საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი.უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება დადოს, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„აშკარაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ძალიან იმედგაცრუებულია პრეზიდენტ ზელენსკით, იმ ფაქტი, რომ ის არ მოვიდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ არ ისურვა ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ვფიქრობ, ის საბოლოოდ მივა ამ წერტილამდე და იმედი მაქვს, ძალიან მალე. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ ჩვენს რუს კოლეგებს – და მინდა, ეს დღესაც ვთქვა – ფოკუსირებულია ბრძოლის შეჩერებასა და წინსვლაზე“, – განაცხადა უოლცმა.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა განმარტა, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია რამდენიმე საკითხში.
„პრეზიდენტ ზელენსკით ტრამპის იმედგაცრუება, როგორც თქვენ გაიგეთ, მრავალმხრივია. პირველ რიგში, საჭიროა იმის დაფასება, რაც ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირველი ვადის დროს გააკეთა და რაც მას შემდეგ გავაკეთეთ. ასე რომ, გარკვეული რიტორიკა კიევიდან და პრეზიდენტ ტრამპის შეურაცხყოფა მიუღებელია“, – განაცხადა უოლცმა.
ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება, უოლცმა უპასუხა: „ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. ის მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის ეს შეთანხმება“.
1tv.ge