოჩნდებიან თურქულ ვილაიეთში და დაჩქარებული წესით დაიწყებენ თურქული ენის შესწავლას. დანარჩენები ემიგრაციაში წავლენ, მსგავსად სალომეს წინაპარების - ქართველი მენშევიკებისა 1921 წელს.
პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 19 იანვარი
საქართველო, თბილისი