საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 27 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას მიყვება“ და ეტაპობრივად ხურავს არხს.
არხმა განაცხადა, რომ ოქუაშვილის დავალებით, მისი დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც „უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე“, რის გამოც „მთავარი არხი“ უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც „ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა“. ტელეკომპანია აცხადებს, რომ „ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის“.
„ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან “მთავარი არხის” გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც“, – აცხადებს ტელეკომპანია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაყიდვების სახლთან კონტრაქტის ამოწურვის გამო, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, ხოლო ჟურნალისტები ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრებიდან, ვინაიდან ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია.
„ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება “ქართული ოცნების” მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, – ნათქვამმია არხის განცხადებაში.
არხის ფინანსური სიძნელეებისა და მისი შესაძლო დახურვის შესახებ ხმები რამდენიმე თვეა ვრცელდება. მანამდე, 11 დეკემბერს, ბრიფინგზე „მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა: „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – დახუროს „მთავარი არხი“.
„მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ახალი ტელევიზიის დაარსების გეგმები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დატოვებიდან მალევე გამოაცხადა, როდესაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი 2019 წლის ივლისში თანამდებობიდან გაათავისუფლა.
2020 წლის მაისში „მთავარი არხის” მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, რადგან ის, მისი თქმით, არაა თავსებადი “პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ”. გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. მალევე ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია „ახალი“ დააარსა.